თამარ შუკვანი
02.03.2019

 „პროცესი დიდი ხანია დაიწყო და ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან დღის წესრიგში უმრავლესობაში ბირთვის გამოკვეთის და ჩამოყალიბების საკითხი დგას, რომელიც განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდა აქტუალური.

„ეს პროცესი დაიწყებოდა, მიუხედავად იმისა, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა საკითხი დადგებოდა თუ არა პარლამენტში. ეს ორი პროცესი პირდაპირ მიბმული არ არის, თუმცა თემა იმდენად აქტუალური იყო, რომ ამ საკითხის წამოწევამ ეს პროცესი დააჩქარა," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს „რეზონანსთან" საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე: პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ უმრავლესობაში არ შეიქმნება ახალი უმრავლესობა. არ მგონია, რომ ამ პროცესის გაგრძელებით, ზოგადად, უმრავლესობა დაიშალოს და „ქართულმა ოცნებამ" 76 ადამიანი ვერ გააკონტროლოს, მაგრამ აპრილის ბოლოს რეალურად ეს პროცესი უნდა დასრულდეს.

უმრავლესობიდან წასვლის მსურველი დეპუტატები ორ კატეგორიად იყოფა; ერთი, რომელიც კარის გაჯახუნებით ტოვებს უმრავლესობას და პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩენას აპირებს. მეორე კატეგორიაც ასევე დატოვებს უმრავლესობას, მაგრამ ამჯობინებს თავისი პრობლემები უმრავლესობასთან და ივანიშვილთან კულუარებში მოაგვაროს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ რაღაც გარანტიები მიიღოს დასაქმების, ბიზნესში მონაწილეობის ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

ეს პროცესი მიდის და გაგრძელდება მანამდე, სანამ სრულყოფილად ბირთვი ახალი პოლიტიკური უმრავლესობისა არ შეიქმნება და არ გამოიკვეთება.

„რეზონანსი": უმრავლესობიდან წამოსული ეკა ბესელია ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

ვ.ძ.: ვინც კარის გამოჯახუნებით ტოვებს უმრავლესობას, აპირებს მომავალში დამოუკიდებლად გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა. შესაბამისად, ეს გუნდი შეეცდება შექმნას ფრაქცია და ეს ფრაქცია ორი წლის განმავლობაში იმისათვის სჭირდებათ, რომ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, კოალიციასთან, ან თუკი შეიქმნება დიდი ოპოზიციური გაერთიანება, მიიღოს მონაწილეობა.

პოლიტიკურ ასპარეზზე ეძებენ ადგილს, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა მომავალში, 2020 წლისთვის, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ეს იქნება დამოუკიდებლად თუ სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად, მოგვიანებით გამოიკვეთება. ამჯერად ეს პროცესი მიმდინარეობს და ფრაქციაც სწორედ იმისათვის იქმნება, რომ თავიანთი პოლიტიკური პლატფორმა და მიზნები გამოკვეთონ, შეეცადონ მიოპოვონ რაღაც პოლიტიკური კაპიტალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„რ": და, თქვენი შეფასებით, რა პერსპექტივა აქვს ამ გუნდს?

ვ.ძ.: პერპექტივებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ამ ეტაპზე არ ვფიქრობ, რომ მათ რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალი აქვთ დაგროვებული, რის რეალიზებასაც შეძლებენ, მაგრამ სწორედ ამისათვის სჭირდებათ ეს აქცია, რომ „ოცნებისაგან" დამოუკიდებელ გუნდად ჩამოყალიბდნენ. თუ შეძლებენ მნიშვნელოვანი კაპიტალის დაგროვებას, მაშინ ცალკე პოლიტიკურ ორგანიზაციას შექმნიან და არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

„რ": 20 ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით ერთიანდება და ქვეყნის მასშტაბით მილიონი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია, რომ მოხდეს მილიონი ხელმოწერის შეგროვება და საბოლოოდ, ხელისუფლების დაყოლიება პროპორციულ არჩევნებზე?

