ეკატერინე ბასილაია
28.02.2019

 საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა და ნატო-ს სწავლებებში აქტიურად ჩართვა მოსკოვის აღშფოთებას უფრო და უფრო იწვევს და კრემლიდან მუქარანარევმა გზავნილებმაც იმატა. მოსკოვმა თბილისს ღიად მიანიშნა, რომ პრობლემები „უკრაინაშიც ასე იწყებოდა".

თბილისში აცხადებენ, რომ ეს არის საგანგებოდ გამოშვებული მესიჯი, რუსული პროპაგანდის მორიგი ნაყოფი - დააშინონ საქართველოს მთავრობა და მანიპულაცია მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე.

„ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივა, ნატო-ს სამხედრო დასწრების ზრდა, ევროკავშირის უფრო გააქტიურება იწვევს რუსეთის გაღიზიანებას და ამიტომ ის ცდილობს საქართველოს დაშანტაჟებას... ეს არის საზოგადოებრივი აზრზე ერთგვარი მანიპულაციის, დაშინების, ძალის დემონსტრაციის საშუალება. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა იგეგმებოდა აბაშიძე-კარასინის შეხვედრა. რუსეთი ამით გარკვეულწილად ცდილობს, ინვესტორების დაშინებას, რომ საქართველო ეკონომიკის სხვადასხვა სექტროში ინვესტიციები არ იყოს დაბანდებული და ქართული სახელმწიფო არ გაძლიერდეს," - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნიკა ჩიტაძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჯერ პრაღაში, აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე დაიმუქრა ერთგვარად, რომ „ქართველ კოლეგებს აფრთხილებს უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ". შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ კრემლისთვის „სერიოზული გამაღიზიანებელი ფაქტორია" საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობა, სამხედრო წვრთნების ჩათვლით. ხოლო უკვე რუსულ "კომერსანტთან" ინტერვიუში ღიად და ვრცლად ისაუბრა, რა პრეტენზიები აქვს კრემლს თბილისი მიმართ, რომ უკმაყოფილოა საქართველოს პირველი პირების განცხადებებით ნატო-სკენ დაჩქარებული სვლის თაობაზე და ღიად დაიმუქრა უკრაინული სცენარით.

კარასინის პირით მოსკოვი თბილისს ულტიმატუმს უყენებს, რომ თბილისმა უნდა გადაწყვიტოს, ან კეთილგანწყობა სამხრეთ კავკასიაში, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. თუკი საქართველო მეორე გზას აირჩევს და კავკასიაში განვითარდება ნატო-ს სამხედრო აქტივობა, ეს ადრე თუ გვიან პრობლემებს გამოიწვევს.

„ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ დაიწყო უკრაინის პრობლემები, ეს აბსოლუტურად იგივე საკითხია. საქართველო ჩვენთვის ახლო ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ურთიერთობებს იმ დოზით განვავითარებთ, რა დოზითაც ამისთვის საქართველო იქნება მზად. ისტორია გვიჩვენებს, რომ ორ დაფაზე ერთდროულად თამაშის მცდელობები გაუგებრობას იწვევს და ამას ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს", - განაცხადა კარასინმა "კომერსანტთან" ინტერვიუში.

კარასინის თქმით, სერიოზული გამაღიზიანებელი ფაქტორია ის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში უფრო აქტიურად ჩნდება ნატო-ს დღის წესრიგი, უფრო ხშირად ტარდება ნატოს მასშტაბური სწავლებები და ამასთან საქართველო ხელს უწყობს იმას, რომ მასში მონაწილეობა მიიღონ რეგიონის სხვა ქვეყნებმა, მაგალითად სომხეთმა.

რუსმა დიპლომატმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განცხადებების გამოც.

„ხშირია ქართველი პოლიტიკოსების მკვეთრი განცხადებები, დაწყებული ახალარჩეული სალომე ზურაბიშვილით, ასევე მამუკა ბახტაძის და დავით ზალკალიანის. ისინი საუბრობენ ნატოში ინტეგრაციის დაჩქარებაზე, ე.წ. რუსულ საფრთხეზე დემოკრატიულ ევროპაში და ასე შემდეგ. ბუნებრივია ეს ჩვენ გვაწუხებს, ეს ხელს არ უწყობს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ატმოსფეროს გაძლიერებას", - განაცხადა კარასინმა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, ნიკა ჩიტაძის თქმით, რუსეთი გაღიზიანებულია იმით, რომ საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობები უფრო და უფრო ინტენსიური ხდება.

„კარასინის განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა მარტის ბოლოს იგეგმება ნატო-ს გენმდივნის ვიზიტი საქართველოში. ამასთან, აქ მარტო ნატო-ს დასწრებაზე არ არის საუბარი. რუსეთი ასევე გაღიზიანებულია იმით, რომ აშშ-მ გამოხატა მზადყოფნა ფოთის პორტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დააფინანსოს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს თუნდაც იგივე ამერიკული სამხედრო შეიარაღების შემოსვლას ფოთის პორტში. მეორე მხრივ, არსებობს ანაკლიის პორტის კონსორციუმი და ევროკავშირმა გამოხატა მზადყოფნა, რომ 300 მლ ევროზე მეტი გამოყოს დასაფინანსებლად. ანაკლიის პორტის განვითარება კი რუსეთისთვის მიუღებელია. ფოთსა და ბათუმის პორტებს 70%-მდე გემების მიღება არ შეუძლია, იმიტომ რომ, ღრმაწყლოვანი არ არის, ანაკლია კი ღრმაწყლოვანია და ის კონკურენციას გაუწევს ნოვოროსიისკის ნავსადგურს, სადაც შტორმებს გამო პორტი 3 თვე დაკეტილია. ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივა, ნატო-ს სამხედრო დასწრების ზრდა და ევროკავშირის უფრო გააქტიურება იწვევს რუსეთის გაღიზიანებას და ამიტომ რუსეთი ცდილობს საქართველოს დაშანტაჟებას. ასევე მიანიშნებს დასავლეთს, რომ თუ საქართველოსთან დაახლოების პროცესს გააგრძელებს, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ძალის დემონსტრირებას ახდენს, თუნდაც იმით, რომ გასულ წლის შემოდგომაზე უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები ჩაატარა შორეულ აღმოსავლეთში რუსეთისა და ჩინეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით, ამით ძალის დემონსტრირება მოახდინა, მეორეს მხრივ, ის აცნობიერებს, რომ დასავლეთს მეტი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის სამხედრო და ეკონომიკური ხასიათის. ამიტომ რუსეთი ცდილობს კუდის მოქნევას და იმის ჩვენებას, რომ მიიღებს საპასუხო ზომებს. თუმცა, თუ უფრო აქტიური და ერთიანი იქნება დასავლეთი, რუსეთიდან საფრთხეების განეიტრალება მოხდება,"- აცხადებს ჩიტაძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×