„საქართველო და აზერბაიჯანი განიცდის ერთნაირი ტრაგედიების, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია", - სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება ბაქოში გასულ კვირას გააკეთა, პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტისას და პირველი უხერხულობაც გამოიწვია მეორე მეზობელ ქვეყანასთან - სომხეთთან.
პოლიტოლოგების ნაწილის თქმით, ეს განცხადება ძალიან დაუფიქრებელი იყო, რის გამოც განმარტება თუ ერთგვარი თავის მართლება საქართველოს პრეზიდენტს ერევანში აუცილებლად მოუწევს. მით უმეტეს, რომ 2 კვირაში - 12-14 მარტს სომხეთში ზურაბიშვილის ვიზიტია დაგეგმილი.
პოლიტოლოგების ნაწილის თქმით, ოფიციალური თბილისი ყარაბაღის პრობლემაზე საუბრისას აცხადებს მხოლოდ იმას, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, მაგრამ არასდროს განუცხადებია, რომ აზერბაიჯანის ეს ტერიტორია ოკუპირებულია, რადგანაც ტერმინი „ოკუპირებულია" ნიშნავს, რომ მიტაცებულია მესამე ძალის, ამ შემთხვევაში სომხეთის მიერ. ამიტომაც ტერმინ „ოკუპაციის" გამოყენება თბილისს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს სომხეთთან და ერევანში ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილს ამ განცხადების შესახებ კითხვებს სავარაუდოდო ოფიციალური ერევანიც დაუსვამს და ადგილობრივი მედიაც.
პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი ბაქოში გასულ კვირას, 27-28 თებერვალს იმყოფებოდა. როგორც საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, „რეგიონში ზურაბიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია" და სწორედ რეგიონში ახალი პრეზიდენტის პირველივე ვიზიტის დროს შეიქმნა პირველი უხერხულობაც.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გაფართოებული შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა ორი ქვეყნის მიერ განცდილ მსგავს ტრაგედიებზე ისაუბრა.
„ჩვენ ერთად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და ეს ბოლო წლები განვიცადეთ ერთნაირი ტრაგედიები და დღესაც განვიცდით იმას, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ არ არის აღდგენილი.
„ოკუპაციის ხაზები ჩვენთვის დღესაც ღია ჭრილობაა, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს განვითარებას აფერხებს, მაგრამ, ამავდროულად, ამ ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძელით გავაძლიერეთ ჩვენი სახელმწიფოები და ვავითარებთ ეკონომიკას, რათა ჩვენი გზა, დამოუკიდებელ ქვეყნად განვაგრძოთ. ეს არ არის პატარა წარმატება და გამარჯვება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადება აზერბაიჯანული და სომხური მედიის ნაწილმა, ყარაბაღის ოკუპაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებად აღიქვა. ქართველი პოლიტოლოგების ნაწილმა კი თქვა, რომ ეს არის პრეზიდენტის წინდაუხედავი და გაუფრთხილებელი განცხადება.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ ეს განცხადება ერევანში შეკითხვებს, ალბათ, გამოიწვევს.
„უფრო მეტიც, ალბათ საჭირო იქნება სათანადო განმარტების მიცემაც და ამისთვის ქალბატონი პრეზიდენტი მზად უნდა იყოს... მე შეიძლებოდა სხვანაირად მეთქვა, მაგრამ ეს არის პრეზიდენტის პოზიცია, ეს არის ის, რაც მან თქვა.
„სომხეთი ასევე ჩვენი ისტორიული მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მასთანაც ურთიერთობის დაძაბვა სრულიად მიუღებელი იქნება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ისე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ეს საკითხი უნდა იყოს სათანადოდ განმარტებული.
„არ გამოვრიცხავ, რომ ერევანში ვიზიტისას განცხადების განმარტება მოხდეს, თუმცა არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მაინცდამაინც ეს საკითხი, მისი განცხადების ეს ნაწილი შეიძლება გახდეს კამათის საგანი.
„ფაქტია, რომ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და ერევნისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველო პრინციპულ პოზიციას იკავებს იმის შესახებ, რომ ამგვარი საკითხები უნდა გადაწყდეს სამართლებრივ ჩარჩოში, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას გულისხმობს," - აცხადებს მენაღარიშვილი.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნიკა ჩიტაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება წინდაუხედავი იყო.
„საქართველოს ხელისუფლებისთვის და პრეზიდენტისთვის დამახასიათებელია არათანმიმდევრული განცხადებები და ნაბიჯები. გვახსოვს, როცა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქალბატონი ზურაბიშვილი იმყოფებოდა ჯავახეთში, სადაც თქვა, რომ სააკაშვილმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ სომხებს - არა; ასევე ვიცით, რომ ჯავახეთში გაიხსნა ერთ-ერთი სომეხის ძეგლი, რომელიც ყარაბაღის ომში მონაწილეობდა და ამან აზერბაიჯანის აღშფოთება გამოიწვია. ახლა კი ვხედავთ, რომ ზურაბიშვილი ჩადის ბაქოში და იქ განცხადებას აკეთებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანში ოკუპირებული ტერიტორიები არსებობს.
„საქართველო ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მუდმივად ნეიტრალურ პოზიციას იჭერდა, ერთის მხრივ აღიარებდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ განუცხადებია, რომ მთიანი ყარაბაღი ოკუპირებულია.
„ტერმინი „ოკუპაცია" ნიშნავს, როცა გარეშე ძალა ჩაერია და ტერიტორია ოკუპირებულია გარეშე ძალის მიერ. თუ გარეშე ძალის გარეშე ხდება ტერიტორიის გამოყოფა, ამას ჰქვია სეპარატიზმი. ზურაბიშვილმა კი თავისი განცხადებით თქვა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია ოკუპირებულია სომხეთის მიერ.
„საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა სჭირდება როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან და ამიტომაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მისი განცხადება სიფრთხილეს მოკლებული და წინდაუხედავი იყო. საქართველოს პრეზიდენტმა არ უნდა გააკეთოს არც ანტისომხური და არც ანტიაზერბაიჯანული განცხადებები. სიფრთხილე გვმართებს იმიტომ, რომ, შესაძლებელია, რუსეთმა ისარგებლოს აღნიშნულით და გარკვეული სეპარატისტული განწყობები გააძლიეროს ჯავახეთის რეგიონში სომხების გამოყენებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები დაიძაბება", - ამბობს ჩიტაძე.
მისი თქმით, შეიძლება ოფიციალურმა ერევანმა არ გამოხატოს რაიმე მკაცრი პოზიცია, მაგრამ პრესკონფერენციაზე სომეხი ჟურნალისტები აუცილებლად დაუსვამენ ზურაბიშვილს კითხვას ამ თემაზე და ზურაბიშვილი უნდა ეცადოს, რომ მოქნილობა გამოიჩინოს და ნეიტრალური პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
ამასთან, ჩიტაძე არც იმას გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მომავალშიც არაერთხელ მოვისმინოთ ამგვარი გაუგებარი, დაუფიქრებელი განცხადებები.
„დაუფიქრებელ განცხადებებს კიდევ უნდა ველოდოთ. თუმცა უარესი განცხადებებიც გაუკეთებია, მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრობისას სტამბულში ვიზიტის დროს მისასალმებელ სიტყვაში რამდენჯერმე ახსენა, რომ კონსტანტინოპოლში იყო," - დასძენს ჩიტაძე.