ელზა პაპოშვილი
28.02.2019

 

 „პროკურატურის გაცხადებამ კითხვების მოხსნის ნაცვლად, ახალი კითხვები გააჩინა“ - ასე აფასებენ ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ პროკურატურის მიერ „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებული ბრალის შეხსენებას. მათი აზრით, უწყებამ საზოგადოებას გადაამეორებინა, ბანკთან რა კითხვენი აქვს და ვერაფრით უხსნის, სად არის  აქ უკანონო ან დაუსაბუთებელი ფული და სად არის მისი ლეგალიზაცია-გათეთრება. მათი თქმით, ასეთ განცხადებას სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვათ. ფიქრობენ, რომ ხაზარაძის მიმართ დაწყებული კამპანია საზოგადოებამ არ დაიჯერა იმ დოზით, რასაც  მოელოდნენ და ამიტომ ახლა მის წინააღმდეგ საინფორმაციო ბრძოლა დაიწყეს - არ ამბობენ ახალს, თუმცა საზოგადოებას ძველს ახსენებენ.

 

რა გავიგეთ ახალი პროკურატურის განცხადებიდან?! - ის, რომ "თიბისი ბანკის" საქმეში კიდევ ერთი ახალი გვარი გამოჩნდა. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, პროკურატურა პაატა ღაძაძით ინტერესდება. ღაძაძე "თიბისი ბანკში" 1993 წლიდან მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე და პოსტი ე.წ. ფულის გათეთრების საქმის შემდეგ დატოვა. ის სამუშაოდ "თიბისი დაზღვევაში" გადავიდა.

ღაძაძის გვარი პროკურატურის  ბრიფინგზე გაჟღერდა. უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც გადაწყდა "სამგორი ემისა" და "თრეიდისთვის" სესხის ჩამოწერა, ოფშორული კომპანია გამოჩნდა. პროკურატურის ინფორმაციით, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ "თიბისის" ამ თანხას დააბრუნდება, ამ საკითხზე მომლაპარაკებელი კი ღაძაძე იყო. 

მთავარ საგამოძიებო უწყებაში "თიბისის" საქმეზე საგანგებო განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ოთხშაბათს ანაკლიის პორტის მმართველმა კომპანიამ პროექტის შესაძლო შეჩერების შესახებ მიანიშნა. მისი თქმით, ფულის გათეთრების საქმის წამოწევა პოტენციურ ინვესტორებს და ანაკლიის პორტის დაფინანსებას რისკის ქვეშ აყენებს.

„პროკურატურისგან ახალი არაფერი მომისმენია“ - ასე ეხმაურება თიბისის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგს. მბობს, რომ დასამალი არაფერი აქვს და ამიტომაც აპირებს კიდევ ერთხელ მივიდეს პარლამენტში. რაც შეეხება საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტის, თიბისიბანკის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის პაატა ღაძაძის დასახელებას, ჯაფარიძისთვის გაუგებარია, რატომ იყო მისი გვარი დასახელებული ფულის გათეთრების საქმესთან მიმართებაში.

„დღევანდელი  განცხადება იყო გამეორება პრაქტიკულად 2019 წლის 8 იანვრის  განცხადების. ჩემი ღრმა რწმენით ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ მოსმენასთან დაკავშირებით. ვფიქრობ რომ ესეთი განცხადება ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. იმიტომ, რომ ჯერ ერთი ბრალდება მე იქ არ მომისმენია. იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები, ძალიან სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები წმინდა  საბანკო ოპერაციების, რაც ჩემი ღრმა რწმენით არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია, არანაირად არ შიძლება იყოს პროკურატურის კომპეტენცია. 

სესხის გაცემის შეფასება, ბალანს გარეთ სესხის გატანა ეს არ არის პროკურატურის კომპეტენცია. მინდა ყველას შევახსენო, რომ 2008 წელზეა საუბარი. საერთოდ როგორ გადარჩა საბანკო ინდუსტრია ომს და კრიზისს, ყველას თითქოს ეს დაავიწყდა. ეს იყო უნიკალური შემთხვევა როდესაც საქართველოს საბანკო სისტემა გადარჩა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, მისი თქმით, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს ამ პროექტის განხორციელებას. ანაკლიის ჯგუფი აგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან ბანკებთან და განცხადებები თითქოს რომელიმე მათგანმა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე, არასწორია. ჯაფარიძე მოუწოდებს ყველას, რომ მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს აზიანებს როგორც პროექტს, ასევე  ინსტიტუტების რეპუტაციას.

