თამარ შუკვანი
28.02.2019

 „ქართული ოცნება" იშლება. ამ პროცესს ყველა ველოდებოდით, ოღონდ უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ამას ველოდით. „ოცნება" დაიშლება, დაკარგავს ძალას და ბიძინა ივანიშვილი გადაერთვება ლილიპუტი პარტიების შექმნასა და რაღაცა კომბინაციებზე," - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე.

„ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან პარტიის დატოვების პროცესი კვლავ გრძელდება; მმართველი გუნდის რიგები ოთხშაბათს ზვიად კვაჭანტირაძემაც დატოვა. ცნობისათვის, „ოცნება" ასევე დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. რამდენიმე დეპუტატი კი პარტიიდან წასვლას აანონსებს.

გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის დაშლის პროცესთან ერთად, ოპოზიცია სადავეების ხელში ჩაგდებას ცდილობს; მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური ძალა გაიმარჯვებს.

„ოცნების" დაშლის ფონზე გუშინ ოპოზიციამ ნავსი გატეხა და მოახერხა შეკრება ერთ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის საარჩევნო სამართლის დამკვიდრება საქართველოში. ოპოზიცია კონსოლიდირებისკენ წავა, „ქართული ოცნება" კი დაიწყებს დაშლას. საბოლოო შედეგად ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს," - აღნიშნა მან.

უმრავლესობიდან წამოსული ეკა ბესელიას მიერ პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნის პერსპექტივას სანიკიძე ვერ ხედავს.

„ბესელიას აქვს დასაფიქსირებელი მთავარი საკითხი, რა დამოკიდებულება აქვს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილთან. თუკი ამას არ დააფიქსირებს და აისხლიტავს, როგორც აქამდე იყო, ეს ყველაფერი აბსოლუტურად უპერსპექტივო იქნება," - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×