ტატა შოშიაშვილი
05.03.2019

 ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ევრაზიული ინტეგრაციის პროცესი უშედეგოა და რეგრესის გზას ადგას. ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა 5 მარტს ინტეგრაციულ სტრუქტურებში მონაწილეობისა და ევროპულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შეხვედრაზე განაცხადა - იუწყება ბელარუსის საინფორმაციო სააგენტო „ბელტა".

ლუკაშენკოს განმარტებით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შიგნით გამართული დიალოგის ფარგლებში არ შეიმჩნევა არანაირი წინსვლა და პროცესების განუვითარებლობაც იმითაა გამოწვეული, რომ წესით მოკავშირე სახელმწიფოს შათანხმების ფარგლებში განსახილველმა არაერთმა ეკონომიკურმა საკითხმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დღის წესრიგში გადაინაცვლა:

„სამწუხაროდ, ევრაზიული ინტეგრაციის პროცესი უკუმიმართულებით დაიწყო შემობრუნება, უკვე თუ არ შებრუნდა. მაწვდიან ინფორმაციას ჩვენი მეწარმეებისთვის შექმნილი ბარიერების, დაბრკოლებებისა და შეზღუდვების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად უმოქმედობა შეფარულია რაღაც ციფრული საბუთების საჭიროებით", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა ევრაზიული ინტეგრაციის ერთერთი უმთავრესი მიზნის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საერთო ბაზრის შექმნასა და თანაბარი უფლებების ჩამოყალიბებას.

ლუკაშენკომ განმარტა, რომ ბელარუსისთვის დსთ-ის ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო ბაზრად რჩება, მაგრამ საუბარია დსთ-ის არა მხოლოდ ამჟამინდელ წევრებზე, არამედ საქართველოსა და უკრაინაზეც, რომლებმაც „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა" დატოვეს და რომლებთანაც ბელარუსს კეთილმეზობლური ურთიერთობა და ფართომასშტაბიანი ვაჭრობა აკავშირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×