„ეს დასვკნა გაუმართლებელი და ერთმნიშვნელოვანია. გაუქმება ვერ მოიტანს იმ შედეგს, როგორადაც ხატავენ; შედეგი უფრო მეტი უწიგნურობა იქნება. განათლების დონით, ბოლო 20-25 წლის თაობები გაცილებით ჩამორჩება 70-იანი წლების თაობებს.
"90-იანი წლები, ბნელ წლებს, რომ ვეძახით ახლა, სკოლებში განათლებამიღებულები მოვიდნენ. ჩვენ გვყავს ბევრი ბრწყინვალე მასწავლებელი, მაგრამ ძირითადი მასა არის ის, ვინც განათლება 1990-2000 წლებში მიიღო," - აცხადებს პავიას უნივერსიტეტის პროფესორი სოლომონ ნერგაძე განათლების სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმის ფარგელბში, დამამთავრებელ კლასებში გამოცდების გაუქმების შესახებ, „რეზონანსთან" საუბრისას.
განათლების სამინისტროს რეფორმების ფარგლებში გამოცდების გაუქმება დაანონსდა, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებს სკოლაში გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ.
რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, 2020 წლიდან აბიტურიენტებმა გამოცდები სამ სავალდებულო საგანში უნდა ჩააბარონ: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე საგანი იმ პროფილის მიხედვით იქნება, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო საგნებს შორის აღარ იქნება, 2020 წლიდან ზოგადი უნარების გაუქმებაც იგეგმება.
„რეზონანსი": ეს რეფორმა როგორ იმოქმედებს უმაღლეს დაწესებულბებთან მიმართებაში, უნდა ველოდოთ თუ არა სტუდენტთა რაოდენობის გაზარდას?
სოლომონ ნერგაძე: თუ სკოლამ არ მოამზადა უნივერსიტეტში წამსვლელი, იმას ბაზა არ ექნება. უნივერსიტეტს მოამარაგებენ უსწავლელი ბავშვებით. ძალიან ბევრს ხუმრობენ ორდიპლომიან ტაქსისტებზე, მაგრამ ეს ჩვენი დალხინებული ცხოვრების ბრალი არ არის. მაშინ რად გვინდა, საერთოდ გავაუქმოთ სკოლა. ჯვრის დასმა ძალიან ადვილია.
უნივერსიტეტი ვერ მიიღებს შევსებას, ვერ მიიღებს სტუდენტს, რომელსაც აქვს ის მინიმალური განათლება, რომელიც საჭიროა, რაზეც აეგება მთელი მისი ცოდნა და მომავალი პროფესიული განათლება. გამოცდების გაუქმება ეს იქნება კატასტროფა. იქნებ სხვაგვარად შეცვალონ? არ შეიძლება უცებ მოვიდეს ვიღაცა და თქვას, რომ „მე ასე მინდა." საზოგადოების განვითარებას თავისი კანონები აქვს.
როგორც არ უნდა „ვიხტუნაოთ", ეს მაინც ისე განვითარდება, როგორც უნდა განვითარდეს. ჩვენც ისე უნდა მოვიქცეთ, რომ, როგორმე ამ განვითარების ჩარჩოებში ჩავჯდეთ.
საერთო ეროვნული გამოცდები არის იტალიაში და სხვა ბევრ ქვეყანაში. იმ ბაზით მოდიან შემდეგ უნივერსიტეტში. გეტყვით ჩვენი უნივერსიტეტის მაგალითზე, რომელიც საკმაოდ მაღალი დონის უნივერსიტეტია, განსაკუთრებით სიცოცხლის მეცნიერებათა მიმართულებით, ვსაუბრობ პავიას უნივერსიტეტზე; ბიოლოგია, მედიცინა, ქირურგია, - ამ მეცნიერებებზე იმდენად ბევრი მსურველია, რომ მისაღებ გამოცდებს ატარებენ და თანაც ატარებენ უფრო ადრე, ვიდრე სხვა ფაკულტეტები.
„რ": როგორ ფიქრობთ, ზოგადი უნარების ჩაბარება უნდა იყოს თუ არა სავალდებულო და რამდენად არის შესაძლებელი ადამიანის ცოდნის განსაზღვრა ზოგადი უნარებით?
ს.ნ: ზოგადი უნარები შემოიღეს ლოგიკური აზროვნების განსავითარებლად. ეს ყველა საგანში უნდა იყოს, განსაკუთრებით მათემატიკაში. თუ ზოგადი უნარების ტესტი უნდა გაუქმდეს, უნივერსიტეტს შეუძლია დანიშნოს ზოგადი უნარების გამოცდა. გაუქმებას არ ვისურვებდი. ვისურვებდი, რომ მეტი ყურადღება იყოს მათემატიკისკენ. მგონია, რომ ამით ბრძოლა გამოუცხდეს რეპეტიტორებს. რეპეტიტორი მაინც იქნება, მაგრამ მათ იმ მეთოდებით არ ებრძვიან, როგორც ეს ჩვენთან ხდება.
ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა დაწყებით კლასებშია. ამ ბავშვებმა უნდა ისწავლონ თამაშ-თამაშით. ამ ბავშვების იგივე რეჟიმში ჩაყენება, როგორიც მე-7, მე-8 და მე-9 კლასელებისაა, არ შეიძლება. გადატვირთვას და მრავალი მასალის მიყრას, ჯობია ასწავლონ ცოტა, ლოგიკურად და კარგად.
ვემხრობი გამოცდების დატოვებას, მაგრამ არა იმ სახით, რა სახითაც არის. ისეთი ელემენტების შემოტანა თუ გააგრძელეს, რომელიც მენტალიტეტის მუტირებას, გადაწყობას აკეთებს, მივიღებთ ისეთ თაობას, რომელიც არც თაგვი იქნება და არც ჩიტი
„რ": დღეს საქართველოში განათლების რა დონე გვაქვს?
ს.ნ: ძალიან მიმძიმს თქმა, მაგრამ, ის ბაზა, რაც სკოლიდან უნვერსიტეტში მოყვებათ, არის რაღაც მიმართულებით კარგად განვითარებული, სხვა მიმართულებით - ნაკლებად. დღეს საქართველოში სწავლების დონე საშუალოც კი არ არის, ამას დიდი გულის ტკივილით ვამბობ.
სკოლას თუ არ მივხედეთ, ქვეყანა რისთვის გვინდა? ქვეყანა მმართველებისა და პროფესიონალების გარეშე არ დარჩება, მაგრამ იქნებიან სხვები და არა ქართველები. თუ ასე გავაგრძელებთ, ნამდვილად იმ დონემდე მივალთ, რომ ვიქნებით ჩამოსული ტურისტების, სასტუმროების მომსახურე პერსონალი. არის ხალხი, ვისაც დიდი პოტენციალი აქვს.
სკოლა იყო და ჯერ კიდევ არის, მაგრამ მეშინია არ მოისპოს, არ გადაშენდეს. თუ სკოლაში სწავლების დონემ არ აიწია, ვიქნებით ქართველები მომსახურე პერსონალი. იქ ვიღაც აუცილებლად მოვა, ეს საზოგადოების განვითარების კანონში ზის. მსურს რომ უფრო მეტი ჩვენ ვიყოთ.