თბილისში პარკირების საფასური ფ, ი და ს ზონების მიხედვით განსხვავებული იქნება, 1 ლარიდან 2 ლარამდე. ასეთ პირობებში თვეში, საშუალოდ - 160-200 ლარი, ხოლო მაქსიმალური 320-400 ლარი იქნება გადასახდელი. ამასთან, გამოიკვეთა მეთოდები, რომლითაც მძღოლები შეეცდებიან, თავი აარიდონ უზარმაზარ გადასახადს.
საგზაო სფეროს სპეციალისტი მევლუდ მელაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ზონალური პარკირება აუცილებელია, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაც უნდა მოგვარდეს. მისი თქმით, ზონალური პარკირების ახალ სისტემაში ბევრი "შავი ხვრელია."
"ორი დღის წინ იყო სწორედ ამ საკითხის განხილვა - როგორი ტარიფები უნდა იყოს, ზონები უნდა დაიყოს თუ არა და ა.შ.ქალაქი ზონებად აუცილებლად უნდა დაიყოს, რათა ქუჩები განიმუხტოს, რაც ნამდვილად საჭიროა. რომელიმე ევროპული მოდელი რომ გადმოვიტანოთ საქართველოში, კარგი იქნება. მაგალითად, ღამის რვა საათიდან დილის შვიდ საათამდე უფასო უნდა იყოს მანქანის დატოვება არა მხოლოდ იქ მცხოვრებთათვის, არამედ სტუმრებისთვისაც. ასეა ევროპული ქვეყნების უმეტესობაში.
უხეშად დავითვალე და 2 დღე რომ რაიონიდან ჩამოსულმა ან სხვა ავტომფლობელმა სადმე დატოვოს თავისი მანქანა, ერთბაშად 50 ლარამდე უნდა გადაიხადოს იმიტომ, რომ 1 ლარი იქნება საათში გადასახდელი. ხოლო თუკი სტუმრად სადმე მიდიხარ, 1 საათში 1 ლარი, ჩემი აზრით, საკმაოდ მისაღები თანხაა, რადგან ელიავას ბაზრობაზე რომ შეხვიდე, 3 ლარი ღირს ავტომობილის გაჩერება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისება ხდება ამით. ვინც მუშაობს ისეთ ადგილზე, სადაც პარკირება ძვირია და დღეში 8 საათი მანქანას ვერ გააჩერებს, ის იძულებული იქნება, მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავროს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, არსებობს შავი ხვრელებიც. დავუშვათ, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და დღეში, მინიმუმ, 8 საათი უწევთ მანქანის დაპარკინგება, მოელაპარაკებიან ადგილობრივ მცხოვრებლებს (რომლებსაც არ ჰყავთ ავტომობილი) და გადაუხდიან თვეში 50 ლარს, რათა მანქანა მიიწერონ თავიანთ მისამართზე და მათ აღარ მოუწიოთ თვეში 300-400 ლარის გადახდა.
ამავე დროს, პირდაპირ გეტყვით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის მზად, მიიღოს ამხელა ნაკადი და იყოს ასეთი მოქნილი, რათა ადამიანებმა უპრობლემოდ იარონ სამსახურებში," - აღნიშნა "რეზონანსთან" მევლუდ მელაძემ.
თბილისში პარკირების საფასური ფ, ი და ს ზონების მიხედვით განსხვავებული იქნება. საათობრივ პარკირებაზე ყველაზე დაბალი საფასური - ფ კატეგორიის ადგილებზე, ყველაზე მაღალი კი ს ზონაში შესულ ქუჩებზე დაწესდება.
თბილისის საკრებულოში ზონალური პარკირების თემაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაც გაიმართა. სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძის განცხადებით, დედაქალაქის ქუჩები დაიყოფა რამდენიმე კატეგორიად და უნდა განისაზღვროს მინიმალური და მაქსიმალური ტარიფები ზონების მიხედვით. ყველაზე მაღალი ფასი ს კატეგორიის ქუჩებზე დაწესდება.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ დედაქალაქში არის ისეთი ქუჩები, სადაც ზონალური პარკირება უნდა დაწესდეს, მაგრამ ეს სისტემა არ უნდა გავრცელდეს დედაქალაქის ყველა უბანზე:
"ჩვენი რეალობიდან და საზოგადოებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია, მხოლოდ კონკრეტულ ქუჩებზე გავრცელდეს ზონალური პარკირება, ქუჩებზე, რომლებიც ძალიან გადატვირთულია. სხვაგვარად ჩვენი მოსახლეობა ამ გადასახადს ვერ გაუმკლავდება.
ამ მიმართულებით აქცენტი უნდა დაისვას არა მთლიან მოსახლეობაზე, არამედ იმ კომპანიებზე, რომლებსაც ნახევარი ქუჩის საპარკინგე ადგილები აქვთ დაკავებული. მთელ დედაქალაქზე თუ გავრცელდება, არ იქნება ადეკვატური. ლესელიძის ქუჩაზე ნამდვილად შემოსაღებია პარკირების ეს სისტემა, რადგან იქ ნახევარი ქუჩა მანქანებს აქვთ დაკავებული, მაგრამ თუ ამას მთელი ქალაქის მაშტაბით აამოქმედებ, ადამიანებს თავიანთ საცხოვრებლებთან მოუწევთ ფულის გადახდა მანქანის გაჩერებაში, რასაც ვერ გაუმკლავდებიან," - აღნიშნა "რეზონანსთან" ბაირახტარმა.