"ზაფხულის ტურისტული სეზონი ახლოვდება და კატასტროფა გველოდება"
თამარ მუკბანიანი
06.03.2019

 მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატვირთო ავტომობილების 10-კილომეტრიანი საცობია, რაც უკვე ბოლო თვეებში ჩვეულებრივ ამბად იქცა. შედეგად ხშირად იქმნება საავარიო სიტუაციები და უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში ამბობენ, რომ მთავრობა პრობლემის აღმოსაფხვრელად ამ დრომდე არაფერს აკეთებს.

სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების (ტრაილერების) გრძელი რიგი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე. სპეციალისტები მთავრობას ვითარების გამოსასწორებლად დროული რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ასეულობით სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებას თითქმის მთლიანად პარალიზებული აქვს საგზაო მოძრაობა ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით.

"ხშირად იქმნება ავარიული სიტუაცია, ვინაიდან კერძო ავტომფლობელები იძულებული არიან, იმოძრაონ საპირისპირო მიმართულებით. გარდა საგზაო უსაფრთხოებისა, საგრძნობლად გაუარესებულია ეკოლოგიური მდგომარეობა.

შექმნილი საგანგაშო სიტუაცია საფრთხეს უქმნის გუდაურისაკენ მიმავალ ტურისტულ ნაკადს. დაუცველია მგზავრთა საგზაო უსაფრთხოება. ხელს უშლის გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას, შედეგად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ის, რაც საზღვრის მიმდებარედ ხდება, არის კატეგორიულად მიუღებელი და წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას ჩამორჩენილ სახელმწიფოდ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად", - აღნიშნავენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო მესხიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გზებზე მძიმე მდგომარეობა და მრავალკილომეტრიანი საცობი სარკინიგზო ტვირთების ტრაილერებში გადანაცვლებამ გამოიწვია. საავტომობილო სფეროს სპეციალისტი ამბობს, რომ პრობლემის აღმოფხვრა ბევრი სამთავრობო უწყების ერთობლივი მუშაობით უნდა მოხდეს.

"მძიმე სურათი თვეებია, გრძელდება და საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებები დუმან. ამის გამომწვევი რამდენიმე ფაქტორია. პირველ რიგში, ტრაილერებით ტვირთის გადაზიდვის მაჩვენებელმა მკვეთრად იმატა. ეს ერთი შეხედვით თითქოს კარგია, მაგრამ სინამდვილეში იწვევს რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის კლებას. მოხდა ჩანაცვლება. მეორე მხრივ ეს უქმნის საგზაო უსაფრთხოებას საკმაოდ დიდ პრობლემას.

ევროკავშირში ყველა მიმართულია იქითკენ, რომ განიმუხტოს გზები და რაც შეიძლება უსაფრთხო მეთოდით, ანუ რკინიგზით ხდებოდეს გადაზიდვები. ჩვენთან პირიქითაა.

წარმოუდგენლად დიდი სატვირთო ავტომობილების კოლონა, რომელსაც დაკავებული აქვს გზის მთლიანი ნაწილის ერთი სამოძრაო ზოლი (სულ ორზოლიანია გზა). ამის გამო ავტომობილები გადადიან საპირისპირო მიმართულებით, რაც ქმნის საავარიო სიტუაციებს.

გარდა ამისა, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობაც. წარმოიდგინეთ, ასეულობით დაქოქილი ტრაილერი ერთ ადგალას არის კონცენტრირებული. ეს ყველაფერი ერთობლიობაში აზიანებს საკურორტო ზონას, სადაც სეზონი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ გადატვირთული გზის გამო ადამიანები, რომლებიც მოკლევადიანი ტურით, 2 დღით ფიქრობდნენ ჩამოსვლას ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებენ, როცა იციან, რომ მთელი დღე გზაში უნდა გაატარონ", - აცხადებს "რეზონანსთან" მესხიშვილი.

მისივე თქმით, ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად პრობლემა უფრო გამძაფრდება, თუ მთავრობა მყისიერად არ იმუშავებს საკითხზე.

"ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენთვის გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. ხედავენ ამ სამარცხვინო პრობლემას და არაფერს აკეთებენ აღმოსაფხვრელად. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ უწყებას. აქ ჩართული უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტრო, შსს, გარემოს დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და სხვა არართი უწყება, რომლებიც, როგორც ჩანს, სათითაოდ თვლიან, რომ ეს მათი პრობლემა სულაც არ არის და სხვისი აღმოსაფხვრელია. ამ არაკოორდინირებულობამ გაუსაძლისი მდგომარეობა შექმნა.

რამდენიმე არასამთავრობოსთან ერთად ვგეგმავთ, აქტიურად ვიმუშაოთ პრობლემის გადასაჭრელად და მიზეზების დასადგენადაც. ზაფხულის ტურისტული სეზონი ახლოვდება და მერწმუნეთ, თუ პრობლემის გადასაჭრელად არაფერი გაკეთდა, ბევრად მძიმე საგზაო მდგომარეობას მივიღებთ", - აცხადებს მესხიშვილი "რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×