ჩეხეთში ჩასული რუსეთის სამთავრობო დელეგაციის ერთერთი წევრი პრაღაში არ შეუშვეს და აეროპორტიდან მოსკოვში დააბრუნეს. მისი ვინაობა ოფიციალურ წყაროებს არ დაუსახელებიათ. რუსული გამოცემა „ახალი ამბების ფედერალური სააგენტოს" მონაცემებით, ეს იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩეხეთისა და სლოვაკეთის მესამე ევროპული დეპარტამენტის უფროსი ანდრეი კუზნეცოვი.
ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო „Deník N"-ის ცნობით, ინციდენტი 4 მარტს მოხდა. რუსი დიპლომატი ქვეყანაში უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე არ შეუშვეს, რადგანაც იგი, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენელია და ჩეხეთში არასასურველ პირთა სიაში იყო შეყვანილი.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
ცნობისათვის, რუსი დიპლომატი, რომელსაც პრაღაში შესვლაზე უარი უთხრეს, იმ სამთავრობო დელეგაციის წევრი იყო, რომელსაც რუსეთის მრეწველობის მინისტრი დენის მანტუროვი ხელმძღვანელობდა. რუსული დელეგაციის წარმომადგენლები ჩეხ კოლეგებთან 3-დღიანი მოლაპარაკების გასამართად ჩავიდნენ პრაღაში.
რუსეთში მომხდარი ფაქტი მიღებლად მიიჩნიეს, თუმცა ამის გამო ჩეხეთთან თანამშრომლობის შეწყვეტა არ განუხილება:
„ეს მიუღებელი შემთხვევაა, რადგან დელეგაციის წევრების სრული სია, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან, წინასწარ იგზავნება და თანხმდება. თუ დელეგაციის რომელიმე წევრის მიმართ არსებობს პრეტენზია, ეს წინასწარვე ითქმევა.
„დიპლომატიაში ყველაფერი ხდება, მაგრამ ასე? როდესაც დელეგაცია უკვე ჩამოსულია, ეს კატეგორიულადაა დაუშვებელი", - განაცხადა რუსული დუმის საერთაშორისო კომიტეტის წევრმა ელენა პანინამ.