რეზონანსი
03.03.2019

 აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და  რთულ სიტუაციაში მისი დახმარება აუცილებელია ქვეყნის მთლიანობისთვის, - ასე ეხმიანება შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული აფხაზეთისათვის ელექტროენერგიის რუსეთში შეძენას.

„არ ვეთანხმები საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ეს ფუჭ ხარჯად მიაჩნია, რადგან აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. ჩვენ ყველგან მოვითხოვთ, რომ მუდმივად აღიარებულ იქნას, დადასტურებული იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს არის სწორედ საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობის რეალიზაცია. საქართველო თავის მოსახლეობას არ ტოვებს კრიტიკულ სიტუაციაში ელექტრო ენერგიის გარეშე“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ცნობისათვის, საქართველოს ხელისუფლებამ წელს კიდევ ერთხელ შეიძინა რუსული კომპანია „ინტერ რაოსაგან“ 45 მილიონი კოლოვატ-საათი  ელექტრო ენერგია, რომელიც რუსებმა ოკუპირებულ აფხაზეთს უნდა მიაწოდონ. ამის შესახებ ისაუბრა  ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ „პირველი არხის“ ეთერში. მან აგრეთვე აღნიშნა,  რომ კონტრაქტის ღირებულება 315 ათასი დოლარია.

აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა როგორც წესი გზაფხულის დასაწყისში დგება ხოლმე, როდესაც ენგურჰესზე წყლის დონე კლებულობს.

ზაქარეიშვილის აზრით, აფხაზეთთან შემორჩენილი ბმები აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, ამ შემთხვევაში კი ელექტროენერგია გარკვეულ მაკავშირებლად გვევლინება. ამიტომაც  მნიშვნელობას კარგავს საუბარი იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ამას საზოგადოება - ნეგატიურად თუ პოზიტიურად, რადგან მთვარი საქართველოს მთლიანობაა.

„სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ბმები დაგვრჩა ჩვენ აფხაზეთთან. ამ შემთხვევაში ელექტრო ენერგია ყველაზე მკაფიო მაგალითია. ჩვენ თუ ეს ბმა გავწყვიტეთ, ერთი-ორი წელი მათ გაუჭირდებათ, მაგრამ შემდეგ უკვე რუსები შეიტანენ მუდმივად დენს და კიდევ უფრო მეტად იქნება აფხაზეთი დაშორებული საქართველოსაგან.

„რადგან ჩვენ მათ დენს ვაწვდით და ვიხდით კიდეც  ფულს, ისინი არ არიან დამოუკიდებლები, ეს მკაფიოდ ჩნდება. ვიღაც სხვა ქვეყანა ხომ არ უხდის ამ ფულს, არა?

„საქართველო ამას უნდა აკეთებდეს მიუხედავად იმისა, იქიდან რა იქნება - როგორც პედიატრი არ ეკითხება ბავშვს ნებართვას, როცა მას რაღაცა სტკივა და მკურნალობს მას.

„ისინი ჩვენი ხალხია, ჩვენი მოსახლეობაა. კეთილი  უნდა ვინებოთ და მივხედოთ მათ, თუ ჩვენ ვთვლით ამ ტერიტორიებს ჩვენ ტერიტორიებად. მიუხედავად იმისა, თუ რა მოდის იქიდან, ეს მადლიერება იქნება თუ უმადურობა, რაც არ უნდა მოდიოდეს, ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

ნინი იკაევა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×