ეკატერინე ბასილაია
05.03.2019

 „ჩემი ამოცანაა, როგორც „ქართული ოცნების", ისე ნაცმოძრაობის" დამარცხება. ეს ამოცანა არ იცვლება იმის მიხედვით, ვინ იქნება „ოცნების" კანდიდატი", - აცხადებს „ოცნების"ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი, რომელიც მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში გეგმავს კენჭის ყრას და მიესალმება, თუ მისი კონკურენტი ირაკლი ღარიბაშილი აღმოჩნდება.

„რეზონანსი": ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დააბრუნა ირაკლი ღარიბაშვილი და ის „ოცნების" პოლიტიკურ მდივნად დანიშნა. თქვენი აზრით, რატომ გახდა ღარიბაშვილის დაბრუნება საჭირო და რას შეცვლის ის „ოცნებაში"?

კობა დავითაშვილი: მართალი გითხრათ, ძალიან მიჭირს რაიმე პროგნოზის გაკეთება. უინსტონ ჩერჩილმა თქვა - პოლიტიკოსის პროფესია მდგომარეობს იმაში, რომ გააკეთოს პროგნოზი და შემდეგ აუხსნას ხალხს, რატომ არ გამართლდა ეს პროგნოზი. ამიტომ, პროგნოზებისგან თავს შევიკავებ. გამოაჩენს საქმე.

ჩემთვის უცნობია, რა არის ღარიბაშვილის რეალური უფლებამოსილებები, რა მანდატი აქვს მას. „ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური მდივნის თანამდებობა თუ არსებობდა, დღეს გავიგე. თურმე გიორგი ვოლსკი ყოფილა ამ თანამდებობაზე. მის მიმართ დიდი პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ არ მგონია, რომ „ოცნების" პოლიტიკურ ხაზს ან განსაზღვრავდა, ან თუნდაც მასზე გადამწყვეტ გავლენას ახდენდა ბატონი ვოლსკი.

კონკრეტული ქმედებებით უნდა გამოჩნდეს, რა გავლენას მოახდენს ღარიბაშვილის დაბრუნება. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც „ოცნებისადმი" ნდობის დაქვეითება გამოიწვია. ერთ, ეს იყო ე.წ. კოაბიტაცია, ასევე „ნაცმოძრაობის" კადრების პორტირება „ოცნებაში", როცა „ნაციონალების" საშუალო რგოლი აღმოჩნდა ამ პარტიაში. ეს პოლიტიკა დაიწყო ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს, გაგრძელდა ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, შემდეგაც და შეცვლის ტენდენციებსაც ვერ ვამჩნევ.

მეორე - შარშან ძალიან დიდი კატასტროფა იყო მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რაც ისევ ძალაში რჩება. ეს ქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემას, როდესაც საზოგადოებაში ნარკოტიკების მოხმარების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

მე მახოვს, ღარიბაშვილი როცა შს მინისტრი იყო, მკაცრი ნარკოპოლიტიკის მომხრე იყო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რას განაცხადებს ამ საკითხზე პარტიის პოლიტიკური მდივანი.

ვნახავ, მისი დაბრუნების შემდეგ „ოცნება" მხარს თუ დაუჭერს, მაგალითად, იმ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტს მე შევთავაზე „პატრიოტთა ალიანსთან" ერთად და მის ინიცირებას მოახდენს. ეს პროექტი გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული შედეგების ნიველირება მოხდეს და კონსტიტუციის მე-12 მუხლი დაზუსტდეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლებას მისცა განმარტება, რომ თურმე ნარკოტიკის მოხმარებაც ამ უფლების ნაწილია. ეს მუხლი ახალი რედაქციით უნდა ჩამოყალიბდეს და გამოირიცხოს ნარკოტიკის მოხმარების კონსტიტუციურ უფლებად გამოცხადება. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურის საკმაოდ მძიმე შედეგები ბევრწილად სწორედ მმართველი პარტიის ნარკოლეგალიზაციისადმი დამოკიდებულებამ განაპირობა.

მესამე, დღეს ყველაზე აქტუალური საკითხია, მოსამართლეების თემა. მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, გვრიტიშვილს, სააკაშვილის რეჟიმის ამ შემადგენელ ნაწილს - ამ მოსამართლეებს და მათ მხარდამჭერებს რას უპირებს „ოცნება". ბატონი ღარიბაშვილი გააგრძელებს იგივე კურსს, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა - „ნაციონალების" პორტირებას, ნარკოლეგალიზაციას და მურუსიძეზე ხელის ჩაბღაუჭებას - თუ რამე შეიცვლება ამ პოლიტიკაში? ეს არის მთავარი და არა პიროვნება.

