იმ ადამიანებს, ვისაც სამსახური საათობრივი პარკირების ზონაში აქვთ და ყოველდღიურად ავტომობილებით გადაადგილდებიან, დღეში, მინიმუმ, 4 ლარი დასჭირდებათ მანქანის გასაჩერებლად, რაც თვეში 80 ლარს, ხოლო წელიწადში 960 ლარს შეადგენს. როგორც ჩანს, ავტომფლობელების შევიწროება გრძელდება, რაც შესაძლოა, უკმაყოფილებასა და აგრესიაში გადაიზარდოს.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე ადასტურებს, რომ ზონალური პარკირების მინიმალური საფასური საათში 50 თეთრიდან დაიწყება, კახა კალაძე კი ამბობს, რომ დედაქალაქში პარკირება ზონებად დაიყოფა და, შესაბამისად, ქალაქში მისი საფასური განსხვავებული იქნება.
პარკირება თბილისის ცენტრში - ძვირი, გარეუბნებში კი შედარებით იაფი ეღირება. პარკირების საფასურის გადახდა არ მოუწევთ მათ, ვინც ავტომობილს საკუთარი სახლის წინ გააჩერებს.
სამაგიეროდ, ძალიან რთულად იქნება იმ ავტომფლობელების საქმე ვინც საათობრივი პარკირების ზონაში მუშაობენ და ყოველ საათში მანქანის გაჩერებისთვის, მინიმუმ, 50 თეთრის გადახდა მოუწევთ. ელემენტარული კალკულაციით დასტურდება, რომ ასეთ შემთხვევაში თვიური ხარჯი 80 ლარს გაუტოლდება, ხოლო წელიწადში 969 ლარს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულმა ადამიანმა ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი ავტომობილის პარკირებაში უნდა გადაიხადოს.
საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნების" სიით შალვა ოგბაიძე პარკირების გადასახადის შემოღებას აუცილებლად მიიჩნევს, რადგან ეს მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნის პრაქტიკაა და აუცილებლად უნდა დაინერგოს საქართველოშიც.
"არც ისე შორეულ წარსულში ამ ყველაფერს აკონტროლებდა კერძო კომპანია და არ ჩავუღრმავდები, ვისთან იყო გაიგივებული ეს კერძო სტრუქტურა. ბიუჯეტში, პრაქტიკულად, არაფერი შედიოდა. "სითი პარკს" თავის დროზე სასტარტო ოპერირებისათვის გადაეცა 33 ადგილი და ამ ადგილების დასუფთავების გადასახადსაც კი არ იხდიდნენ. აქედან ჩანდა იმ კომპანიის დამოკიდებულება დედაქალაქის მიმართ. არავითარი კაპიტალი არ დაუხარჯავთ, სამაგიეროდ, სრული თანხა მათ მიჰქონდათ და რამდენიმე თეთრს აგდებდნენ ბიუჯეტში. გარდა საშვებიდან მიღებული თანხისა და სხვა უმსგავსობებისა, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მათ თავიდან აიცილეს საპარკინგე ადგილების შექმნის ვალდებულებაც.
ახლა კი დედაქალაქი უფასოდ სთავაზობს ბიზნეს სექტორს მრავალათასიან პარკირების ადგილებს მუდმივად და არა გარკვეული ვადით. გარდა ამისა, დედაქალაქმა შეკვეცა ლ2 კოეფიციენტი, რითაც ბოლო მოეღო დედაქალაქის უსისტემო განვითარებას. პლუს ამას არის მცდელობა, გადაიდგას პირველი ნაბიჯები საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კუთხით.
რადგან საპარკინგე ადგილები, პრაქტიკულად, უფასოა, ყველა ვცდილობთ, ავტომობილით ვიაროთ. გასაგებია, უფრო კომფორტულია, მაგრამ ადგილები, რომლებიც კომერციულად და ტურისტულად მიმზიდველია, არ შეიძლება დილიდან საღამომდე იყოს ოკუპირებული ერთ ადგილას გაჩერებული მანქანებით. ამიტომ ისე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია, უნდა დავიწყოთ დიფერენცირებული გადასახადის შემოღება, ანუ ზონალური გადასახადის დანერგვა. პირველ რიგში, ეს მოხდება ყველაზე დატვირთულ კოტე აფხაზის ქუჩაზე. მერწმუნეთ, ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ნაბიჯი თბილისის სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისათვის," - განაცხადა "რეზონანსთან" ოგბაიძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს თბილისის მოსახლეობის დავალებაა და თვითონ პირნათლად აღასრულებენ დავალებას, რომელიც ამომრჩეველმა მისცა.
გაუგებარია, რომელ კვლევას ეფუძნება დედაქალაქელების სურვილის გამოვლენა, კოტე აფხაზისა და მის მიმდებარე ქუჩებზე დასაქმებულებმა დღეში 4 ლარი იხადონ რვასაათიანი სამუშაო გრაფიკის შემთხვევაში, რაც თვეში - 80, ხოლო წელიწადში 960 ლარს შეადგენს.
საქართველოს "ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ზონალური პარკირება სატრანსპორტო სფეროს მოწესრიგების შემდგომ უნდა შემოვიდეს.
"ეს უნდა დაწესდეს იმ დროს, როდესაც დედაქალაქში იქნება სრულყოფილი სატრანსპორტო ქსელი, ალბათ 2020 წლის ბოლოსკენ. საპილოტედ კი ერთი ქუჩა სავსებით მისაღებია და ფასიც ნორმალურია. თუ ჩვენ გვინდა, ცენტრალურ ნაწილში მოვაგვაროთ პრობლემები და შევამციროთ გამონაბოლქვი, გადასახადი უნდა იყოს მაღალი, რაც ეტაპობრივად მოაგვარებს ამ პრობლემას.
ზონალური პარკირება იმიტომ შემოდის, რომ ადამიანები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უნდა გადაჯდნენ, მაგრამ ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ უნდა დაწესდეს მანამ, ვიდრე არ მოგვარდება ქალაქში ტრანსპორტის საკითხი. არ უნდა შემოვიდეს ზონალური პარკირება იქამდე, სანამ არ გვეყოლება ავტობუსები. სხვაგვარად ეს გამოიწვევს აგრესიას და აგრესია მეც მექნება.
უამრავ ადამიანს უნდა ავტობუსით სარგებლობა, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან ეს სფერო ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია. მანქანით თუ მჭირდება ნახევრი საათი, ავტობუსით დამჭირდება ნაკლები თანხა, ნაკლები დროც და სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს მერიამ," - აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.
როგორც ცნობილია, პარკირების საფასურის გადახდა ელექტრონული აპლიკაციითა და პარკირების ადგილებში დადგმული სპეციალური აპარატების მეშვეობით მოხდება. ამასთანავე, ყველა ავტომობილი უფასოდ იქნება უზრუნველყოფილი დღეში 15-წუთიანი 4 ადგილით.