ეკატერინე ბასილაია
04.03.2019

 „ქართული ოცნებიდან" დეპუტატების წასვლა გრძელდება. ბოლო 2 კვირაში „ოცნებას" უკვე 7-კაციანი დანაკარგი აქვს. უმრავლესობის რიგები კიდევ ორმა დეპუტატმა დატოვა - გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა, თუმცა ისინი არა ეკა ბესელიას „ამბოხებულთა" ჯგუფს უერთდებიან, რომლებსაც ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად სწორედ 2 დეპუტატი აკლდებათ, არამედ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს" და ამით „პატრიოტები" უკვე მეორედ გადაურჩებიან ფრაქციის სტატუსის დაკარგვას.

უმრავლესობაში დაწყებულმა პროცესმა პარლამენტში კონფიგურაციაც შეცვალა. „ქართული ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის სტატუსის დაკარგვის შემდეგ ორი ფრაქციაც დაეშალა - „სოციალ-დემოკრატები" და „მრეწველები". ასევე ცვლილებაა ოპოზიციის ფლანგზე, სადაც უმცირესობის სტატუსი დაკარგა „ევროპულმა საქართველომ" და თუ სტატუსის დაბრუნება სურთ, „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად უნდა შექმნან ახალი უმცირესობა.

ამ მთელ პროცესში კი „პატრიოტთა ალიანსი" გაძლიერდა, რადგანაც ფრაქციის დაშლის პირას მდგარ ჯგუფში ორშაბათს ორი დეპუტატი შეურთდა მმართველი პარტიიდან.

გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა უმრავლესობის დატოვების შესახებ პარლამენტის ბიუროს ორშაბათს უკვე მიმართეს. პარლამენტის ბიუროს ასევე ორშაბათს მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა" და ფრაქციაში ამ ორი დეპუტატის გაწევრიანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება მე და მირიან წიკლაურმა და „პატრიოტთა ალიანსმა". ერთობლივად გავაგრძელოთ საპარლამენტო ფრაქცია. „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები",- აი ასეთი კონფიგურაციით გავაგრძელებთ პარლამენტში საქმიანობას,"-განაცხადა ჟორჟოლიანმა.

„პატრიოტების"ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ფრაქციის სახელი შეეცვლება და და დაერქმევა "პატრიოტთა ალიანსი-სოციალდემოკრატები".

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური. მე ყოველთვის ვაფასებდი ამ ადამიანებს და ახლა მიხარია, რომ ჩვენ უკვე ერთი ფრაქციის ფარგლებში შეგვეძლება ვიმსჯელოთ მთელ რიგ საკითხებზე, მით უმეტეს, რომ ვართ თანამოაზრეები",- განაცხადა ინაშვილმა.

უმრავლესობის რიგებიდან დეპუტატების წასვლა 21 თებერვლიდან დაიწყო. 115-კაციანი უმრავლესობიდან უკვე 7 დეპუტატი წავიდა. ჯერ წავიდნენ - ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, და ლევან გოგიჩაიშვილი. 27 თებერვალს უმრავლესობის დატოვებაზე გადაწყვეტილება მიიღო ზვიად კვაჭანტირაძემაც. 4 მარტს კი უმრავლესობიდან გავიდნენ გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური. ამჯერად მმართველ ძალას პარლამენტში 108 დეპუტატი ჰყავს.

გარდა იმისა, რომ ამ პროცესით „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა, ასევე უმრავლესობაში შემავალი ორი ფრაქციაც დაიშალა - ერთია ფრაქცია „სოციალ-დემოკრატები", რიმლის წევრები იყვნენ ბექა ნაცვლიშვილი, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური. მეორე დაშლილი ფრაქცია არის „მრეწველების", რომელიც ორშაბათს დატოვა ბიზნესმენმა შოთა შალელაშვილმა, თუმცა შალელაშვილი უმრავლესობის რიგებში რჩება და ფრაქცია „ოცნებაში" გადადის.

ამ პროცესით, უმრავლესობიდან წამოსული 2 დეპუტატი მეორედ აძლიერებს ოპოზიციურ ფრაქციას „პატრიოტთა ალიანსს", რომელიც გასულ კვირას დატოვა დავით ჭიჭინაძემ და ფრაქცია 5 დეპუტატით დარჩა, რითაც დაშლის საფრთხის წინაშე დადგა.

