ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დააბრუნა და ის "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მდივნად დანიშნა, რის შემდეგაც უკვე გაჩნდა რამდენიმე ვერსია, თუ რისთვის ამზადებს ივანიშვილი მის ყველაზე სანდო ფიგურას. მედიაში გავრცელებული ვერსიით, ივანიშვილი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძის ან არჩილ თალაკვაძის შემცვლელად მოიაზრებს, რათა უმრავლესობაში წესრიგი დაამყაროს და ამისათვის ღარიბაშვილი მაისში მთაწმინდის რაიონში "ოცნების" კანდიდატად იყრის კენჭს, თუმცა პარლამენტში ღარიბაშვილის შეყვანის მოლოდინი არ აქვს პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს. მისი ვერსიით, ღარიბაშვილი შს მინისტრად დაინიშნება.
"ღარიბაშვილის ადგილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში უფროა, ვიდრე - პარლამენტში. მაჟორიტარად ღარიბაშვილის დასახელება კატასტროფა იქნება. თანაც, აქ ერთი მომენტიცაა, როდესაც ხელისუფლება კარგავს რეიტინგს, მას სჭირდება ძალოვანი სტრუქტურები.
"საერთოდ, საქართველოში შს მინისტრის პოსტი ყოველთვის ითვლებოდა პირველი პირის საყრდენ წერტილად და შს მინისტრი უნდა ყოფილიყო ყველაზე ერთგული ფიგურა არსებულ მმართველ გუნდში. ივანიშვილის პოზიციიდან გამომდინარე, ის ღარიბაშვილზე უკეთეს ფიგურას ამ პოსტისათვის ვერ მოძებნის. ღარიბაშვილი არის კაცი, ვინც უსიტყვოდ შეასრულებს ყველა მის ბრძანებას, ამასთანავე, ის პრობლემას არც წასვლის დროს შეუქმნით და არც მოსვლის დროს", - ამბობს ძაბირაძე.
როგორც კი უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა და პარტიის პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა, აქტიურად დაიწყო განხილვები, რომ ღარიბაშვილი მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება.
პირველ რიგში, თითქმის ყველა მედიამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ღარიბაშვილი სულ მალე მთაწმინდაზე "ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდება, ეს კი უკვე ნიშნავს იმას, რომ მას ივანიშვილი რიგით დეპუტატად არ გაუშვებს პარლამენტში და, დიდი ალბათობით, ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი ან უმრავლესობის ლიდერად დაინიშნება, ან - პარლამენტის თავმჯდომარედ, რომ ამით უმრავლესობაში არსებული დიდი კრიზისი განეიტრალდეს და ე.წ. ახლების გუნდიც, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაძლიერდა, ცოტა შესუსტდეს.
ვარაუდია, რომ თუ ღარიბაშვილი მაჟორიტარად დასახელდება, ის უფრო ირაკლი კობახიძის შემცვლელად იქნება მოაზრებული, რადგანაც საპარლამენტო უმრავლესობაში დეპუტატების დიდი ნაწილი ზოგი ჩუმად, ზოგიც ხმამაღლა, დიდი ხანია, სწორედ კობახიძის მიმართ გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ პარლამენტის სპიკერი ერთპიროვნულად და ძალიან ხისტად მართავს პროცესებს.
შუალედური არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს. ღარიბაშვილის მთაწმინდაზე "ოცნების" კანდიდატად შესაძლო დასახელებას "ოცნების" საპარლამენტო ლიდერები, ე.წ. ახალი სახეები არ ადასტურებენ.
"ეს არის ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ არც ერთი სიტყვა ირაკლის მაჟორიტარობაზე ნათქვამი არ არის", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თუმცა იმაზე, რომ "ღარიბაშვილი მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება", საუბრობს ნუკრი ქანთარია, მაგრამ დეპუტატი არ აკონკრეტებს, რისთვის ამზადებენ ყოფილ პრემიერს.
