რას ითვალისწინებს პარლამენტში შესული ახალი კანონპროექტი?
მარი ჩიტაია
07.03.2019

 ტექდათვალიერების პროცესის ირგვლივ ვითარება შეიძლება, რადიკალურად შეიცვალოს. საუბარია, რომ სოფლებში და რაიონულ ცენტერებამდე მოძრავმა მანქანებმა 2025 წლამდე ინსპექტირება არ გაიარონ და ამისათვის არც არავინ დააჯარიმებს. სპეციალისტები ისედაც საუბრობენ, რომ პროექტში უამრავი ხარვეზია, რის გამოც ბევრი საკითხი რეალურად გადაუჭრელი რჩება.

ასეთი კრიტიკის მიუხედავად, ფრაქციამ "ევროპული საქართველო-რეგიონებს" პარლამენტში უკვე წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს მომდევნო 5 წლის განმავლობაში არ დააჯარიმებენ.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ინსპექტირების პროცედურის სავალდებულო წესით გავლა ეკონომიკურ ტვირთს წარმოადგენს იმ პირებისათვის, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით დასახლებულ პუნქტებს შორის დამაკავშირებელი გზებით მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებიან.

"ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ასეთ გზებზე გადაადგილდება ძირითადად კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფი, რომელთა შემოსავლის წყაროს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. ტექდათვალიერების წარუმატებლად გავლის შემთხვევაში მათ შეექმნებათ პრობლემები თავიანთი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ იწვევს მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეფერხებასაც.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზემოთ აღნიშნულ გზებზე მოძრაობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა და სხვა პირების უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნის რისკი შედარებით დაბალია. შესაბამისად, ტექდათვალიერების სავალდებულო გავლის დაკანონების მიზანი, რომელიც ემსახურება ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანების შედეგად გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას, ტექნიკური ინსპექტირების პროცედურის გავლის გარეშეც მიღწეულია იმ ტიპის გზებზე, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დროს გამოიყენება და ამავე დროს მუნიციპალიტეტებსა და დასახლებულ პუნქტებს აკავშირებს ერთმანეთთან", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

სატრანსპორტო დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ავტომობილების ასეთი დიფერენცირება არასწორია, რადგან ამით ტექდათვალიერების სურათი იცვლება.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელ დავით მესხიშვილის ინფორმაციით, აშკარაა, რომ პროექტმა ვერ გაამართლა. ტექათვალიერების პროცესში უამრავი ხარვეზია.

"ავტომობილების ინსპექტირებასთან დაკავშირებით მოსჩანს სერიოზული პრობლემები, რასაც ყურადღება რატომღაც ნაკლებად ექცევა. არ მესმის, როგორ უნდა მოხდეს დიფერენცირება სოფლისა და ქალაქის გზებზე მოძრავ ავტომობილებს შორის, ეს ცოტა გაურკვეველია. ჩანს ბევრი სხვადასხვა პრობლემა, რომლებიც ადასტურებს, რომ ტექდათვალიერების პროცესი ინერციით მიდის. მუდმივად რაღაც იცვლება. ერთი და იმავე ხარვეზით შეიძლება, ავტომობილმა ერთ ცენტრში გაიაროს დათვალიერება და გაატარონ, მეორეში - ვეღარ, ქაოსური სიტუაციაა.

რამდენადაც ვიცი, ინტერესთა კონფლიქტია თვითონ ტესტ-ცენტრების მხრიდან, ანუ ზოგიერთს ავტოსერვისი აქვს და თან ტესტ-ცენტრი, ზოგს - სადაზღვევო კომპანია და ტესტ-ცენტრი და სხვა. ასეთი მდგომარეობა ჩვენთვის მიუღებელია და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ", - ამბობს "რეზონანსთან" მესხიშვილი და ტექდათვალიერების ცენტრებში არსებულ პრობლემაზეც საუბრობს. ექსპერტი ამბობს, რომ კონტროლი საერთოდ არ ხორციელდება, რაც ტექდათვალიერების პროცესს უმართავს ხდის.

"ინსპექტირების ცენტრები აბსოლუტურად ნებაზე არიან მიშვებული. როგორც ჩანს, პრობლემაა სოფლებში ინსპექტირების ნაწილთან დაკავშირებითაც. ამ პროცესს ინფრასტრუქტურის განვითარებაც უნდა მიჰყვეს იმ დონეზე მაინც, რომ ავტომობილი მწყობრიდან არ გამოჰყავდეს.

2020 წლიდან საწვავის კონტროლი მკაცრდება, მაგრამ ჯერ ამ მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები არ არის გაწეული. რაც შეეხება ოპოზიციის ინიციატივას, არც ის მესმის, რა მექანიზმია, რომ სოფლად მოძრავი მანქანა, რომელმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარა, არ მოხვდება ავტომაგისტრალზე, როგორ აპირებენ ამის გაკონტროლებას?! შეიძლება, შეღავათი ვიღაცისათვის შვება იყოს, სამეურნეო პროცესი არ შეფერხდეს, მაგრამ ტექდათვალიერების საბოლოო მიზანი ეს არ ყოფილა, რეალურად ბევრი რამ მოუგვარებელი დარჩება", - აცხადებს "რეზონანსთან" მესხიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×