კონკრეტულ პრობლემატურ საკითხებს უნდა უპასუხოს ღარიბაშვილმა და ამის შემდეგ შეიძლება შეფასება. მისი დაბრუნება „ოცნებაში" რეალური პოლიტიკური ცვლილებების მომტანია, თუ ეს არის დეკორაცია და ხავსი, რომელსაც წყალწაღებული ეჭიდება?

„რ": ღარიბაშვილი არ იტყვის და არ გააკეთებს იმას, რაც ივანიშვილს არ სურს. ანუ, ივანიშვილმა ღარიბაშვილის პირით უნდა გვითხრას აპირებს თუ არა რაიმე ცვლილებას?

კ.დ.: რა თქმა უნდა. თუ ივანიშვილის გზავნილი ღარიბაშვილის დაბრუნებაში მდგომარეობს პოლიტიკის ცვლილებაში, ამას მივესალმები. იმიტომ, რომ, ჩემი ამოცანა მათი პოლიტიკის ცვლილებაა. თუ ეს მხოლოდ დეკორატიული ცვლილებაა, მოლოდინის გაჩენაა ყოველგვარი რეალური ცვლილების გარეშე, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა და ამას არ მივესალმები.

რასთან გვაქვს საქმე, ეს უნდა გაირკვეს დღეს-ხვალ. ღარიბაშვილი უნდა გამოვიდეს და თქვას, რის გაკეთებას აპირებს „ქართული ოცნება". მე ივანიშვილის ბოროტის მოსურნე არ ვარ. მე არ მსურს ივანიშვილის რეჟიმის დამხობა. მე მინდა, რომ ივანიშვილმა გააცნობიეროს საკუთარი შეცდომები და გამოასწოროს.

„რ": თავად ღარიბაშვილზე რას იტყვით, არის ის რეიტინგული და კარგი ლიდერი?

კ.დ.: პიროვნულად არც ქებას დავუწყებ და არ კრიტიკას. ადამიანები იცვლებიან, მისთვის ძალიან ბევრი წელი გავიდა, ალბათ საკმაოდ მძიმე იყო ეს წლები, როცა პრემიერობიდან პოლიტიკურ ფსკერზე აღმოჩნდა. ამ სიმძიმეს ადამიანი სხვადასხვანაირად იტანს, ზოგი ბევრს სწავლობს, ზოგი ვერაფერს ვერ სწავლობს. აქაც ვერ დავიწყებ მკითხაობას.

„რ": ვარაუდის დონეზე ითქვა, რომ „ოცნება" ღარიბაშვილს მთაწმინდის მაჟორიტარად დააყენებს შუალედურ არჩევნებში. ელოდებით, რომ ის თქვენი კონკურენტი გახდება?

კ.დ.: მივესალმები. თუ მას დააყენებენ კანდიდატად, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" აცნობიერებს მთაწმინდის არჩევნების მნიშვნელობას. ჩემი ამოცანაც ესაა. ეს არ არის ერთი დეპუტატის არჩევნები, ეს ძალების გენერალური დათვალიერებაა. რომელი პოლიტიკური ძალა რა პოზიციებს აფიქსირებს, რა გავლენით და რა მხარდაჭერით სარგებლობს საზოგადოებაში - ამის დემონსტრირება იქნება მთაწმინდის არჩევნები. იმედი მაქვს, რომ ბატონი ირაკლი თავს არ აარიდებს დებატებს. მას დებატებში აუცილებლად გამოვიწვევ და იმ შეკითხვებს დავუსვამ, რაზეც გესაუბრეთ.

ჩემი ამოცანაა, როგორც „ქართული ოცნების", ისე „ნაცმოძრაობის" დამარცხება. ამის შანსი აქვთ მთაწმინდელებს, რომ შეცვალონ ქართული პოლიტიკური სპექტრის ის ვითარება, როდესაც არსებობს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. არჩევნებში მონაწილეობაც ამიტომ გადავწყვიტე და ეს ამოცანა არ იცვლება იმის მიხედვით, ვინ იქნება „ოცნების" კანდიდატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×