საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში პირველად ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა და მან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ყურადღება გაამახვილა. თუმცა, მის გამოსვლას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა და შეწაყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა - ესაა ის ძირითადი თემები, რომლებმაც ოპოზიციაში მწვავე შეფასებები გამოიწვია. „ევროპელები" და „ნაციონალები" ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში არ უსმენდნენ და მათ დარბაზი პროტესტის ნიშნად მის გამოსვლამდეს დატოვეს.
ზურაბიშვილი ასევე საქართველოს ოკუპრებულ ტერიტორიებსაც შეეხო და განაცხადა, რომ „ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რომელიც ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის ნაწილია",-აღნიშნა მან.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტი არცერთ სერიოზული საკითხს არ შეეხო. მან არც მოსამართლეების, არც ქვეყანაში სამართლიანობის, არც ძალოვნების მხრიდან ძალადობის, ბიზნესის საშინელი რეკეტის, "თიბისის" და ანაკლიის საქმის ირგვლივ არ ისაუბრა.
მათი აზრით, ზურაბიშვილი იქნება კომფორტული პრეზიდენტი, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ქვეყანაში შექმნას პრობლემების არარსებობის ილუზია, ასეთ იდილიურ გარემოში ამყოფოს როგორც პარლამენტარები, ასევე საზოგადოება.
ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენთან, პოლარიზაციამ უკიდურესი ხასიათი მიიღო. ძალადობრივი გარემო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აღწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე თავისი პირველი ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება ელოდება ვითარების ჩაცხრომას და მას სჭირდება დამშვიდება და შერიგება.
„ეს შეუძლებელი იქნება, თუკი რაიმე ფორმით ცივილურ ჩარჩოებში არ მოვაქცევთ საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებულ პროცესებს, - დეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ. როდესაც მედიასივრცე მოცულია დამახინჯებული და ყალბი ცნობებით, ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ.
"ამის შედეგად საზოგადოება ინფორმაციის მიღმა შეიძლება დარჩეს, რაც მას ართმევს ანალიზის საშუალებას, გზას უხსნის შეთქმულების თეორიებს და აყალიბებს ძალადობრივ გარემოს. დაცული და ობიექტური ინფორმაციის გარეშე ვერც დემოკრატიული სისტემა და ვერც სახელმწიფო სტაბილურობა ვერ შენარჩუნდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მომხდარი ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილის შედეგი იყო.
მისივე განცხადებით, შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა. კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები.
„გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა. კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები.
"იგი განიხილავს იმ განცხადებებს, რომლებიც დააკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს. საბოლოო გადაწყვეტილება კი რჩება პრეზიდენტის პრეროგატივად.
"გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები. შეწყალება გამორიცხავს იმასაც, რომ საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს განემარტოს რომელიმე კონკრეტულ საქმეზე შეწყალების მიღების, ან მასზე უარის თქმის, საფუძველი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ასევე გამოსვლისას აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლება, რათა მოლაპარაკებების ფორმატი მხოლოდ ტექნიკურ დონეზე აღარ წარიმართოს.
„ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რომელიც ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის ნაწილია, არც იმას ვეგუებით, რომ მოლაპარაკებების ფორმატი დღეს მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს.
"ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე, მათ უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში ნულოვანი ჯამის თამაში არავის ინტერესში აღარ არის და აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენის გზაა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისას მას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს მზიან და უზრუნველ საქართველოში ვცხოვრობთ. მისი აზრით, ზურაბიშვილმა აქცენტი არცერთ პრობლემურ საკითხზე არ გაამახვილა და კომფორტული პრეზიდენტის იმიჯი შეიქმნა.
„არც ერთი სერიოზული საკითხი არ იყო დასმული: არც მოსამართლეების და ქვეყანაში სამართლიანობის, არც ძალოვნების მხრიდან ძალადობის, ბიზნესის საშინელი რეკეტის, "თიბისის" და ანაკლიის საქმის, არც ერთი ის მძიმე პრობლემა, თუნდაც სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეები. ჩვენ დავინახეთ, რომ ზურაბიშვილი იქნება კომფორტული პრეზიდენტი, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ქვეყანაში შექმნას პრობლემების არარსებობის ილუზია, ასეთ იდეოლოგიურ გარემოში ამყოფოს როგორც პარლამენტარები, ასევე საზოგადოება," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძე ასევე გამოეხმაურა შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლის შესახებ ინფორმაციას, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. რომან გოცირიძის შეფასებით, ზურაბიშვილს საქმის კეთება არ სურს.
„მას არ უნდა საკუთარი კონსტიტუციური უფლებების შესრულება. პრეზიდენტი არ არის ბუტაფორიული, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო და საშინაო ფუნქცია და თუნდაც ის, რომ მას არ უნდა შეწყალების პროცესში მონაწილეობის მიღება, სურს ხელი დაიბანოს და ყველაფერი იუსტიციის სამინისტროს გადააბაროს, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მას სურს იყოს პასიური პრეზიდენტი, თავადაც კომფორტში იყოს და ის ადამიანებიც კომფორტში ამყოფოს, რომლებმაც ის პრეზიდენტად დასვა. მას არ უნდა საქმის კეთება, მას მხოლოდ და მხოლოდ საპატიო როლის შესრულება უნდა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს დღეს, რომ რთული მდგომარეობა აქვს არ უკვირს.
„შენების მოძრაობის" ლიდერის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლას დაესწრო თუ არა ოპოზიცია, დღეს ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ბევრად მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტი რეაგირებდეს ისეთ პრობლემურ საკითხებზე, რაც საზოგადოებას აღელვებს. ამასთან, უსუფაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს დიდი დრო და მცდელობა დასჭირდება იმისთვის, რომ აღმოფხვრას ის ნეგატივი, რაც მის კანდიდატობასა და პრეზიდენტად არჩევის პროცესს ახლდა.
„ამ დანაწევრებულ და დეზინტეგრირებულ საზოგადოებას სჭირდებოდა სწორედ პრეზიდენტი, რომელიც გააერთიანებდა, შეგვაკავშირებდა და რომელიც იმედს გაგვიჩენდა. ჩვენ ამ ყველაფრის ანტიპოდი მივიღეთ ისე არჩეული პრეზიდენტით, რაც რამდენიმე თვის წინ მოხდა.
"ამიტომ, სალომე ზურაბიშვილს დღეს რომ რთული მდგომარეობა აქვს, არ მიკვირს. მაგრამ, საწუხაროდ, მგონია, რომ თუ ისევ ისე გააგრძელა თავისი პრეზიდენტობა, როგორიც საწყის თვეებში ჰქონდა, მაშინ მომავალ წელსაც აქვე ვიქნებით.
"არადა, მან უნდა აჩვენოს ისეთი ტიპის პრეზიდენტობა, რომ ის არის სახელმწიფოს მეთაური, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებზე არის აქტიური. საგარეო ურთიერთობებსა და გარე კონტაქტებში მას რომ არ გაუჭირდებოდა ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პრეზიდენტს, ეს ცალსახაა.
"მთავარია, ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვან თემებზე და საკითხებზე პრეზიდენტისდარი სოლიდურობითა და ზეპარტიულობით ჰქონდეს მუდმივად აქტიური პოზიცია. სამწუხაროდ, ის თვლის, რომ ესა თუ ის პოლიტიკური პრობლემა, რადგან ის პოლიტიკურია, არაა პრეზიდენტის პრობლემა, ეს არასწორია. ნებისმიერი პრობლემა, რომელიც საზოგადოებას აღლევებს, სახელმწიფოს მეთაურის საფიქრალია", - განაცხადა უსუფაშვილმა.