ია აბულაშვილი
01.03.2019

 "არა მგონია, რომ ივანიშვილი ამ პროცესში რაიმე პრობლემას ხედავდეს, ფიქრობს, რომ ყველფერი კარგად არის. როგორც თვითონ ამბობს, ჭარბი რწმენა აქვს საკუთარი შესაძლებლობების და დაალაგებს. ვისაც უნდა იმას გაუშვებს და იმას მოიყვანს. თვითონ არის შპს "საქართველოს" მმართველი და დაქირავებლი ჰყავს მენეჯერები" - აცხადებს პოლიტოლოგი და რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" "ოცნებაში" განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

დავით ზურაბიშვილი: დიდი დაკვირვება არ უნდა, რაც ხდება, გრძელდება ის, რაც აქამდე იყო. "ოცნების" შიგნით რაღაც ნაწილმა გაიაზრა, რომ ივანიშვილს მათზე ფსონის დადება აღარ უნდა და სხვებს ანიჭებს უპრატესობას. მაგრამ ამ პროცესში მთავარი არ არის, ვინ გამოაკლდება და ვინ არა. მნიშვნელოვანია ის, რომ "ოცნება" საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილს კარგავს, რომელსაც ეგონა, რომ ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მათკენ მობრუნდებოდა; მისი თვალები კი არ მოსწონთ, ფიქრობდნენ, რომ რაღაც სარგებელს ნახავდნენ. ასეთი ტიპის ამომრჩეველი კი ძირითადი ამომრჩეველია, ამიტომ სად წავა ამომრჩევლის ეს ნაწილი, ეს არის ახლა "ოცნებისთვის" სერიოზული პრობლემა, რადგან კონსერვატიული ამომრჩევლის დაკარგვა რთული შედეგის მომტანი იქნება. ლიბერალური საზგადოება ისედაც დაკარგული იყო, 10-დან 9 არ მისცემს ხმას.

"რეზონანსი": ალბათ ივანიშვილი აცნობიერებს შექმნილ ვითარებას და როგორც ექსპერტები ამბობენ, ქირურგიული ჩარევა დასჭირდება სიტუაციის დასალაგებლად მომავალ არჩევნებში გამარჯვება რომ მოიპოვოს.

დ.ზ: ბიძინას დიდად არ აღელვებს, რაც ხდება, როგორც თავად ამბობს, ჭარბი რწმენა აქვს საკუთარი შესაძლებლობების, რომ დაალაგებს. "ნაცმოძრაობის" საფრთხე ეფექტურად იმუშავებს, როგორც ეს შესძლო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩვლის რაოდენობა გაორმაგდა. აქაც აამოქმედებს პროპაგანდისტულ მანქანას, მიშა მოვა და ყველას შეგჭამთო. პრობლემას ვერ ხედავს, ფიქრობს, რომ ყველაფერი კარგად არის, ვისაც უნდა, იმის მოიყვანს და იმას გაუშვებს. სჭირდება სწორედ ისეთი კადრები, როგორიც ჰყავს და ეს კადრები შემთხვევით არ შერჩეულა. მოკლედ, თვითნ არის შპს "საქართველოს" მმართველი და დაქირავებული ჰყავს მენჯერები. მერე კი წუხს, ეს მენეჯერები საქმეს რომ ვერ აკეთებენ.

"რ": ფაქტია, რომ "ოცნება" იშლება და ერთმანეთის მიყოლებით დეპუტატები უმრალესობას ტოვებენ. ბესელია კი მკვეთრ განცხადებებს აკეთებს და პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს.

დ.ზ: ასეთი სიტუაცია 90-იანი წლების ბოლოს ხდებოდა, როცა "მოქალაქეთა კავშირს" გამოეყო "ახალი მემარჯვენეები" და ცალკე პარტია შექმნეს, მაგრამ შევარდნაძეს არ აკრიტიკებდნენ, აკრიტიკებდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიას. ახლაც იგივე ხდება, ივანიშვილს არ უპირისპირდებიან, პროტესტი მიმართულია კობახიძისკენ. ანუ ისტორია მეორდება, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ჟვანია სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იყო, შევარდნაძეც კარგად ერკვეოდა პოლიტიკაში და "მემარჯვენეებიც" კვალიფიციურები იყვნენ. კობახიძე კი რას წარმოადგენს ივანიშვილის გარეშე? არც ივანიშვილს აქვს პოლიტიკაში შევარდნაძის გამოცდილება. ბიძინას პოლიტიკა და პოლიტკოსები არ უყვარს, იცის ბიზნესი და ფული.

არც ამ გუნდს აქვს ის კვალიფიკაცია, რომ სერიოზული საპირწონე შექმნას. ბესელიამ და მისმა გუნდმა ვიდრე არ დაინახა ივანიშვილი კობახიძის გუნდს მხარს რომ უჭერდა, მანამდე სასამართლოში რა ხდებოდა არ აწუხებდათ. ბესელია დღეს "ნაციონალების" ან რომელიმე სხვა პარტიის გვერდით რომ დადგეს, იცის, რომ უფრო დაზარალდება. ამიტომ ეცდება, ივანიშვილს დაანახოს, რომ კობახიძე არ გამოადგება და გული მოუბრუნოს, ანუ არ ჩატეხოს ხიდი.

"რ": ამ ფონზე ოპოზიციის აქტიურობას რა პერსპექტივა აქვს, რომელიც ერთიანდება და აანონსებს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ხელისუფლება ცუდად დაამთავრებს.

დ.ზ: ოპოზიცია შეთანხმდა მხოლოდ ერთ თემაზე, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე. ეს თემატური გაერთიანება რა ფორმას მიიღებს, გადაიზრდება დიდ პოლიტიკურ ბლოკში, ვინ წავა და ვინ დარჩება ამ ერთობაში, ამას მომავალი არჩევნები გამოაჩენს. რაც შეეხება პროტესტის ფორმას, რომ ქუჩაში გამოვლენ, მერე რას იზამენ?

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×