რისთვის დაბრუნდა პოლიტიკაში და პარტიაში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი? პარტიაში შექმნილი კრიზისის შემდეგ, ივანიშვილმა მას პირადად უხმო და სავარაუდოდ, შემდეგი დავალება მისცა - დაალაგოს პარტიაში არსებული არეულობა და დაიწყოს „ოცნების“ ძველი ელექტორატის შემორიგება.
გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ ღარიბაშვილი პარლამენტშიც ვიხილოთ და ის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი გახდეს, რის შემდეგადაც პარლამენტში მოხვდება და პარალელურად საპარლამენტო ლიდერიც იქნება.
ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი გახდა - ამის შესახებ განცხადება, გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი პარტიის ხელმძღვანელობაში გიორგი ვოლსკი შეცვალა. ვოლსკი ახალშექმნილ თანამდებობაზე გადაინაცვლებს და ის პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანი გახდება.
„ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ მდივნად დაბრუნება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პარტიის გაძლიერებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„რეზონანსთან“ საუბარში „ოცნების“ დესპუტატები არ გამორიცხავენ, რომ ღარიბაშვილი დეპუტატად ვიხილოთ, თუმცა ამბობენ, რომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ ყოფილა. მათი თქმით, თუ კი ეს გადაწყვესტილება მიღებული იქნება, ისინი მხარს დიდი სიამოვნესბით დაუჭერენ.
მათივე საუბრიდან ირკვევა, რომ ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილების შესახებ მათაც ჰკითხა აზრი და დადებითი პასუხი მიიღო. სავარაუდოდ, ღარიბაშვილი შეეცდება, რომ „ოცნებას“ ძველი ამომრჩევლები დაუბრუნოს და პარტიის ე.წ. ძველი გვარდიის კვლავ მობვილიზება მოახდინოს.
ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან“ ვარაუდობენ, რომ პარტიაში დაწყებული კრიზისის ფონზე, ივანიშვილი აღარავის ენდობა და მან გადაწყვიტა, რომ პარტია ახლა უკვე იმ ერთგლი ადამიანებით შევსოს, ვინც წყენის მიუხედავად მაინც მისი ერთგული დარჩა.
მათი აზრით, ივანიშვილი ხვდება, რომ პარტია ნელ-ნელა ეშლება და შესაძლოა გვერდით აღარავინ დარჩეს. ამიტომაც ის ახლა პარტიის რეიტინგზე კი არ ზრუნავს, არამედ მის გადარჩენას ცდილობს.
„ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება მისთვის პირადად ძალიან სასიხარულოა. ქანთარია ამბობს, რომ ეს პარტიაში ახალი ცვლილებების დაწყების ნიშანია და ვარაუდობს, რომ „ოცნების“ შიგნით ბევრი რამ შეიცვლება.
დეპუტატი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის დახმარებით, იმ ძველი ელექტორატის მობილიზებას შეძლებენ, რომელიც „ოცნებას“ 2012 წლისთვის ჰყავდა. ის თვლის, რომ ყოფილ პრემიერს პარტიის ძველ მხადამჭერებთან საკმაოდ დიდი ავტორიტეტი და გავლენა აქვს, ამიტომაც ის მათ დაბრუნებას შეძლებს.
„ღარიბაშვილს შეუძლია, რომ პარტიის ძველი ამომრჩეველი უკან დაიბრუნოს. ჯერჯერობით მისი მთაწმინდის დეპუტატობაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა გამორიცხვით არაფერი არ არის გამორიცხული. უბრალოდ, ჯერ ამაზე საუბრი არ ყოფილა. ვნახოთ. თუ იქნება, მე მას მხარს დიდი სიამოვნებით დავუჭერ. პარტიას ახლა ყურადღება მეტად სჭირდება და ის ამისთვის ღონეს არ დაიშურებს.
„ღარიბაშვილი ხელისუფლებიდანაც პატივისცემით წავიდა და მას საკმაოდ დიდი რესურსი დარჩა. ის ამ ეტაპზე პარტიული საქმიანობით დაკავდება, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ღარიბაშვილის დაბრუნებაზე ყველა ერთხმად შევთანხმდით და მე პირადად ძალიან გამიხარდა“, - განაცხადა ქანთარიამ „რეზონანსთან“.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია ირაკლი ღარიბაშვილის მმართველ პარტიაში დაბრუნებას მიესალმება. ბესელია ამბობს, რომ ე.წ. ირაკლი კობახიძის ჯგუფი უკვე წარსულია. მისი თქმით, აუცილებელია „ქართულ ოცნებაში“ სისტემური ცვლილებები მოხდეს.
