საბანკო და სამშენებლო სფეროში დაწესებულ რეგულაციებს ბინების გაძვირება არ გამოუწვევია. წესით, ცვლილება მოსალოდნელი იყო, მაგრამ რეალიზაციის კლების გამო დეველოპერები იძულებული გახდნენ, არსებული ფასები შეენარჩუნებინათ, თუმცა საუბარია იმაზეც, რომ ახალი რეგლამენტით აშენებული ბინების ღირებულება დროთა განმავლობაში მოიმატებს, თუმცა ამ ეტაპზე სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ ბაზარზე მოთხოვნა შეამცირა.
მშენებლების ინფორმაციით, პრაქტიკულად ბინები არ იყიდება და ამ მხრივ პრობლემა აქვთ ემიგრანტებსაც, რომლებიც გადახდისუნარიან სეგმენტს წარმოადგენენ. იმის გამო, რომ მათ არ აქვთ დადასტურებული შემოსავალი, სესხი არ უმტკიცდებათ, ერთიანი თანხა კი უძრავი ქონების შესაძენად არავის აქვს.
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელ ირაკლი როსტომაშვილის შეფასებით, დღეს შექმნილი სიტუაცია სამშენებლო კომპანიებში გადაულახავ პრობლემებს ქმნის და ზოგიერთი მათგანისთვის ეს პროცესი შეიძლება, გაკოტრებით დასრულდეს.
"რეგულაციები ნიშნავს, რომ დამატებითი ხარჯია გასაწევი, რაც, წესით, ფასზეც უნდა აისახოს. ხანძარდამცავი მექანიზმი, სიგნალიზაციის ჩართვა და სხვა დამატებით ფინანსურ რესურსს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ბინების თვითღირებულება გაიზარდა, მაგრამ მისი გაყიდვა შეუძლებელი გახდა, ამიტომ მშენებლები იძულებული არიან, ფასები შეინარჩუნონ.
ჯერჯერობით ეს სერიოზულ წინააღმდეგობას ქმნის, ბაზარს მყიდველი არ ჰყავს. კომერციული ბანკი იმისთვის არსებობს, რომ ადამიანი მივიდეს, სესხი აიღოს, მოელაპარაკოს და იმ პერიოდში დაფაროს, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ამ პროცესში სახელწიფო და მთავრობა არ უნდა ჩაერიოს.
თუ ევროკავშირი და საბაზრო ეკონომიკა გვინდა, თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებსაც უნდა შევეჩვიოთ. რეგულაცია, რომლითაც იპოთეკური სესხების გაცემა შეიზღუდა, ძალიან მოკლე პერიოდში შევიდა ძალაში. არც მოსახლეობა და არც ბიზნესი ამ რეგულაციისთვის მზად არ იყვნენ. ძალიან ცუდი ვითარებაა, რეგულაციებმა უძრავი ქონების ბაზარს განვითარების შესაძლებლობა მოუსპო. თუკი ბინებზე ფასს შეამცირებენ, ჩადებულ ინვესტიციებს ვერ ამოიღებენ და გაკოტრდებიან. დღეს ეს რისკი მაღალ დონეზეა.
მშენებლობა აზრს კარგავს. მგონია, რომ გონივრული ნაბიჯებია საჭირო, ჩემთვის გაუგებარია საბანკო რეგულაციის არსი, მშენებლობის ტემპი შემცირდა და ამის გამო ბაზარზე დასაქმებული ადამიანების დაახლოებით 30%-მა სამსახური დაკარგა. ასეთი სერიოზული ცვლილებები ისეთ ვადებში უნდა განხორციელდეს, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად არ იმოქმედოს. ასე თუ გაგრძელდა, ბევრი მათგანი საქმიანობას შეაჩერებს და კიდევ ბევრი ადამიანი, რომლებიც სამშენებლო სექტორში არიან დასაქმებული, სამუშაოს დაკარგავს", - აცხადებს "რეზონანსთან" როსტომაშვილი.
მშენებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ბინების გაძვირება შექმნილი სიტუაციის გამო უახლოეს 2-3 წელიწადში წარმოუდგენელია.
სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა წუხილი ბაზარზე ბანკების გააქტიურებასაც უკავშირდება. ისინი ეჭვობენ, რომ საბანკო სექტორი რეგულაციებით სარგებლობს და უკიდურესად ზღუდავს კრედიტებზე ხელმისაწვდომობას და მაქსიმალურად ცდილობს შვილობილი სამშენებლო კომპანიების გაფართოებას.
კომპანია "ზენიტის" დამფუძნებელ კიაზო აბესაძის თქმით, ბანკების პროფილური ბიზნესი ბაზარზე უფრო და უფრო მეტ პრობლემას ქმნის და კომპანიებს აზარალებს.
"მშენებლობა დროებით შეჩერებული გვაქვს, მაგრამ ვემზადებით ახალი პროექტებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში ბაზარზე ბევრი რამ შეიცვალა. რეგულაციებს თუ გავითვალისწინებთ, გამკაცრდა, მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს სწორი გადაწყვეტილებაა და ამაზე ვერც ვიდავებთ.
რაც შეეხება ფასებს, მოსალოდნელია, რომ მოიმატებს, მაგრამ ცვლილება 2-3 წლის შემდეგ იქნება, ჯერჯერობით ვერავინ გააძვირებს, უბრალოდ, ვერ გაყიდიან! გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფასები სამშენებლო ბაზარზე ხელოვნურად იყო გაზრდილი, რის გამოც სამშენებლო მასალების გაძვირება მაინცდამაინც მტკივნეულად არ ასახულა. აქ არის უფრო სხვა პრობლემა, მონოპოლია ბაზარზე ბანკებს უჭირავთ პარალელური ბიზნესის გამო, შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებს საჭიროების შემთხვევაში, კრედიტების მიღება უჭირთ.
როგორმე უნდა დარეგულირდეს ბაზარი და სახელმწიფო ამ საკითხით დაინტერესდეს. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ლარის გაუფასურებას სამშენებლო სექტორისთვის ისეთი ზიანი არ მიუყენებია, რაც ამ ბიზნესს ბანკების საქმიანობის გამო მიადგა", - ამბობს "რეზონანსთან" აბესაძე.
რეალიზაციის კლებაზე საუბრობენ უძრავი ქონების სააგენტოებშიც, სადაც ადასტურებენ, რომ მოთხოვნა შემცირდა, ხოლო ფასები იგივე დარჩა, რაც რეგულაციამდე იყო.
სააგენტო "კიბის" დამფუძნებელ ნელი გოგუაძის ინფორმაციით, მოთხოვნის კლებამ ფასი დააბალანსა და ეს ვითარება შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდეს.
"დღეს ბინის ფასს ადგილმდებარეობა განსაზღვრავს. საბურთალოზე ჩვენ თეთრი კარკაცები 850 დოლარშიც გვაქვს და 1300 დოლარშიც, ტენდენცია არ იცვლება. ბინები, რომლებიც ახალი რეგულაციების შესაბამისად არის აშენებული, ცხადია, უფრო ძვირი უნდა ღირდეს, მაგრამ დეველოპერები მაქსიმალურად ცდილობენ არსებული ფასის შენარჩუნებას. სხვანაირად გაყიდვა გაუჭირდებათ.
ისედაც არის პრობლემა, რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა. ალბათ, დროთა განმავლობაში ბინები გაძვირდება, განსაკუთრებით, როცა მიწოდების მხრივ შეიქმნება პრობლემა, მაგრამ მსგავსი ტენდენცია ჯერჯერობით ვერ გამოიკვეთება. გაძვირებას რა აზრი აქვს, თუკი მყიდველი არ არის, ამან უფრო დააბალანსა ფასი, მაგრამ ბაზარს ჰყავს უფრო გადახდისუნარიანი კლიენტი, რაც ბანკისთვისაც მისაღებია და რისკიც ნაკლებია", - აღნიშნა "რეზონანსთან" გოგუაძემ.