ეკატერინე ბასილაია
07.03.2019

 სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 35 წლის, პანკისელი რუსლან ტოხოსაშვილი დაიღუპა. 2019 წელს ეს პირველი მსხვერპლია პანკისიდან, ხოლო ბოლო 8 წლის განმავლობაში სირიის ბრძოლებში 33 პანკისელია გარდაცვლილი, მათგან ყველაზე პატარა 14 წლის მოზარდი იყო.

სათემო რადიოს ინფორმაციით, რუსლან ტოხოსაშვილი სირიაში 2014 წელს გაემგზავრა და „ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა. მას ცოლი და 4 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, 2012 წლიდან სირიაში დაიღუპა 33 პანკისელი. მათგან 2018 წელს 6 პანკისელი დაიღუპა, მათ შორის დეკემბერში დაიღუპა 14 წლის მოზარდი, პანკისელი მუხმად ფარეულიძე, რომლის ოჯახიც სირიაში ჯერ კიდევ 2014 წლიდანაა წასული; ასევე ნოემბერში მოკლეს 44 წლის ადამ გუმაშვილი, რომელიც „ისლამური ხალიფატის" ერთ-ერთი გავლენიანი პირი იყო, ე.წ. იუსტიციის მინისტრი; ივლისში მოკლეს 38 წლის თამაზ ბათირაშვილი, „აისისის" გავლენიანი ფიგურის, თარხან ბათირაშვილის ძმა.

2017 წელს დაღუპულია 3 პანკისელი; ყველაზე მეტი პანკისელი 2016 წელს მოკლეს - 11 კაცი, მათ შორის 30 წლის თარხან ბათირაშვილი; 2015 წელს დაღუპულია - 3 პანკისელი; 2014 წელს - 5, 2013 წელს - 3 და 2012 წელს - 1.

სულ საქართველოს რამდენი მოქალაქეა გარდაცვლილი სირიის ომში ტერორისტების მხარეს ბრძოლისას, ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის თქმით, მის ხელთ არსებული ცნობებით, აჭარიდან ასევე დაღუპულია 5 ადამიანი. ცნობილია, რომ ქვემო ქვემო ქართლიდან დაღუპულია 4 ეთნიკური აზერბაიჯანელიც, მათ შორის 2 ძმა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანელებს შორის ბევრად მეტი გარდაცვლილი იყოს, მაგრამ ისინი მალავენ.

„როგორც წესი, ქისტები კარგი მებრძოლები არიან და კარგად ჩანან ბრძოლებში. აჭარიდან და ქვემო ქართლიდანაც არიან საბრძოლველად წასულები და დაღუპულებიც, მაგრამ ვინაობას ოჯახები მალავენ. პანკისელების ამბავსაც ვერ გავიგებდით, რომ არა ის ტრადიცია, რომელიც გარდაცვლილზე საპანაშვიდედ კარების გაღებას და სამძიმრის მიღებას გულისხმობს და ამით ხდება ცნობილი. აჭარლებიდან 5-ია დაღუპული, აზერბაიჯანელებიდან ცნობილია მხოლოდ 4, მაგრამ ზუსტი რიცხვი არავინ იცის,"- ამბობს არეშიძე.

ექსპერტის ვარაუდით, საქართველოდან, 100-120 ადამიანი იქნება წასული სირიაში საბრძოლველად, თუმცა ზოგიერთ კვლევაში 300-საც ასახელებენ, მაგრამ არეშიძეს ამის არ სჯერა. ბოლო წელს კი, მისი ინფორმაციით, არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ წასულა საბრძოლველად და ამის მიზეზი ბევრია - უპირველესი კი ისაა, რომ „ისლამური ხალიფატი" ძალიან დასუსტდა, პოზიციები ბევრგან დათმო და ამის გამო რეკრუტირებას ვეღარ ახერხებს.

კავკასიოლოგი ამბობს, რომ საქართველოდან წლების წინ სირიაში საბრძოლველად წასულთა ნაწილი დღეს სირიასა და ერაყში არ არის, მათ ბრძოლას თავი მიანებეს და საუდის არაბეთში ან სხვა ისლამურ ქვეყანაში წავიდნენ.

„გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი სწავლობს სხვადასხვა რელიგიურ სასწავლებელში. ასევე სწავლობენ იქაურ უნივერსიტეტებში ისტორიულ ფაკულტეტებზეც. საუდის არაბეთში სირიაში მებრძოლს პრობლემები არ ექმნება, იქ მაგგვარი კანონი არ მუშაობს,"- ამბობს არეშიძე.

საგულისხმოა ისიც, რომ სირიიდან დაბრუნებულები არიან საქართველოშიც. მათგან 2015 წელს ორი დააკავეს, თუმცა პანკისში ასევე არიან სხვა დაბრუნებულებიც, მათ შორის ქალები და ბავშვები.

სირიიდან პანკისის ხეობაში დაბრუნებული 40-მდე ბავშვი და 10-მდე ქალი ყოველგვარი ფსიქოლოგიური დახმარების გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ სოფელ დუისის მკვიდრმა მარინა გუმაშვილმა თქვა, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის სამსახურის იურისტია. ამის შესახებ ინფორმაციას „რეგინფო" ავრცელებს.

გუმაშვილის თქმით, ამ ადამიანებს ისეთ ამბების გადატანა მოუხდათ, რომ მათთვის ფსიქოლოგების დახმარება აუცილებელია. დასძენს, რომ სირიიდან დაბრუნებული რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთაც 4-5 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ, ვერც სოციალურ დახმარებას იღებს.

ამის მიზეზად კი მარინა გუმაშვილი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. რამდენიმეს მეუღლის გარდაცვალების მოწმობა არ აქვს, ასევე დაბადების მოწმობები არ აქვთ სირიაში დაბადებულ ბავშვებს.

„მაგალითად, „ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ძმის, თამაზ ბათირაშვილის გარდაცვალების მოწმობის არგაცემის მიზეზად მეუღლეს ის დაუსახელეს, რომ მედიით გავრცელდა, გარდაიცვალა თამაზ ბათირაშვილი, დოკუმენტებში კი ის ცათიაშვილად არის გატარებული", - ამბობს გუმაშვილი.

ფოტოზე მარცხნივ რუსლან ტოხოსაშვილი (პანკისის სათემო რადიო)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×