"ანაკლიის პორტი არის საქართველოს მომავალი", - ეს განცხადება თბილისში ძალიან ხშირად ისმის ხელისუფლების, ოპოზიციის თუ სპეციალისტების მხრიდან და კეთდება განცხადებები, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დასრულებას დიდი ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის.
ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები, ოფიციალურად, 2017 წლის 24 დეკემბერს დაიწყო და განცხადდა, რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტი გახდება ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიული საზღვაო წერტილი და რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, სადაც ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ევროპის ტვირთები შემოვა და სადაც დიდი ზომის გემების მიღება იქნება შესაძლებელი, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული ვერც ერთი სხვა პორტი ვერ ემსახურება.
ასევე ითქვა, რომ პორტი პირველი გემების მიღებას 2021 წელს შეძლებდა და წელიწადში 100 მილიონ ტონამდე ტვირთს გაატარებდა, რაც ნიშნავს, რომ მას დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, ქვეყანას შემოსავლებს მოუტანს და დასაქმდება ხალხი.
მით უმეტეს, რომ პორტის გარდა უნდა აშენდეს რკინიგზა და ბეტონის სახმელეთო გზა, რათა ტვირთების გადაადგილება ზღვის შემდეგ სახმელეთო გზითაც მოხდეს.
რა მნიშვნელობის არის ანაკლიის პორტი?
ანალიტიკოსების თქმით, ანაკლიის პორტი, უპირველესად ყოვლისა, სწორედ ეკონიმიკური მნიშვნელობისაა, თუმცა, ამას გარდა, ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნად აქცევს.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ნიკა ჩიტაძის თქმით, ანაკლიის პორტს უდიდესი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსთვის, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პორტი იქნება ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რომელსაც შეეძლება ნებისმიერი სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების გემის მიღება.
"ანაკლიის პორტი რუსეთის ნოვოროსიისკის პორტის კონკურენტი ხდება და სწორედ ეს არის რუსეთის გაღიზიანების მიზეზიც.
"რუსეთს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, სევასტოპოლის პორტიც აქვს, თუმცა მას ძირითადად სამხედრო დანიშნულებისათვის იყენებს, ეკონომიკური დანიშნულებისათვის კი ნოვოროსიისკის პორტი გამოიყენება, მაგრამ რუსული პორტი დაახლოებით 3 თვის განმავლობაში შტორმების გამო დაკეტილია და ამიტომაც, თუნდაც ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით, პრიორიტეტი მიენიჭება ანაკლიის პორტს. ეს ხელს შეუწყობს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას, ხოლო რუსეთს ქართული სახელმწიფოს გაძლიერება არანაირად არ აძლევს ხელს, როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით", - აცხადებს ჩიტაძე.
მისი თქმით, ანაკლიის პორტს ჩვენი უსაფრთხოებისათვისაც დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან თუკი ბათუმისა და ფოთის პორტებში ვერ ხდება სავაჭრო თუ სამხედრო გემების 70%-მდე მიღება, ანაკლიის პორტში გემის სიდიდე პრობლემას არ შექმნის და შესაძლებელი გახდება, უფრო მეტი სამხედრო დანიშნულების გემი შემოვიდეს, მათ შორის - აშშ-ის მე-6 ფლოტის განკარგულებაში მყოფი სამხედრო გემები, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიაში ხშირად შემოდის.
"რუსეთის გაღიზიანების მეორე მიზეზიც ესაა, რომ შესაძლოა, ანაკლიის პორტმა თანდათან ხელი შეუწყოს ნატო-ს წევრი, პირველ რიგში, აშშ-ის სამხედრო დასწრების ზრდას შავი ზღვის აკვატორიაში.
"ამ შემთხვევაში, ნატო-ს ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლებლობა მიეცემა ნატო-ს, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე გააძლიეროს საკუთარი გავლენა ანაკლიის პორტის მეშვეობით", - მიიჩნევს ჩიტაძე.
მისი თქმით, სატრანზიტო პორტის არსებობა გამოიწვევს უფრო მეტ გეოპოლიტიკურ დაინტერესებას, და არა მარტო აშშ-ისა და დასავლეთის მხრიდან, არამედ იმავე ჩინეთის მხრიდან, ამიტომაც არის საუბარი "ახალი აბრეშუმის გზის" შესახებ.
