"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიციაც და "ოცნების" უმრავლესობიდან გასული დეპუტატები წინასწარ თადარიგს იჭერენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ვინ მოხვდება მომავალ პარალმენტში. სხვა ახსნას ამ პროცესების შეფასებისა, ვერ ვპოულობ".
ასე ეხმიანება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური "ოცნებაში" და ოპოზიციურ სპექტრში განვითარებულ მოვლნებს.
გიორგი ოთხმეზური: მე "ოცნების" საშინაო საქმეებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ გარედან რაც ჩანს, ეს წასული დეპუტატები ალბათ ფიქრობენ, რომ "ოცნების" რეიტინგი დაეცა.
თანაც, არ იციან, ვინ მოხვდება "ოცნების" საარჩევნო სიაში გარანტირებულად მოხვდებიან თუ არა მომავალ პარალმენტში და ფიქრობენ თავად შექმნან ოპოზიციური პარტია, რეალურ ძალად ჩამოყალიბდნენ და საზოგადოებაში გარკვეული რეიტინგიც მოიპოვონ.
თვითონ კი ამბობენ, მოსამართლეების თემა გახდა წყალგამყოფიო, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო ოპოზიციური ნიშის დაკავება სურთ და ამით რეიტინგის აწევა.
როგორ მოახერხებენ ამას, არ ვიცი, რადგან, ჯერჯერობით საზოგადოების აღქმა ისეთია, რომ ისინი არიან "ოცნებაზე" განაწყენებული ხალხი.
მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკითი და მოსამართლეების თემით კი გაუჭირდებათ საზოგადოების მხარაჭერის მოპოვება.
მეც ნაწყენი ვიყავი, როცა "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ისევ კუბლაშვილი დარჩა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პაპუაშვილი, მაშინ სად იყვნენ, რატომ არავინ ამოიღო ხმა? იმიტომ ხომ არა, რომ უკვე გარანტირებული ჰქონდათ თანამდებობები.
ახლა ბესელია და მისი გუნდი თუ "ნაციონალურ მოძრაობას" შეეკრა, ეს ხომ მათ პოლიტიკურ მომავალს საერთოდ არ წაადგება. ალბათ გაანალიზებენ ყველაფერს და უფრო კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებენ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარის, არ ვიცი, პროცესები გაექცა თუ სელექციის მეთოდით მოქმედებს, როგორც ჩვენი ექსპერტები ამბობენ, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, პარტიას განახლება სჭირდება.
მთავარი ხომ არ არის პარტიაში ყოფნა, ახლა "ოცნების", როგორც პარტიული სტრუქტურის ამოცანაა, როგორ მივა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და რა შედეგს დადებს. იმედია, ახლა მაინც იმ ხალხით დაკომპლექტდება "ეს სანუკვარი სია", რომლებიც მართლაც რაღაცას გაკეთებენ მომავალში.
"ოცნებამ" ის მაინც უნდა გააკეთოს, რომ ხალხში იმედი გააჩინოს, რომ ქვეყანა ვითარდება და წინ მიდის. იმედი გააჩინოს, რომ სამართლიანობა აღდგება, სოციალური პირობები გაუმჯობესდება და ა.შ. მართალია ამას ერთი წელი კი არა, მეტი დრო დასჭირდება, მაგრამ ამ კუთხით აქტიური მოქმედება ხელისუფლებამ ახალავე უნდა დაიწყოს.