პროკურატურის  ბრიფინგს ოპოზიციონერებიც ეხმაურებიან. ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყებას სიახლე არ უთქვამს და საზოგადოებას უბრალოდ საქმის დეტალები შეახსენა.  ოპოზიციის განცხადებით, განვითარებული პროცესები ანაკლიის პორტის პროქტის ჩაშლას და კარასინის მუქარის შესრულებას ნიშნავს.

„ანაკლიის პორტის პროექტს სერიოზული საფრთხე დაემუქრა, უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, იგი არ განხორციელდება. ჩვენ დავინახეთ ის უპასუხისმგებლო ქმედება, რაც ხელისუფლების მხრიდან მოდის, როდესაც პროკურატურა ამ საქმეს კვალიფიკაციას აძლევს, როგორც ფულის გათეთრებას, არადა მას ფულის გათეთრებასთან შეხება არა აქვს. ამ იარლიყით არცერთი სერიოზული ინვესტორი ანაკლიის პროექტს არ გაეკარება. ეს არის ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი. ეს პროცესი პირდაპირ არის მიმართული ანაკლიის პროექტის ჩასასშლელად და კარასინის გუშინდელი მუქარის შესრულებაა, ვინაიდან ანაკლიის პორტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ეს არის საქართველოს დაცვა და ეს უტოლდება ნატო-ს ჯარის დგომას იმ ტერიტორიაზე,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

” ეს გამოძიების წარუმატებელი მცდელობაა, არაარსებითი სიახლის გასაჯაროებით ყურადღება გადაიტანოს მთავარი საკითხიდან. სად არის უკანონო ან დაუსაბუთებელი ფული და სად არის მისი ლეგალიზაცია-გათეთრება. ასეთ განცხადებას სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვათ. ეს იყო უბრალოდ ძველის შეხსენება და გადამეორება. “-აცხადებს იურისტი ლევან ალაფიშვილი. 

გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ პროკურატურას ჰგონია, ხალხს სკლეროზი აქვს და ვინმეს დაავიწყდა ხაზარაძეს და მის პარტნიორს რას ედავებიან. თუმცა უწყების ნათქვამში არაფერი ახალი არ იყო. სად ჩანს ფულის გათეთრების სქემა, ხუხაშვილისთვის გაუგებარია. მისი აზრით, ხელისუფლებას ხაზარაძის ირგვლივ აჟიოტაჟის შემდეგ ხალხიდან სულ სხვა რეაქციის იმედი ჰქონდა. ფიქრობდნენ, რომ რადგანაც ის ბანკირია, ხალხი ყველაფერს დაიჯერებდა და მათ მიერ გადაგდებულ ყველა აბსურდს ასე ადვილად გადაყლაპავდა, თუმცა მოტყუვდნენ. ამიტომაც  გადაწყვიტეს, რომ საინფორმაცია კუთხით უფრო იაქტიურონ და ხალხს ძველი გადაამეორებინონ. 

„რატომ გონიათ, რომ ვინმეს მახსოვრობის პრობლემა აქვს? აქ ახალი რამე იყო? რაღაც ინიციალებით გველაპარაკებიან და აბსურდ ბრალდებაზე საუბრობენ. როდესაც კაცს კომიტეტში სასაუბროდ იბარებ, არ ალაპარაკებ, მეორე დღეს კი შენ გამოდიხარ და ლაპარაკობ, ეს რას ნიშნავს? ანუ შენ ბრალს სდებ, მას კი თავის გამართლების საშუალებას არ აძლევ? ხელისუფლებას ეგონა, რომ ხაზარაძე რადგანაც ბანკირია, მის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიებულება უფრო მწვავე  იქნებოდა და რაც უნდა ეთქვათ ყველაფერს დაიჯერებდნენ. ასე არ არის, სად ჩანს ამ სქემაში ფულის გათეთრება და სად ჩანს ის, რომ ხაზარაძემ ამ სქემიდან სარგებელი ნახა? ესაა კითხვები რომელზეც პროკურატურა პასუხს ვერ სცემს და დადგნენ ახლა და გვამეორებინონ. როგორც ჩანს ვიღაც არ არის კმაყოფილი და გაბრაზებულია, რომ ხაზარააძის ირგვლივ საზოგადოებაში ის ეფექტი ვერ მიიღო რასაც ელოდა. ამიტომ საინფორმაციო კუთხით გააქტიურდნენ“,-აცხადებს „რეზონანსთან“  ხუხაშვილი.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×