ბესელიას ე.წ. ჯგუფიც ელოდება უმრავლესობიდან დეპუტატების წამოსვლას და მათთან შეერთებას, რომ ფრაქცია შექმნან. ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ, რადგანაც ამ ჯგუფში მხოლოდ 4 დეპუტატია, ბესელია, გოგიჩაშვილი, ფოფხაძე და კვაჭანტირაძე. ეს ჯგუფი „ოცნებიდან" მინიმუმ 2 დეპუტატის წამოსვლას ელოდება, რომ ფრაქციის შესაქმნელად საჭირო 6 კაცი მოგროვდეს.

ეკა ბესელიამ გასულ კვირას დაანონსა კიდეც, რომ უმრავლესობიდან წამოსვლები ჯერ მხოლოდ დაიწყო და უახლოეს მომავალში კიდევ ბევრ წამომსვლელს ვნახავთ. ჯერ უცნობია, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის რიგების დატოვებაზე და „ოცნებიდან" წამოსულები ბესელიას ე.წ. ჯგუფს აირჩევენ, „პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდებიან თუ საერთოდ ახალ ჯგუფს შექმნიან.

„პატრიოტთა ალიანსის" წევრი გიორგი ლომიას თქმით, არის ინფორმაცია, რომ უმრავლესობიდან 30 დეპუტატამდე უნდა წამოვიდეს და მოხარული იქნება თუ მათი ნაწილი მის პოლიტიკურ გაერთიანებას შეურთდება. ლომიას თქმით, უკვე არის იმის მოლოდინი, რომ ახალი უმცირესობა შეიქმნას, სადაც „ოცნებიდან" წამოსულები და „პატრიოტები" ერთად იქნებიან.

„ახლა წავიკითხე, რომ კიდევ 30 წევრამდე გამოაკლდება. დღევანდელი უმცირესობის დაშლა გარდაუვალია, რომც გაერთიანდნენ ეს „ევრონაცები" და „ნაცები". შესაძლებელია, რომ ახალი უმცირესობა შეიქმნას. ჩვენ ამ პროცესს ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს,"- ამბობს ლომია.

ახალი უმცირესობის შექმნის შესაძლებლობა „ნაციონალებსა" და „ევროპულ საქართველოს" აქვთ, გაერთიანების შემთხვევაში, სხვა ფრაქციებს, ჯერჯერობით, არა.

კანონის მიხედვით, უმცირესობაში შეიძლება გაერთიანებული იყოს ერთი ან რამდენიმე ფრაქცია და წევრების საერთო რაოდენობა უნდა აჭარბებდეს უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს. „ევროპულ საქართველოს" პარლამენტში 20 დეპუტატი ჰყავს და დღევანდლამდე საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი ჰქონდა. თუმცა „ოცნებიდან" 7 დეპუტატის წამოსვლის შემდეგ უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ დეპუტატების რაოდენობა უკვე გახდა 21. მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას" 6 დეპუტატი ჰყავს, „პატრიოტთა ალიანსს" უკვე ჰყავს 7 დეპუტატი. დამოუკიდებელი დეპუტატია - 8. მათგან 4 არის ბესელიას ე.წ. ჯგუფში.

დამოუკიდებელი დეპუტატები ასევე არიან: ნატო ჩხეიძე, მამუკა ჩიქოვანი, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი. ამდენად, დღეს ახალი უმცირესობის სტატუსის მოსაპოვებლად ჯგუფს მინიმუმ 22 დეპუტატი სჭირდება, სანამ „ოცნებიდან" კიდევ არ წამოვა ვინმე.

ახლა კითხვაა, გეგმავს თუ არა „ევროპული საქართველო" ყოფილ თანაგუნდლებთან ერთობის ხელახლა შექმნას. უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ „ჯერჯერობით ასეთი კონსულტაციები არ მიმდინარეობს და „ევროპული საქართველოსთვის" უმცირესობის ფორმალური სტატუსი არ არის დიდი მნიშვნელობის მქონე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×