თამარ შუკვანი
07.03.2019

 ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ დარღვევების გამოვლენის შედეგად 159 სამედიცინო კლინიკას პროგრამულად დაფინანსებული თანხის ბიუჯეტში დაბრუნება მოთხოვა. თანხა 13 მილიონ ლარს შეადგენს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს თანხა მხოლოდ ნაწილია იმ შემთხვევებზე, სადაც რეგისტრაციის პროცესი დარღვეული იყო.

ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ხომერიკი აღნიშნავს, რომ კლინიკებმა ეს თანხა ბენეფიციართა რეგისტრაციის ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის უნდა დააბრუნონ.

მისი განცხადებით, სანქციების მოცულობა გაცილებით მეტი იყო, რაც 30 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა შემდგომ კლინიკები ჯარიმებისაგან გათავისუფლდნენ.

„სანქციების მოცულობა საკმაოდ მაღალი რიცხვია, დაახლოებით 30 მლნ ლარის ფარგლებში იყო. თუმცა შემდგომ პერიოდში საჯარიმო სანქციები და ასევე ადმინისტრაციული წესის დაცვა კლინიკებში გადაიხედა და ისინი გათავისუფლდნენ ჯარიმებისგან. მათ განესაზღვრათ მხოლოდ [სახელმწიფოს მიერ] პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნება", - აცხადებს ხომერიკი.

მისი თქმით, კლინიკებმა ის 13 მლნ ლარი უნდა დააბრუნონ, "რომელიც პროგრამამ გადაუხადა".

„2014 წლის პირველი აპრილის შემდგომ ბენეფიციართა აღრიცხვის მკაცრი ფორმა გაჩნდა, სადაც აუცილებელია, რომ ბენეფიციარმა საკუთარი ხელით დაადასტუროს პროგრამაში ჩართვა. ზოგ შემთხვევაში არ იყო ამ მკაცრი რეგისტრაციის ფორმები დაცული, ზოგში ბენეფიციართა პროგრამულად მოწოდებული საიდენფიციკაციო მონაცემები არ ემთხვეოდა და ა.შ. ეს ეხება მხოლოდ შემთხვევათა და კლინიკათა ნაწილს, სადაც რეგისტრაციის პროცესი იყო დარღვეული," - განაცხადა მაია ხომერიკმა „საქმის კურსთან" ინტერვიუში.

ერთ-ერთი სამედიცინო კლინიკა, რომელსაც სანქციები შეეხო, შპს „ჯეო ჰოსპიტალია". კომპანიის გენერალური დირექტორი სოფო გასიტაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. იგი არ გამორიცხავს პროცესის სასამართლოში გაგრძელებას.

„კომპანია ჯეო ჰოსპიტალსი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულია 2013 წლის 28 თებერვლიდან. საყოევლთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება ხორცილედება სამთავრობო 36 დადგენილებით, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ხელშეკრულებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის. ისევე როგორც ნებისმიერი ხელშეკრულება, დადგენილება განსაზღვრავს როგორც წესებს, ასევე ადმინისტრაციულ სანქციებს აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევისათვის.

„შესაბამისად სამინისტროს მიერ განხორციელბული გეგმიური შემოწმება მიმდინარე პროცესია, რომელიც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებისათანავე, მიმდინარეობს ამჟამად და გაგრძელდება მომავალშიც. ასევე ბუნებრივი პროცესია, დაეთანხმება თუ არა სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი სანქციის არსს ან მის მოცულობას.

„აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი სადაო საკითხი, რომელიც უკავშირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირებას განიხილება ჯანდაცვის სამინისტროში, ხოლო მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში განხილვამ შესაძლოა გადაინაცვლოს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით"- ნათქვამია "კომერსანტისთვის" გაგზავნილ წერილში.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ გასულ წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები პროგრამის ამოქმედების დროიდან, 2013 წლიდან, შეისწავლა და გამოვლენილი დარღვევების გამო კლინიკებს პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნება და მასთან ამ თანხის ორმაგი ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

კლინიკების დაჯარიმების ფაქტი მოხვდა ბიზნესომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშშიც, სადაც აღნიშნულია, რომ ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციები უწყებამ ნაწილობრივ გაითვალისწინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×