„ობოლი უმამო ბიჭები არიან, რომლებიც დედამ დიდი გაჭირვებით და შრომით აღზარდა. ისეთი უბედურება ტრიალებს, დედას სიგიჟემდე აღარაფერი უკლია“,- ყვებიან ადგილობრივები ბაკურიანში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ „რეზონანსთან“.
6 მარტს ბაკურიანში 30 წლის მამაკაცი მოკლეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი მისი 20 წლის ძმაა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, შემთხვევა ძმების საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს, რადგანაც სახლში მხოლოდ ძმები იმყოფებოდნენ. ამიტომ მათ შორის დაპირისპირების მიზეზი რა გახდა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა შსს-ს ინფორმაციით დაკავებულმა 20 წლის ი.ბ.-მ დანაშაული აღიარა.
ბრალდებულისა და გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ არც ერთი შვილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. მისი თქმით, ძმებს ჩხუბი არასდროს მოსვლიათ და ერთმანეთზე მუდამ ზრუნავდნენ. ძმების დედის ინფორმაციით, ის შემთხვევის დროს სამსახურში იმყოფებოდა.
მას მეზობლებმა დაურეკეს, რომ მისი უფროსი ვაჟი დაჭრილი იყო და სახლში უნდა მისულიყო. სახლში მისულ დედას კი ეზოში უმძიმესი სურათი დახვდა. იხსენებს, რომ უმცროსი შვილი თოვლში ჩაცუცქული იყო, განწირული ხმით ტიროდა და გაუჩერებლად იმეორებდა ეს რა ჩავიდინეო. უფროსი კი ძირს ცოცხალ-მკვდარი დაინახა, რომელიც საკუთარ სისხლში ცურავდა და დანით დაჩეხილი იყო.
„ძმებს არასდროს უჩხუბიათ, საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. წარმოდგენა არავის აქვს, რა მოხდა. სამსახურში ვიყავი, მეზობლებმა დამირეკეს, ეზოში შენი უფროსი ბიჭია დაჭრილიო. რომ მოვედი, პატარა თოვლში იყო ჩაცუცქული და ტიროდა, დიდი ძირს უსულგულოდ ეგდო, ეს რა ვნახე, სულ დაჩეხილი იყო. არ ვიცი რა მოხდა. წარმოდგენა არ მაქვს ჩემს თავს რა ხდება. მგონია, რომ ეს მხოლოდ კოშმარული სიზმარია, რომელიც მალევე დასრულდება“, - ამბობს ქეთინო ბასილაშვილი.
გარდაცვლილის და დაკავებულის მეზობელი დავით აჩოიანი „რეზონანსთან“ ყვება, რომ ძმები 25-იანებში დამსვენებლებს თხილამურებზე სრიალს ასწავლიდნენ. მათ დადებით და უკონფლიქტო ადამიანებად ახასიათებს. მისთვის უცნობია რა გახდა ძმებს შორის დაპირისპირების მიზეზი. ამბობს, რომ ძმამ ძმა საკუთარ დაბადების დღეზე მოკლა.
„ორივე უკონფლიქტო და მშვიდი იყო. ჩხუბი და დაპირისპირება არასდროს ყოფილა. 25-იანებში დამსვენებლებს თხილამურებზე სრიალს ასწავლიდნენ. წყნარი, ზრდილობიანი ბიჭები არიან. გარდაცვლილს ცოლ-შვილი ჰყავს. იმ დღეს ცოლი და ბავშვები სახლში არ ყოფილან. გოგოს ვიღაც ახლობელი გარდაცვლია და იქ წასულა.
დედა კიდევ სამსახურში იყო, დამლაგებლად მუშაობს. ჭკვიანი და მშრომელი ქალია, ბიჭები ობლად მარტომ დაზარდა. დედას სიგიჟემდე ცოტ აკლია, გონს მოდის, მაგრამ მერე ისევ გონებას კარგავს. ვერაფრით აუხსნია რა მოხდა“, -აცხადებს გარდაცვლილისა და დაკავებული ძმების მეზობელი დავით აჩოიანი.
შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ძმებს შორის ოჯახური კონფლიქტი მოხდა და მათი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. ივანე ბასილაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.