„ეს არის სამოქალაქო აქციაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ადვოკატთა კორპუსი ყოველთვის იმის მომხრე იყო, რომ ლევან მურუსიძე, ჩინჩალაძე და მათი კლანი სასამართლო სისტემას მოცილებოდნენ. 2015 წლიდან ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება" ლევან მურუსიძესთან იყო გარიგებული და იუსტიციის საბჭოში „ოცნების" პარლამენტის მიერ არჩეული სამი კანდიდატი ხმას მურუსიძის სასამართლო სისტემაში დატოვებას მისცემდა," - ასე ეხმაურება იურისტი ზაზა ხატიაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ადვოკატების მიერ წამოწყებულ კამპანიას, „აიცილე ლევან მურუსიძეს."
ხატიაშვილის თქმით, 2015 წლიდან ცდილობდა, „მურუსიძის კლანი" სასამართლო სისტემას ჩამოშორებდა, თუმცა მის გვერდი მხოლოდ მცირე ჯგუფი დადგა.
„იმ დროს მოვუწოდებდი გამოსულიყვნენ და გვერდში დამდგომოდნენ, მაგრამ ადვოკატების მეტი ყური არავინ შეიბერტყა და საბოლოოდ, მხოლოდ 50 კაცი დავრჩით. იმ პერიოდში ადვოკატების ლანძღვა დაიწყეს, თქვენ "ბატონ ბიძინის" რაღაცას აბრალებთო და ა.შ. თუმცა აღმოჩნდა, რომ "ბატონ ბიძინის" არავინ არაფერს აბრალებს, ისეთი რაღაცეების გაკეთება უნდა, ჩვენ რომ ვერც კი წარმოვიდგენდით."
ხატიაშვილი ადვოკატების მიერ წამოწყებულ კამპანიას მხარდაჭერას უცხადებს. ამბობს, ხელისუფლებაში სააკაშვილის ყოფნის პერიოდს იმიტომ დაერქვა „რეჟიმი," რომ სწორედ ეს მოსამართლეები იყვენენ სასამართლო სისტემაში, ხოლო დღეს, „სააკაშვილის რეჟიმი" „ივანიშვილის რეჟიმმა" შეცვალა.
„დღეს ივანიშვილის რეჟიმი არის გადაფარებული ამ მოსამართლეებს. ადვოკატების სამოქალაქო აქციას მხარს ვუჭერ და ვუერთდები. კანონდებლობით ადვოკატს შეუძლია, როცა ამ მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვი ჩნდება, აცილება მოხდეს და რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. მთელი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დავდგეთ ერთად. სააკაშვილის რეჟიმი რეჟიმი იყო იმიტომ, რომ სწორედ ეს მოსამართლეები იყვენენ, თუ ეს მოსამართლეები დარჩებიან, რეჟიმიც დარჩება და შესაბამისად, ეს უკვე ივანიშვილის რეჟიმი იქნება.
„მთელი საზოგადოება უნდა დადგეს ერთად. 2015 წელს ვამბობდი, რომ თუ ლევან მურუსიძეს დანიშნავდნენ, დავიღუპებით-მეთქი. ახლა, ფაქტობრივად გვაქვს მოცემულობა, რომ ეს მოსამართლე უყვადოდ დაინიშნა. ახლა დაგვიანებულია ყველაფერი, მაგრამ ადვოკატები მუდამ ვცდილობდით, რომ ხმა ამოგვეღო და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამოქალაქო აქციაა. ადვოკატები არ ვჩერდებით იმ სიბინძურის წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც ეს მოსამართლეები სასამართლო სისტემაში აკეთებდნენ," - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
ცნობისათვის, ადვოკატების ნაწილმა კამპანია „აიცილე ლევან მურუსიძის" ფარგლებში, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პეტიციას ამ დროისთვის 70-მდე ადვოკატი უჭერს მხარს, თუმცა კამპანიის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს ადვოკატებმა გიგი სისვაძემ, სალომე აბესლამიძემ და ალექსანდრე კობაიძემ გააკეთეს.