"ეს არის ალბათ ცვლილება, რითაც იწყება დიდი ცვლილებები... ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შემდგომში ალბათ მიიღებს ძალიან აქტიურ მონაწილეობას და ბუნებრივია, რომ მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება, მაგრამ ეს მომავლის საკითხია", - განაცხადა ქანთარიამ.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, არ ელოდება, რომ ღარიბაშვილი ან არჩილ თალაკვაძის ან ირაკლი კობახიძის შემცვლელად განიხილებოდეს.
"თუ "ქართულ ოცნებას" იმდენად გაუჭირდა, რომ ღარიბაშვილის დახმარება სჭირდება მთაწმინდის ოლქში კანდიდატად, მაშინ იმაზე გაცილებით უარესად ყოფილა საქმე, ვიდრე წარმომიდგენია. არ მგონია, რომ ივანიშვილს უჭირს წესრიგის დამყარება, ის ნელ-ნელა, ფრთხილად იშორებს იმ ხალხს, ვისი მოშორებაც სურს. ან უმრავლესობაში ისეთი რა უნდა ხდებოდეს, რომ წესრიგის დამყარება იყოს საჭირო.
"რაღაც პატარა პრობლემებისთვის ღარიბაშვილის პარლამენტში შეყვანას არ ველოდები. ხელისუფლებას არ გაუჭირდება, მთაწმინდაზე კანდიდატად ვინმე მოძებნოს და იმის რესურსი აქვს, იჭიდაოს ამ ოლქში, რომელიც არცთუ ისე მრავალრიცხოვანია და ძირითადად "ოცნების" ოლქად ითვლება.
"ღარიბაშვილს ახალ ფუნქციას აუცილებლად მისცემენ. პოლიტიკურ მდივნად დაბრუნებას არანაირი აზრი არ აქვს. ის არის ივანიშვილისთვის საჭირო კაცი. არ ველოდები, ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძის შემცვლელად განიხილებოდეს. პარლამენტში ღარიბაშვილის როლს, ადგილსა და ფუნქციას ვერ ვხედავ.
"თუ ივანიშვილს კობახიძის გადარჩევა სურს, რა პრობლემა აქვს, გადაირჩევენ. თუ მას რბილი მმართველობა სჭირდება, მე შემიძლია, გია ვოლსკის კანდიდატურა მივაწოდო, რომელიც გაცილებით რბილი და დიპლომატიური იქნება. თუ ვინმეს კობახიძის სიხისტე არ მოსწონს, ღარიბაშვილის ლექსიკა გაცილებით ხისტი და არაკომფორტულია. კობახიძის ლექსიკასთან შედარებით ღარიბაშვილის ლექსიკა ანტიპარლამენტურია. კობახიძე შეიძლება ხისტია, მაგრამ ის კონსტიტუციონალისტია, საპარლამენტო საქმიანობა ესმის და ა.შ.
"არც არჩილ თალაკვაძის ღარიბაშვილით ჩანაცვლებაში ვხედავ აზრს. მე უფრო სხვა ვერსია მაქვს და ვთვლი, რომ ეს უფრო ლოგიკურია. ღარიბაშვილი საკმაოდ კარგი შს მინისტრი იყო, პრემიერის თანამდებობა კი ვერ "გაქაჩა". თუ იმ ჭორებს დავუჯერებთ, რომელიც 2 თვის წინ ვრცელდებოდა - რომ გახარია მზადდება პრემიერად - მაშინ თავისუფლდება შს მინისტრის სავარძელი.
"ოცნებას" ღარიბაშვილის შემდეგ, გახარიამდე შს მინისტრი ფაქტობრივად არც ჰყოლია. პოლიტიკური ლოგიკით, პროცესი ასე უნდა განვითარდეს. ჯერ პარლამენტში მოხდება იმ ხალხის ჩამოშორება, ვინც ივანიშვილს არ სურს, შემდეგ მოხდება მთავრობის გადახალისება და ღარიბაშვილი დაინიშნება შს მინისტრად", - ამბობს ძაბირაძე.