თამარ შუკვანი
06.03.2019

 „გერასიმოვი ჰაერზე არაფერს ამბობს, 2014 წელს, როდესაც ის გამოვიდა და განაცხადა, რომ რუსეთს თავისი გავლენის ზონები უნდა გაეფართოებინა, ეს სირიის კამპანიის დაწყების საფუძველი გახდა.

"გერასიმოვი, რასაც ამბობს, ამას აუცილებლად რაღაცა მოყვება და ამ განცხადებასაც შესაძლოა მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები," - ასე აფასებს ევროპისთვის მორიგი დარტყმის მიყენების შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მუქარას, ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

რუსეთი აშშ-ის მხრიდან შესაძლო თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით, დასავლეთს წინასწარი დარტყმის შესახებ აფრთხილებს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა აშშ დივერსიული სტრატეგიის შემუშავებასა და საპროტესტო აქციების გააქტიურებაში დაადანაშაულა. ამიტომაც, რუსეთი იძულებულია ამ საფრთხეებზე რეაგირება მოახდინოს; მისი თქმით, ამ დაპირისპირებაში საინფორმაციო ტექნოლოგიები და კიბერ-თავდასხმები რუსეთისათვის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს.

გერასიმოვი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაჩენილ უნდობლობაზე საუბრობს, რაც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების საფუძველზე კიდევ უფრო გაძლიერდა. ამასთანავე, გერასიმოვის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კრემლის გაღიზიანების მიზეზს აშშ-ის მხრიდან ვენესულის დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოსთვის მხარდაჭერის გამოცხადება და ნიკოლას მადუროს დამხობის მცდელობა იყო. ამის შესახებ გერასმოვმა ყოველწლიურ გამოსვლაში განაცხადა.

პენტაგონის სპიკერი ერიკ პაჰონი გერასიმოვის განცხადებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს რუსული დეზინფორმაციის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს სირიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში საკუთარი დივერსიული საქმიანობის დამალვას.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ იმ პროპაგანდისტული ომის წარმოებაში, რომელსაც ძირითადად რუსეთის საინფორმაციო სამსახური ახდენდა, დღეს უკვე მაღალი რანგის სამხედრო პირი არის ჩართული.

„ადრე საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ კრემლის შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლები, როგორიც არის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. დღეს, რუსეთი უკვე გენშტაბის დონეზე გადავიდა და ამ პროპაგანდისტულ-ფსიქოლოგიურ ომებში გენშტაბი ჩაერთვება," - დასძინა მან.

მაისაია რუსეთის ძლიერ და სუსტ მხარეებზე საუბრობს; მისი თქმით, რუსული პროპაგანდისტული მანქანა დღეს კარგად მუშაობს, თუმცა მის განსავითარებლად მას შესაბამისი ფინანსური ბერკეტები არ გააჩნია.

„რუსული პროპაგანდა საკმაოდ ძლიერია დასავლეთ ევროპაში. დეზინფორმაციას დღეს რუსეთის ფედერაციაში პუტინი ავითარებს. რუსულ მხარეს დაახლოებით 80-წლიანი დეზინფორმაციული პროპაგანდის წარმოების გამოცდილება გააჩნია; მათ შეუძლიათ საზოგადეობრივი აზრის ჩამოყალიბებაზე მანიპულირება მოახდინონ, რაც უკვე ნებისმიერ ქვეყანაზე არის შესაძლებელი.

„რუსეთის სუსტი მხარე ის არის, რომ მათ არ გააჩნიათ ის ფინანსები, რაც ამ პროპაგანდისტულ მანქანას გაზრდიდა და საკმაოდ დიდ პროპაგანდისტულ ტალღებად გადააქცევდა," - აცხადებს ის.

რაც შეეხება დასავლეთის სუსტ და ძლიერ მხარეებს, იგი აცხადებს, რომ ევროპას ბოლომდე არ აქვს გააზრებული რუსეთის პროპაგანდისტული ომის მნიშვნელობა და მას არასერიოზულად უყურებენ. მისი თქმით, რუსული პროპაგანდის აღსაკვეთად შესაბამისი ნაბიჯებია გადასადგმელი.

„დასავლეთს ჯერაც ვერ წარმოუდგენია თუ რას ნიშნავს რუსეთის მიერ ჩატარებული მსგავსი კამპანია, სტრატეგია. ნატო-ში ეს უკვე სტრატეგიული კომუნიკაციების კონცეფციად არის მიღებული და რუსეთის პროპაგანდისტული ომის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული.

„დასავლეთში არასერიოზულად მიიჩნევენ ამ მიმართულებას. თუმცა რუსეთის პროპაგანდისტული ომი სახუმაროდ მისაღებ თემას არ წარმოადგენს, რადგან რუსეთმა პროპაგანდისტული გამოცდილებით შეძლო მაგალითად მოლდოვაში სიტუაციის შეცვლა. დღეს კი, საპარლამენტო არჩევნებზე, მისი პრორუსული სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები, ფაქტობრივად, პარლამენტის ნახევრს დაეპატრონენ.

„ეს მომენტი საკმაოდ სერიოზულია. ევროპაში რუსული ჰიბრიდული ომი ნაკლებად აქვთ გააზრებული და არასერიოზულად უყურებენ. იმედია შეიქმნება ერთიანი ფრონტი ამ ყველაფრის აღსაკვეთად," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×