„პოლიტიკურ მდივანს ფუნქციები რაც აქვს, პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობა შესაბამისად იქნება განსაზღვრული. ბატონი გია არის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და არ სჭირდება მას არანაირი ფორმალური თანამდებობა. ასევე ის პოლიტსაბჭოს წევრია", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ „რეზონანსთან" საუბრისას ,,ქართულ ოცნებაში" პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობის შემოღების შესახებ, რომელსაც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ვოლსკი დაიკავებს.
ზოიძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა რადგანაც იქნა შემოღებული, შესაბამისად, ამის აუცილებლობაც არსებობდა. მისი თქმით, ეს თანამდებობა პარტიებს შორის ურთიერთობის დალაგებას ხელს შეუწყობს.
„პოლიტსაბჭოში სხვადასხვანაირი თანამდებობები გადანაწილებულია თითოეულ მიმართულებაზე. დღეს თუ არ არის ბევრი კვალიფიციური პარტია, არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ არ იქნება.
„ზოგადად, მომავალში გვაქვს არჩევნები. ახალი ფრაქციებია, რომელიც შექმნილია და ბევრი სხვა საკითხია. არსებობს პარტიები, რომელთანაც „ოცნებას" შეიძლება ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა. ამ პროცესში უჩვეულოს ვერაფერს ვხედავ. რადგან შემოიღეს, ე.ი. აუცილებელი იყო.
„არის გარკვეული ფუნქცია, რომელიც ვინმემ უნდა შეასრულოს და შესთავაზეს ეს თანამდებობა. ამაში არც ხალხის ფული მიდის და არც რაიმე დამატებითი ანაზღაურება არ ხდება. ჩვენი ოპონენტები იგონებენ რაღაც სისულელეებს ამ თემაზე," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
შეგახსნებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და დღეს მან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავა, რომელიც მანამდე ვოლსკის ეკავა.