კომპიუტერიდან ფურცელზე ამობეჭდილი წერილი და შუამავლით გაგზავნილი შეტყობინება - რა მისწერა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს და ავთენტიკურია თუ არა ის დოკუმენტი, რომელიც გუშინ ხაზარაძემ სასამართლოს წარუდგინა, ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, ერთი დეტალი - სასამართლოში ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი შუამავლისაგან მიიღო, თუმცა მისი ვინაობის დასახელებისაგან თავი შეიკავა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეს დამაჯერებელი მტკიცებულება არ არის და მსგავსი წერილის შექმნა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. პროკურორის განცხადებით, მათ ჯერჯერობით სასამართლოსათვის გადაცემული წერილის ასლი არ მიუღიათ, რის გამოც წერილის შინაარსზე ვერ საუბრობს.
"მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე წარმოადგინა ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამ წერილში რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჩანს. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, წერილი მან მიიღო შუამავლის მეშვეობით.
"რაც შეეხება მის შინაარსს, წერილი ჯერჯერობით ჩვენ არ გადმოგვცემია და ამაზე ვერაფერს გეტყვით. სწორედ წერილის გაცნობის შემდგომ დაიგეგმება, თუ რას განახორციელებს პროკურატურა. ჩვენ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას განვახორციელებთ", - განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.
"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი", - ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის თქმით, პროკურორებს იმ წერილის ასლი გადასცათ, რომელზეც ორშაბათს მან პარლამენტში განაცხადა, მუქარის შემცველიაო.
ხაზარაძის განცხადებით, წერილის ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
"როგორც მოგეხსენებათ, გამოკითხვაზე ვიყავი, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები. გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით, ახლა გამოვედი. წერილის ასლი გადავეცი. ასევე გავაკეთე კომენტარები.
"წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე", - აღნიშნა ხაზარაძემ.
შს მინისტრ გიორგი გახარიასაგან მუქარის შემცველი წერილის მიღების შესახებ სკანდალური განცხადება მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას გააკეთა. მისი თქმით, შს მინისტრი მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით დაემუქრა.
ხაზარაძის განმარტებით, არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ.
რატომ არ ასაჯაროებს ხაზარაძე წერილის შინაარსს? იურისტი ლევან ალაფიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პირი რაიმე დოკუმენტს გადასცემს გამოძიებას, ის დოკუმენტი გარკვეულ რეჟიმში ექცევა და გადამცემს შეზღუდვები უწესდება. ეს უკვე გამოძიების მასალებია და მის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება პროკურატურის პრეროგატივაა.
იურისტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს არის ასევე კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ხაზარაძე ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ალაფიშვილი ამბობს, რომ როდესაც პროკურატურა ასეთ განცხადებას აკეთებს და ყველანაირი გამოძიებისა და შინაარსის გაგების გარეშე საუბრობს, მაშინ საქმე რაღაცაშია. მისი აზრით, პროკურატურა აშკარაა, რომ საზოგადოების აზრით მანიპულირებას ცდილობს.
"თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ხაზარაძემ პროკურატურაში ჩვენების შემდეგ განაცხადა, რომ მას მინისტრმა წერილი მისცა და დაემუქრა, მათ კი ეს განცხადება ყურადაც არ იღეს, ესე იგი რაღაც ხდება. აქედან გამომდინარე, ნდობის ხარისხი უწყების მიმართ საკამოდ დაბალია. თანაც გამოდის, პროკურორი უკვე მხარედ გვევლინება, ეს კი ბევრის მთქმელია.
"ხაზარაძე სწორად მოიქცა, რომ წერილი მისი ნამდვილობის დასადგენად ლონდონში მისთვის სანდო დაწესებულებაში გაგზავნა. თუ ექსპერტიზით დადგინდა, რომ წერილი ნამდვილია, მაშინ პროკურატურა რაღას იტყვის?
"ტექნოლოგიები ახლა იმდენად წინ არის წასული, რომ დაადგენს, საიდან და რით არის გამოგზავნილი. ჩვენ ხომ ჯერ არ ვიცით ტექნიკური დეტალები, ეს შეტყობინება მესიჯის, ხელნაწერის თუ ელექტრონული ფოსტით არის გამოგზავნილი. თუ შუამავალს გაუგზავნა გახარიამ და მან კიდევ აჩვენა და წააკითხა, ეს ხომ ჯერ არ ვიცით.
"ამიტომ მე, მაგალითად, ყველაზე მეტად უფრო წერილის შინაარსი მაინტერესებს. ასე რომ, ეს არ არის შინაარსობრივი არგუმენტი. ხაზარაძე არ მალავს, რომ ეს ორიგინალი არ არის, რადგანაც ქართულ მხარეს არ ენდობა", - აცხადებს ალაფიშვილი "რეზონანსთან".
მისივე თქმით, ჯობია, წერილის შინაარსი პროკურატურამ გაასაჯაროოს, რადგანაც საზოგადოებისთვის ეს უფრო საინტერესოა. იურისტი აცხადებს, რომ ტექნიკურ მხარეს ექსპერტიზა დაადგენს და ამაზე საუბარი პროკურატურის პრეროგატივა არ არის.
ალაფიშვილს უცნაურად არ ეჩვენება ფაქტი, რომ მინისტრმა თავისივე მაკომპრომატირებელი დოკუმენტი თავადვე შექმნა და ხაზარაძეს იმის საშუალება მისცა, რომ ამაზე საჯაროდ ესაუბრა. იურისტი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია, გახარიამ წერილი თუ შეტყობინება რა ფორმით გაგზავნა. ამიტომაც საუბარი ამაზე, რომ ეს დაუჯერებელი ფაქტია, ნაადრევია, რადგან ზუსტად არავინ იცის, ხაზარაძემ ეს წერილი ვისგან და რა ფორმით მიიღო.