„რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქი წარმოადგენს ძირითად დამრტყმელ სტრატეგიულ ერთეულს, რომელიც მიმართულია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ”
ეკატერინე ბასილაია
06.03.2019

 უკრაინის გენშტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკო აცხადებს, რომ კრემლის სტრატეგების გეგმით, რუსეთი უკრაინაში სამი მიმართულებიდან შეჭრისთვის ემზადება და ამისათვის უკრაინის საზღვართან დამრტყმელი შენაერთების განლაგებაც დაასრულა.

უკრაინული მედიის თქმით, ბოლო დღეებში პრორუსი „ბოევიკები" გააქტიურდნენ და მაგალითად 5 მარტს 7-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი უკრაინულ პოზიციებს.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რაც უფრო ახლოვდება უკრაინაში 31 მარტს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები, რუსეთის მხრიდან სხვადასხვა სახის პროვოკაციები და სროლები უკრაინული პოზიციების მიმართულებით უფრო და უფრო გააქტიურდება, თუმცა რაღაც ფართომასშტაბიან ომს და შეჭრას გამორიცხავს.

„რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრაზე არ წავა, იმიტომ რომ, ამ ეტაპზე ეს მისთვის არამომგებიანია. კრემლის მიზანია არჩევნებამდე რაც შეიძლება დაძაბული იყოს უკრაინაში ვითარება და არჩევნებში მათთვის ყველაზე მიუღებელმა კანდიდატმა, პეტრო პოროშენკომ არ გაიმარჯვოს.

"ამიტომაც, არასტაბილურობის სულისკვეთების შექმნის მიზნით ცეცხლის გახსნა უკრაინული პოზიციების მიმართულებით, სხვადასხვა სამხედრო პროვოკაციები და კომპრომატები პოროშენკოს წინააღმდეგ უფრო და უფრო მოიმატებს. არ გამოვრიცხავ, მოხდეს რამდენიმე დივერსიული აქტი, იგივე სამხდრო ტიპის დვერსიები" - ამბობს მაისაია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვიქტორ მუჟენკო აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან დამრტყმელი შენაერთების ფორმირებას ასრულებს, რომელიც კრემლის სტრატეგების გეგმით, სპეციალური დანიშნულების შეიარაღებული ძალების ნაწილებთან ერთად წარმოადგენს ძირითად ძალას უკრაინაში შეჭრისათვის.

„დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალობაში, ჩვენ ვპროგნოზირებთ სამხედრო საფრთხეს სამი გეოგრაფიული მიმართულებიდან, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან", - თქვა მან.

როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანის" კორესპონდენტი ამბობს, ამის შესახებ მუჟენკომ განაცხადა უკრაინაში აკრედიტებული სამხედრო-დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

როგორც „უნიანი" იტყობინება, 5 მარტს სროლები გააქტიურდა, „ბოევიკებმა" 7-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი უკრაინულ პოზიციებს, მათგან 6 მინსკის შეთანხმებით შეირაღების აკრძალვის ზონაშიც.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას თქმით, რუსები იმდენად სულელები არ არიან, რომ ხარაკირი გაიკეთონ, ამიტომ უკრაინაში შეჭრა გამორიცხულია, თუმცა, პროგნოზირებს, რომ პროვოკაციები უფრო მოიმატებს.

„რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქი წარმოადგენს ძირითად დამრტყმელ სტრატეგიულ ერთეულს, რომელიც მიმართულია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთი სამხედრო შენაერთებს აძლიერებს.

"არც ისაა შემთხვევითი, რომ რუსეთი უკრაინის მიმართულებით სამხედრო წნეხსა და კუნთების თამაშს ახორციელებს, იმიტომ რომ, 31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და ეს პერიოდი არა მარტო უკრაინისთვისაა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი პერიოდი, არამედ ევროპული უსაფრთხოებისთვისაც.

"რუსეთი გადავიდა საინფორმაციო ომის განხორციელებაზეც უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ და სწორედ ამიტომაც შემოაგდეს ე.წ. თავდაცვის კორუფციული სკანდალი, უკრაინაში დეფიციტური იარაღის რუსეთიდან კონტრაბანდულად შემოტანაზე.

"რუსეთი აჩვენებს სამხედრო ძალის დემონსტრირებას, რომ სავარაუდოდ მისთვის ხელსაყრელი კანდიდატი გაიყვანოს არჩევნებზე და ამიტომაც უკრაინის მიმართულებით პროვოკაციები ისევ გაგრძელდება.

"რაც უფრო მოახლოვდება საპრეზიდენტო მარათონი, რუსეთი ყველანაირად შეეცდება არა მხოლოდ სამხედრო წნეხი განახორციელოს, არამედ ეცდება სადაზვერვო-დივერსიული ტიპის ქმედებებსაც. რამდენიმე დღის წინ იყო მცდელობა თავდასხმა მომხდარიყო სამხედრო საწყობზე, ისე როგრც გასულ წელს რუსებმა ააფეთქეს უკრაინის სამხედრო საწყობი. ამიტომაც ცეცხლის გახსნა თუ კომპრომატების ომი კიდევ იქნება.

"ბოლო კვლევებით პოროშენკოს რეიტინგი დაბალია, ის მესამე ადგილზეა და პირველ-მეორე ადგილებზე კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი და პარტია „ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო არიან. პოლიტიკაში გამოუცდელი ზელენსკის გამარჯვება რუსეთს ხელს აძლევს," - ამბობს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×