40-წუთიანი ლოდინის შემდგომ შეიძლება ტრანსპორტი სულაც არ გამოჩნდეს
თეო გუდავაძე
05.03.2019

 დედაქალაქში ავტობუსების ტაბლოებზე სრული ქაოსია. მგზავრები უმეტესად ვერც იგებენ, რამდენი ხანი უნდა ელოდონ ტრანსპორტს. აცდენაა ტაბლოებსა და ინტერნეტაპლიკაციას შორისაც, რომელიც ლოდინის დროის დაგეგმვას უნდა უწყობდეს ხელს. პრობლემის შესახებ მერიაში იციან და ამბობენ, რომ მის მოსაგვარებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პროგრამა სატესტო რეჟიმში უკვე წარმატებით ამოქმედდა, თუმცა კონკრეტული ვადა, როდის გამოსწორდება ხარვეზი, კვლავ უცნობია.

"რეზონანსი" ჯერ კიდევ შემოდგომაზე წერდა იმავე პრობლემაზე. მაშინ მერიაში გვითხრეს, რომ იცოდნენ ამის შესახებ და იანვრიდან ხარვეზები აღმოიფხვრებოდა. ოთხი თვის შემდეგ კი მოსახლეობა კვლავ მოუწესრიგებელ ტაბლოებზე ნაჩვენებ დროს ხედავს.

უკვე ერთ წელიწადზე მეტია, დედაქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე, ყველა ნომერი ავტობუსის ხაზზე, ტაბლოები აცდენილია კონკრეტულ გაჩერებამდე ავტობუსის მისვლის რეალურ დროს. ცდომილებაა ტაბლოებსა და ონლაინაპლიკაციას შორისაც. მგზავრები ამბობენ, რომ სხვა დრო წერია ტაბლოზე, სხვა დროს აჩვენებს ვებგვერდი ინტერნეტში და ხშირად ავტობუსის მოსვლის დრო არც ერთს არ ემთხვევა. საღამოს ცხრა საათიდან კი 40-წუთიანი ლოდინის შემდგომ, შესაძლოა, მძღოლმა ავტობუსი მგზავრს არც კი გაუჩეროს ან სულაც არ მოვიდეს.

ირმა გოლეთიანი ავტობუსით ყოველდღე მგზავრობს. იგი ამბობს, რომ ყველა ნომერი, რომლითაც მგზავრობა უწევს, მოუწესრიგებელი განრიგით მოძრაობს, მაგრამ განსაკუთრებით 91 და 24 ნომრებია მისთვის პრობლემური.

"გოთუას ქუჩაზე ვცხოვრობ და დიღომში ვმუშაობ. ორი ავტობუსით ვმგზავრობ ყველაზე ხშირად - #24 და #91. სამწუხაროდ, ორივე ძალიან გაურკვევლად მოძრაობს. დღეში ორჯერ მაინც მიწევს ავტობუსით მგზავრობა - სამსახურამდე და სამსახურიდან. გარდა ამისა, თუ სადმე ვარ მისასვლელი, მაშინაც ავტობუსს ვარჩევ. ერთი პერიოდი თითქოს მოწესრიგდა მარშრუტი, მაგრამ ბოლო დროს სრული განუკითხაობაა. შეიძლება ნახევარი საათი ველოდო და არც კი მოვიდეს, განსაკუთრებით საღამოობით, როდესაც გოთუაზე ველოდები #91 ავტობუსს.

დიდი იშვიათობაა, ტრანსპორტი მოვიდეს იმ დროში, რაც ტაბლოზე წერია, 5-8 წუთის დაგვიანებით მოდის, თუმცა ხანდახან ადრეც მოვარდება ხოლმე და ინტერნეტაპლიკაციასაც ამიტომ ვერ ვენდობი. გამოდის, რომ არანაირი მექანიზმი, რაც ტაბლოებსა და განრიგს უკავშირდება, არ არის სანდო. ეს შეიძლება საცობებს დაბრალდეს ან სხვა რამეს, თუნდაც ტექნიკურ პრობლემებს, მაგრამ სულაც არ არის შვება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამსახურში აგვიანდება ან თუნდაც სადმე მიდის.

ხშირად ისეთ მდგომარეობაში ვარ, იძულებული ვხდები, ტაქსით გავაგრძელო გზა. მერიას რომ ჰკითხო, ავტომანქანების შემცირება უნდა ქალაქში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წინა პლანზე წამოწევა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს ყველასთვის არახელსაყრელი იქნება, რადგან ვერაფრით გაიგებ, როდის დადის. შესაბამისად, მერიაც მიზანს ვერ მიაღწევს. სწორედ ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იფიქრონ პრობლემის აღმოფხვრაზე," - აღნიშნა ირმა გოლეთიანმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მსგავსი ისტორიები იშვიათობა არ არის და მოსახლეობა ითხოვს სისტემის მოწესრიგებას. პრობლემის შესახებ იციან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, სადაც ამბობენ, რომ ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს და იგი უახლოეს მომავალში გადაიჭრება. სატესტო რეჟიმმა თითქმის გაამართლა და სადისპეტჩერო ტაბლოების გამართვა-მოწესრიგებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.

"პრობლემის შესახებ ვიცით და ამ მიმარულებით სატრანსპორტო კომპანია მუშაობს. როგორც ცნობილია, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება "საქართველოს ბანკთან" ბილეთების ახალი სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ კუთხით და ეს პროგრამა მოიცავს ტაბლოების ახალ სისტემაზე გადაყვანასაც. იგი უახლოეს მომავალში ჩაეშვება და ბევრად უფრო კომფორტული და ზუსტი გახდება მგზავრებისთვის ტაბლოდან მიღებული ინფორმაცია.

ამოქმედდება სადისპეტჩერო სისტემა, რომელიც უფრო გაამარტივებს მუშაობას. ტაბლოებზე ზუსტი დრო და განრიგი დაიწერება და, ასევე, გაიმართება ინტერნეტაპლიკაცია. მგზავრებს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ, რომ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ შევუქმნათ კომფორტი და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა. სატესტო რეჟიმმა გაამართლა და ძალიან მალე ხარვეზები სრულად აღმოიფხვრება.

უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ტაბლოზე გამოტანილი ინფორმაცია არ ემთხვევა ავტობუსის მოძრაობის რეალურ დროს საცობების გამოც. გარდა სისტემური ხარვეზისა, ესეც სერიოზული მიზეზია. ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ ეს ცდომილებაც გამოირიცხება," - განუცხადეს "ბიზნეს-რეზონანსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

გარდა ავტობუსების ტაბლოებისა, პრობლემაა მეტროში მატარებლების განრიგის უკუთვლის სისტემაც. მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშა ტრანსპორტის მოლოდინის დრო გაცილებით ნაკლებია, და, ავტობუსისგან განსხვავებით, მატარებელს 15-20 წუთი არავინ ელოდება, სისტემა იქაც გაუმართავია. ხშირად კონკრეტული დრო ტაბლოზე 2-3 წუთის განმავლობაში იყინება და თუ ციფერბლატი აჩვენებს, რომ მატარებელი 3-4 წუთში მოვა, მგზავრს, რეალურად, მეტხანს უწევს ლოდინი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×