"ახალი აბრეშუმის გზის განახლებული პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ჩინეთია. 2013 წელს წარმოადგინა ეს იდეა ჩინეთმა და შემთხვევითი არ გახლავთ ისიც, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ამოქმედდა და საქართველოსათვის ჩინეთი მესამე სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია.
"იმ რეგიონში, რომელსაც რუსეთი თავისი სტრატეგიული ინტერესის ზონად განიხილავს, კრემლი ელის გავლენის ზრდას როგორც დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან, ამიტომაც კრემლში მიიჩნევენ, რომ ანაკლიის პორტი მათ გეოსტრატეგიულ ინტერესებს ემუქრება.
"ამიტომაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას უწევს გამოცდის ჩაბარება, ანაკლიის პროექტს გააჩერებს რუსული ინტერესების ხელშესაწყობად თუ გააგრძელებს პროექტს და საქართველოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს", - დასძენს ჩიტაძე.
"პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას თქმით, ანაკლიაში ჩადებულია სავაჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობა, მაგრამ რუსეთი იმასაც უშვებს, რომ თუ ანაკლიის პორტი აშენდება, მას ასევე შეიძლება, ჰქონდეს სამხედრო დანიშნულება.
"თანაც, ამას ისიც ემატება, ის ახლოს არის კონფლიქტის რეგიონთან, აფხაზეთთან, სადაც რუსული ჯარია განლაგებული და ბუნებრივია, როცა რუსეთი მიიჩნევს, რომ მთელი საქართველო მისი გავლენის ზონაში უნდა იყოს, მას არ აწყობს საერთაშორისო მნიშვნელობის პორტის არსებობა.
"ჩინეთი დაინტერესებულია საქართველოთი და მასთან თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებასაც ამიტომ მოვაწერეთ ხელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში ჩინური ინვესტიციები მოვიზიდოთ, მივიზიდოთ დასავლური ინვესტიციები და საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ჰაბი, ჰაბი კი ვერ განხორციელდება, თუ ღრმაწყლიანი პორტი არ გვექნება.
"დაანონსებულია, რომ ანაკლიაში იქნება თავისუფალი სავაჭრო ზონა, ბრიტანული სამართალი იმოქმედებს. შეიძლება, გახდეს ჰონგ-კონგივით, თავისი პორტით, სადაც ბრიტანული სამართალი მუშაობს.
"ჰონგ-კონგის მსგავსად ანაკლიასაც უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი რეგიონული მნიშვნელობა და გახდეს შემაკავშირებელი ჰაბი ცენტრალურ აზიას, ჩინეთს, საქართველოსა და ევროპას შორის. ამაზეა გათვლა, თუ ოფიციალურ წყაროებს გავეცნობით", - ამბობს კაკაჩია.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტის აშენებამ შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს გეოპოლიტიკური ლანდშაფტი შავ ზღვაზე და ეს ეხება არა მარტო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კუთხით ამ პორტის მნიშვნელობას, არამედ - სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
"ერთ-ერთი სერიოზული საკითხი, რაზეც ნატო-ს ექსპერტები საუბრობენ ხოლმე, მათ შორის, როცა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზეა საუბარი, არის ის, რომ, მაგალითად, ყველა პრობლემა რომ მოგვარდეს და გაწევრიანება მოხდეს, საქართველოს დაცვა ძალიან პრობლემურია სამხედრო თვალსაზრისით.
"საქართველოში ნატო-ს ყოველწლიური წვრთნები ტარდება და იმის გამო, რომ ფოთსა და ბათუმში დიდი გემები ვერ შედიან, რამდენიმე კვირა სჭირდება რუმინეთიდან, ბულგარეთიდან ამერიკული ტექნიკისა და იარაღის შემოტანას.
"რუსეთთან ნებისმიერი კრიზისი რომ შეიქმნას, ნატო-ს აქვს ვალდებულება, დაიცვას წევრი სახელმწიფო და თავს უფლებას ვერ მისცემს, 2 კვირის შემდეგ შევიდეს ქვეყანაში. კავკასიაში კრიზისი გამორიცხული არ არის და საქართველო ნატო-სათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
"ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი კი იძლევა საშუალებას, არა მარტო სავაჭრო გემებმა ისარგებლონ პორტით, არამედ - სამხედრო გემებმაც, რაც მთლიანად ცვლის სიტუაციას", - ამბობს კაკაჩია.