ია აბულაშვილი
06.03.2019

 "2020 წლამდე ერთი წელი რჩება და ეს წელი ივანიშვილმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, ამიტომაც აკეთებს სვლებს, რომ შეცვალოს "ოცნების" მიმართ განწყობა, რაც მის მიმართ განწყობას ნიშნავს", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, ვისაც "რეზონანსი" "ოცნებაში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

"რეზონანსი": თქვენი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით რა შეიცვლება "ოცნებაში" და რა იკითხება ივანიშვილის ამ ტაქტიკაში?

რამაზ საყვარელიძე: ვფიქრობ, ნაადრევი იყო ფინალური შეფასებები, რომ ქვეყანა იღუპება, "ოცნება" იშლება... არადა გვახსოვს, რომ 2011 წელს ივანიშვილი პოლიტიკური ამბიციით გამოჩნდა პოლიტიკურ ჰორიზონტზე, მაგრამ ერთი წლის ინტერვალით, 2012 წელს გაიმარჯვა.

ახლაც იგივე სიტუაციაა - 2020 წლამდე ერთი წელი რჩება და ივანიშვილმა ეს წელი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. ცდილობს, ისევ "ოცნებაში" გამოჩნდეს ალტერნატიული ჯგუფი, შემოიყვანოს ისეთი ფიგურები, რომელთა მიმართ აქვს ნდობა. ასეთი ფიგურა არის ღარიბაშვილი.

ივანიშვილის ამ სტრატეგიაში იკვეთება ის, რომ იგი ასრულებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიცემულ დაპირებას, აკეთებს სვლებს, რათა შეცვალოს "ოცნების" მიმართ განწყობა, რაც მის მიმართ განწყობას ნიშნავს.

"რ": ირაკლი ღარიბაშვილი "ოცნების" პოლიტიკური მდივანი გახდა, თუმცა პოლიტიკურ წრეებში არ გამოიცხავენ, რომ მან შუალედურ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაც დაიკავოს...

რ.ს: ნაკლებ სავარაუდოა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შუალედურ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ ივანიშვილს ღარიბაშვილი პოლიტსაბჭოში უფრო სჭირდება, პოლიტსაბჭოს წაყვანა, საკითხების მოწესრიგება და ა.შ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, რადგან დღეს "ოცნების" შიდა ფრონტი სწორედ პოლიტსაბჭოზე გადის.

თანაც, პარლამენტში მნიშვნელოვანი ფიგურა გამოჩნდა ჩუგოშვილის სახით, ვინც ავტომატურად არ აიღო კობახიძის ხაზი და კომპრომისული ვარიანტი მოძებნა.

"რ": პოლიტიკურ და ექსპერტთა წრეებში ასეთი პროგნოზიც კეთდება, რომ ღარიბაშვილი მოდის და "ახალგაზრდა ბიჭები" მიდიან...

რ.ს: რას ნიშნავს მიდიან? ასე მარტივად ვერ გაუშვებენ, ისინი არჩეულები არიან. ასე რომ, ეს ხალხი დამთავრებული არ არის. იმ ფონზე, რომელიც შეიქმნა პარლამენტში, ივანიშვილს ორი გზა რჩება - ან უნდა გაჰყვეს ამ ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც დიდი რეიტინგის მატარებელი არ არის, პრეზიდენტის არჩევნების დროს ხელმძღვანელობდნენ არჩევნებს და წააგეს, პროცესი კი ივანიშივლის დაპირებებმა შემოაბრუნა. თუ ამ ჯგუფს გაჰყვება, არის მოსაზრება, რომ დამარცხდება 2020 წლის არჩევნებში და შეიძლება, საპირწონე ნაბიჯების გადადგმას იწყებს, რათა ისინი ნელ-ნელა შეავიწროოს.

ივანიშვილი ამ ახალგაზრდა ჯგუფის მარიონეტი ვერ იქნება.

"რ": "ოცნების" ამ ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციაში ბესელიას რა როლი აქვს?

რ.ს: ბესელიამ მტერსაც და მოყვარესაც აჩვენა, რომ პოლიტიკური ალღო აქვს და სწორედ ამ პოლიტიკურმა ალღომ უნდა უკარნახოს, რომ ნახევრად გადადგმული ნაბიჯი მომგებიანი ვერ იქნება. მან თავისი პოლიტიკური ამბიცია ბოლომდე უნდა მიიყვანოს, მით უმეტეს, რომ აქვს ლოზუნგი - ვიბრძოლებ 2012 წლის ღირებულებების დასაცავადო. ეს ერთ პარტიას კი არა, ბევრ პარტიას ეყოფა.

"რ": იმ "სკანდალურ წერილთან" დაკავშირებით რას იტყოდით, რომლის შესახებაც განცხადება ხაზარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა - მეორე ტურის წინ შს მინისტრ გახარიასგან მუქარის წერილი მივიღეო, რასაც გახარია კატეგორიულად უარყოფს. თქვენი აზრით, ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ იტყუება?

რ.ს: ამ ისტორიაში ბევრი რამ გაუგებარია. იმის ნაცვლად, რომ კომიტეტზე საქმის ირგვლივ ემსჯელათ და რაღაც გარკვეულიყო, უფრო მეტი გაურკვევლობა გაჩნდა. საზოგადოებაც ავყევით ოპოზიციის ხმას, რომლისათვისაც მთავარი გახარიას წერილია, ხელისუფლება რომ დაადანაშალონ.

რაც შეეხება ხაზარაძეს, მან, გარდა იმისა, რომ წონიანი ფიგურაა, პოლიტიკოსებთან ურთიერთობის გამოცდილებაც აქვს, სააკაშვილთანაც იყო დაპირისპირებული, მერე მოაგვარა. მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რად დასჭირდა ხაზარაძეს ამის თქმა. თუ თქვა, ბოლომდე უნდა გაეშიფრა.

ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია გაირკვეს, რატომ მოუწიათ ამ ადამიანებს თავისი შექმნილი ბანკის დატოვება. გახარიასთან დაკავშირეით კი შემიძლია ის ვთქვა, რომ ასეთი ტიპის დოკუმენტს უპასუხოდ არ ტოვებენ და ალბათ, მან თავისი სიტყვა უნდა შეასრულოს და სასამართლოში იჩივლოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×