„ირაკლის ნებისმიერ გააქტიურებას მე პირადად მივესალმებოდი, თუმცა მმართველ პარტიას ნამდვილად სჭირდება ძალიან სერიოზული სისტემური ცვლილებები - ეს უკვე მათი საქმეა. თუმცა, ჩემი გადასახედიდან ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იმ უთანხმოებისა, რაც იყო და არის მმართველი პარტიის შიგნით, უკავშირდებოდა სწორედ პარტიული საქმიანობის არასწორი მართვის პრინციპებს.
„არ გამოვდგები პოლიტიკურად მიმომხილველად. წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვისთანაც მაკავშირებს ბევრი რამ. ე.წ. კობახიძის ჯგუფი შემიძლია გითხრათ, რომ არის უკვე წარსული, ეს არის დროის საკითხი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება „ოცნებისთვის“ დიდს ვერაფერს შეცვლის. ის პარტიას არც რეიტინგს აუმაღლებს და არც შიდა ურთიერთობების დამლაგებლად გამოდგება.
„საზოგადოებაში „ოცნების“ მიმართ ანტიპატია რაც უფრდო მწვავდება, პარტიაში დამრჩენების და ერთგულების რიცხვი უფრო მცირდება. კატასტროფაა ის შეფასებები, რაც პარტიიდან წასული ადამიანების მხრიდან კეთდება. კვაჭანტირაძემ თქვა, რაც „ოცნებიდან“ წამოვედი, მეზობლები სხვანაირად მესლმებიანო.
„ანუ ივანიშვილი ხედავს, რომ ჩაძირული გემიდან გარბის ხალხი. ამიტომაც ერთგული ადამიანები სჭირდება, რომლებმაც წყენა გულში არ ჩაიდეს და ბოლომდე მისი ერთგულები დარჩნენ. ასეთია ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც წასვლის შემდეგაც მაინც „ოცნების“ ბოლომდე ერთგული დარჩა“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებებიც ვიხილოთ. ძაბირაძე ამბობს, რომ თუ ღარიბაშვილს მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენენ, ცოტა უცნაური იქნება, რადგანაც ღარიბაშვილი დეპუტატად ნაკლებად წარმოსადგენია. მისი აზრით, ის კარგი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და არ იქნება გასაკვირი თუ მას უკან ამ პოსტზე დააბრუნებენ.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უკან დაბრუნება პირველ რიგში პარტიაში დაწყებულ რღვევას შეაჩერებს და მმართველ პარტიას ამომრჩეველთან კომუნიკაციის უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება. კაკაჩია ფიქრობს, რომ ე.წ. ძველი გვარდია იყო, რის გამოც პარტიას ამომრჩეველი ხმას აძლევდა და გაჩნდა საფრთხე, რომ ისედაც დაკარგულ ამომრჩეველს ძველი სახეების პარტიიდან წასვლის შემდეგ, საერთოდ დაკარგვის საფრთხე გაჩნდა.
„ივანიშვილმა პარტიაში არსებული ვაკუუმის შესავსებად გადაწყვიტა, რომ ღარიბაშვილი, როგორც გადამალული ჯოკერი გამოეჩინა. მას ის დიდი ხანია შენახული ჰყავდა და სავარაუდოდ, ასეთი შემთხვევისთვის ინახავდა.
„პირველ რიგში ღარიბაშვილის ამოცანა იქნება, რომ პარტიიდან ძველი სახეების გადინება არ მოხდეს და ეს პროცესი შეჩერდეს. ივანიშვილს სურს, რომ 2020 წლამდე ნაკლები დანაკარგებით მივიდეს.
„ღარიბაშვილის მოსვლის შემდეგ ასევე შესაძლებელია, რომ პარტიამ ოპოზიციასთან დაკავშრებით პოზიციები შეიცვალოს და უფრო ხისტი გახდეს“, - აცხადებს კაკაჩია „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ღარიბაშვლის გადაადგილება პარლამენტში თუ სხვა ადგილას იმაზე იქნება დამოკიდებული, ივანიშვილს გაჭირვება სად უფრო ექნება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ თუ ივანიშვილმა დაინახა, რომ კობახიძემ რესურსი ამოწურა, არც ის არის გამორიცხული, რომ ღარიბაშვილი პარლამენტის თავჯდომარედაც ვიხილოთ. კაკაჩია ფიქრობს, რომ პარტიაში მისი დაბრუნება, ასევე ე.წ. ახალი სახეების პოზიციების გარკვეულ შესუსტებას გამოიწვევს და ლიბერალური ფრთის შევიწროვებაც კი არის მოსალოდნელი.