ელზა პაპოშვილი
01.03.2019

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროპელ კოლეგებთან ერთად, საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართული კრიმინალური დაჯგუფების 4 წევრი დააკავა, ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

რეიმსსა და მის შემოგარენში სპეცოპერაცია 13 თებერვალს ჩატარდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ქურდავდნენ მაღაზიებსა და კომერციულ ცენტრებს.

შსს-ის ცნობით, ისინი წინასწარ არჩევდნენ გასაქურდ ობიექტს, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს, შემდეგ კი აღნიშნული ობიექტებიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდნენ. დადგენილია, რომ დაკავებულები ქურდობის 17 ფაქტში ფიგურირებენ.

„სამართალდამცველებმა საფრანგეთში, ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები და სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელი, ეტიკეტის მოსაშორებელი სპეციალური დანა, ხელნაკეთი ქამარი, რომელშიც მოპარული ნივთებს მალავდნენ, ასევე ქურთუკი, რომელშიც მოთავსებულია ნაქურდალის დასამალი ალუმინის ყუთი, მეხსიერების ბარათი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა პირის ბერძნული და ლიეტუვური დოკუმენტები, ფულის გადარიცხვების დოკუმენტები და მოპარული ლეპტოპი,“ - აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 312-ე და 450-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას გულისხმობს. 

"გასული წლიდან დღემდე ევროკავშირის 20 ქვეყანაში საქართველოს 137 მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორის 9 ე.წ. კანონიერი ქურდია,“- თქვა ბრიფინგზე ჭელიძემ. 

საფრანგეთის გარდა, ქართველი სამართალდამცველები ე.წ. კანონიერ ქურდებზე და ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ბრძოლას ევროპის  სხვადასხვა ქვეყნებშიც აგრძელებენ. აღსანიშნავია, რომ ამა წილის 27 იანვარს გავლენიანი გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" ქართველ კრიმინალებს მორიგ სტატიას უძღვნის და წერს, რომ ქართველები ბინების ძარცვიდან რძის ფხვნილის ქურდობა-დატაცებაზე გადაერთნენ.

„გასული წლის გაზაფხულზე საქართველო უვიზო რეჟიმის გაუქმების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მხარის ხელისუფლებამ, სადაც ყველაზე უფრო მეტად შეიმჩნეოდა ქართველ ბინის მძარცველთა აქტიურობა, ოფიციალურად სთხოვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა მას ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაში დაერწმუნებინა. ასეთი საფრთხის წინაშე მყოფმა საქართველომ თვითონ სთხოვა გერმანიის ხელისუფლებას ქვეყანა „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეეყვანა" - წერს გამოცემა. 

მისი თქმით, საქართველოს შსს-მ 2018 წლიდან დღემდე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა. 

„საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 137 მოქალაქე, მათ შორის 9 ე.წ. „კანონიერი ქურდი,“- განაცხადა მამუკა ჭელიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×