ვ.ძ.: არ მგონია „ქართული ოცნება" წავიდეს იმაზე, რომ საარჩევნო კოდექსი შეცვალოს, ეს მის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. რეალობა ასეთია და შეეცდება ბოლომდე გაიტანოს თავისი.

ასეთი მოთხოვნა ახალი არ არის. 2010 წელსაც მოხდა დიდი გაერთიანება და „ნაციონალური მოძრაობისაგან" საარჩევნო სისტემის შეცვლას მოითხოვდნენ, მაგრამ „ნაციონალები" მაშინ ამაზე არ წავიდნენ და ოპოზიციაც დიაშალა.

არც ამჯერად მგონია, რომ მიაღწევენ რეალურ შედეგს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავი დაანებონ ამ საკითხს და ეს არ გამოიყენონ პოლიტიკური აქტივობისათვის. ხელმოწერების შეგროვება ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია 2020 წლისათვის. ოპოზიცია სწორ ნაბიჯს დგამს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ერთიანი ოპოზიციის ფორმირება ამ ეტაპზე დასრულებულად არ მიმაჩნია.

„რ": რამდენად რეალურია საქართველოში შეიქმნას პრეცენდენტი, როდესაც ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ ახერხებს პარლამენტში ადგილების უმრავლესობის მოპოვებას? რამდენად რეალურია ეს თუნდაც 202 წლის არჩევნებზე?

ვ.ძ.: პროპორციულ სისტემაში შეიძლება ვერ გაიმარჯონ, ან 50%-ზე მეტი ხმა ვერ მიიღონ, მაგრამ ჯამურად, შეეცდებიან მაჟორიტარების გამოკლებით, უმრავლესობა შექმნან. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, მაგრამ რა იქნება ერთი ან ორი წლის შემდეგ, ცოტა რთული სათქმელია.

პროცესი „ქართული ოცნებისთვის" მაინცდამაინც სახარბიელოდ არ ვითარდება. საქართველოში, ამ მხრივ, ოპოზიციაც სუსტია. ხოლო ოპოზიციის ის ფრთა, რომელიც ძლიერია, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას", მას ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ არა იმდენი, რომ რაღაც უმრავლესობის მოპოვება შეძლოს. ამ ეტაპზე, არ არის გამოკვეთილი, რომ ოპოზიცია მნიშვნელოვანი რაოდენობის მხარდაჭერთა მოპოვებას შეძლებს.

სისტემის შეცვლაც სწორედ ამიტომ უნდა ოპოზიციას. ცხადია, პროპორციული სისტემით მმართველი გუნდი არჩევნებში წელგამართული ვერ მიიღებს მონაწილეობას და ხმათა უმრავლესობით ვერ მოვა. რადგან პრომაჟორიტარული სისტემა არის, ეს საშუალებას აძლევს მმართველ ძალას, რომ უმრავლესობა მიიღოს.

„რ": იმ შემთხვევაში, თუკი მსგავსი რამ მოხდა, როგორი ვითარება შეიძლება შეიქმნას?

ვ.ძ.: ამ შემთხვევაში შეეცდებიან კოალიციური მთავრობა შექმნან და თუ ვერ მოხერხდება კოალიციის შექმნა, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ჯერჯერობით ორი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც გარანტირებული აქვს პარლამენტში მოხვედრა - „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა". ვნახოთ თუ შეიქმნება მესამე ძალა ან მესამე ცენტრი. რესურსი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ამ რესურსს სჭირდება გამოყენება.

თუ შეიქმნება მესამე ძალა, ან რამდენიმე ოპოზიციური ძალა შეძლებს ერთმანეთში მოლაპარაკებას, ჩნდება იმის შანსი, რომ კოალიციური ხელისუფლება შეიქმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეიქმნება ეს კოალიციური მთავრობა და უბრალოდ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×