სესხების განულების პროგრამაში ჩართული ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისაგან "ქართუმ" პორტფელები ნების საწინააღმდეგოდ და დაბალ ფასად შეისყიდა. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე და რამდენიმე არასაბანკო ორგანიზაციის მფლობელი უკვე საუბრობს.
მთავრობასა და უშუალოდ ფონდში არ ამბობენ, რა ფასად შეიძინეს პორტფელები, თუმცა ფინანსისტები "რეზონანსთან" ადასტურებენ, რომ ეს ძირი თანხის დაახლოებით 10% იყო. აქედან გამომდინარე, "ქართუმ" უზარმაზარი მოცულობის ვალის განულებისთვის დაახლოებით 150 მლნ დოლარი გადაიხადა.
"ვალი.გე"-ს მიხედვით, სულ სესხი 615 ათას პირს ჩამოეწერა, ჯამური დავალიანების თანხამ კი 4 მილიარდ 104 მილიონი ლარი შეადგინა. რა დაუჯდა რეალურად "ქართუ ჯგუფს" სესხების განულების პროგრამა, უცნობია. პროგრამაში 11 ბანკი და 40-ზე მეტი არასაბანკო ორგანიზაცია ჩაერთო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფინანსური ინსტიტუტების ნაწილს არ სურდა სესხების ჩამოწერა. პირველად ამის თაობაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა. იქამდე პროგრამაში ჩართულ არც ერთ ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ სესხების განულება მათთვის მიუღებელი პირობებით მოხდა.
ხაზარაძის თქმით, სესხების განულების პროგრამაში "თიბისი ბანკმა" 120-მილიონიანი პორტფელი 3 მილიონად დაუთმო "ქართუს", ბანკი კი არ გეგმავდა ამ სესხების ჩამოწერას. ეს ნიშნავს, რომ ქართუმ "თიბისი ბანკს" ჩამოსაწერი სესხების მთლიანი მოცულობის (ძირი თანხა, ჯარიმა, პროცენტი) 2,5% გადაუხადა. ვის რა პირობებით შესთავაზა ფონდმა "ქართუმ" სესხების ჩამოწერა, ოფიციალურად გაცხადებული არ არის.
კონკრეტულ ციფრს არ ასახელებს არც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, მაგრამ დაბეჯითებით ამბობს, რომ სესხების ჩამოწერის პროგრამაზე ვერც ერთი საფინანსო ინსტიტუტი ვერ იტყვის, რომ იყო წნეხი.
"ეს იყო სრულიად გამჭვირვალე პროცესი. როდესაც ამ ვალების ჩამოწერის იდეა გაჩნდა, ჩვენ, ფინანსთა სამინისტრომ, მივმართეთ თითქმის ყველა საფინანსო ორგანიზაციას. ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა თანხის სანაცვლოდ იყვნენ მზად, ჩამოეწერათ საკუთარი ვალები. მოდერატორები ვიყავით ამ პროცესში. სხვადასხვა პირობა წამოაყენეს მათ. ამის შემდეგ პროცესში ჩაერთო "ქართუ". გადაწყდა ასეთი მოდელი, რომ დისკრიმინაციულად სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტს სხვადასხვა თანხას პორტფელში არ გადაუხდიდა "ქართუ".
მათი პირობები შეგროვდა და ამაზე დაყრდნობით ერთი საერთო შეთავაზება გაკეთდა. ვინც მიიღო ეს წინადადება, ჩაერთო. ბევრმა ბანკმა და მიკროსაფინანსომ უარი თქვა. ვერც ერთს ვერ დაასახელებთ, რომ რაიმე ზეწოლა იყო. ამას ვერავინ იტყვის," - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალის" ხელმძღვანელ ბესიკ შენგელიას განცხადებით, ვალების განულების პროგრამაში ჩართვისთვის "ფონდმა ქართუმ" ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ძირი თანხის 9%-დან 14%-მდე გადახდა შესთავაზა.
"რატომ ვთქვით უარი ვალების განულების აქციაში ჩართვაზე? ბევრი მიზეზი იყო. ერთი იყო ის, რომ კომერციულად არ იყო ჩვენთვის მისაღები. კონტრაქტის მიხედვით, 1000 ლარზე ორგანიზაცია იღებდა 90 ლარს ან 140 ლარს. ეს არ იყო კომერციულად მიმზიდველი.
მეორე მიზეზი იყო ის, რომ ეს ნაბიჯი არ იქნებოდა სხვა მსესხებლებთან კორექტული, ვინც კეთილსინდისიერი გადამხდელები იყვნენ და ცუდი მესიჯი იქნებოდა მსესხებლებისთვის. ამას შეიძლება გამოეწვია წახალისება ურჩი გადამხდელებისა, რაც მოხდა კიდეც," - აღნიშნა "ბიემთან" ბესიკ შენგელიამ.
ჰქონდათ თუ არა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება, სხვანაირადაც ამოეღოთ აღნიშნული სესხები, უფრო მაღალ პროცენტში, ამაზე "რეზონანსთან" ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე საუბრობს. საფინანსო ორგანიზაციებმა საერთოდ არაფერს ცოტას მიღება ამჯობინეს და სწორედ ეს მოხდა "ქართუს" შესყიდულ პორტფელებთან დაკავშირებით.
"თავიდანვე გაცხადებული იყო, რომ ეს სესხები მიეკუთვნებოდა ე.წ. პრობლემურ სესხებს და ბანკებს მაინც მოუწევდათ მათი ჩამოწერა, რაც ყველასთვის ცხადი იყო, მათ შორის ბანკებისთვისაც. მე როგორც მახსოვს, 10%-ის ანაზღაურებაზე იყო საუბარი. იქედან გამომდინარე, რომ 120 მილიონში "თიბისიმ" აიღო 3 მილიონი, რა თქმა უნდა, არარენტაბელური იქნებოდა ბიზნესისთვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ამოუღებელი სესხები იყო საფინანსო სექტორისთვის, გარკვეულწილად მაინც მომგებიანი აღმოჩნდა ფულადი სახსრების კუთხით. აქ მუშაობს დევიზი - საერთოდ არაფრის აღებას ცოტას აღება სჯობს.
საერთო ჯამში, ეს პროგრამა ბიზნესისთვის არ არის მომგებიანი, მაგრამ ამ შემთხვევაში ბიზნესს მოუხდა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. უარესი ნიშნავს 0-ს და ცუდი ისაა, რომ თუნდაც 3% ამოიღო. ვიმეორებ, თუ აიძულეს, მაშინ ძალიან ცუდის ნიშანია, მაგრამ თუ ნებაყოფლობით დათანხმდა ბანკი, ესე იგი მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან გაუმართავი სასამართლო სისტემა სესხების ამოღების პროცესს ძალიან აფერხებს.
საბოლოოდ კი ასე ვიტყვი, როგორც ფინანსისტი: მომგებიანობის კუთხით არ იყო ხელსაყრელი "ქართუს" შეთავაზება, მაგრამ ფულადი სახსრების ამოღებასთან დაკავშირებით სხვა გზა აღარ ჰქონდა არც "თიბისის" და არც სხვას", - განუცხადა ბერძენაძემ "რეზონანსს"