აფხაზური მედია წერს, რომ გიორგი ლუკავას შეწყალებისა და ე.წ. საზღვრის აქეთ გამოშვების გამო სოხუმში 2-წლიან ვნებათაღელვას და კრიტიკას "საკონსტიტუციო სასამართლომ" წერტილი დაუსვა და ბოლოს და ბოლოს უნდა შეწყდეს "პრეზიდენტ" რაულ ხაჯიმბას მიმართ პრეტენზიები "კონსტიტუციის დარღვევაზე."
ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომ "კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ნებისმიერი პირის შეწყალების უფლება აქვს" და, ამდენად, ოპოზიციის სარჩელი "შეწყალების საკითხის გადახედვაზე" განხილული არ იქნება.
საუბარია 2017 წლის 25 დეკემბერს დრანდის ციხიდან გამოშვებული ყოფილი ქართველი სამხედროს, გიორგი ლუკავას, გათავისუფლების საქმეზე. მას სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 2011 წელს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ტერორიზმის, პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან" კავშირისა და მკვლელობის ბრალდებით.
ქართული მხარის რამდენიმეწლიანი მოთხოვნის შემდეგ რაულ ხაჯიმბამ 2017 წლის დეკემბერში ლუკავა შეიწყალა და ქართულ მხარეს გადმოსცა. სანაცვლოდ სოხუმს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმალული აფხაზი დამნაშავეები გადაეცა.
გიორგი ლუკავას შეწყალებამ და თბილისისთვის გადმოცემამ სოხუმში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მისი გაცვლა მოხდა პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, რაც 2008 ომის შემდეგ დაიწყო და ამ შეთანხმების მიხედვით უკვე რამდენიმე ქართველი, აფხაზი და ოსი პატიმრის გაცვლა მოხდა.
განცხადებაში ასევე ეწერა, რომ, მაგალითად, თბილისმა "სოხუმს გადასცა როლანდ ჯიბა, რომელიც საქართველოს აფარებდა თავს და ბესლან კვიცინიას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი."
განმარტების მიუხედავად, აფხაზები რაულ ხაჯიმბას კრიტიკას არ წყვეტდნენ და დე ფაქტო პრეზიდენტი "აფხაზეთის მტრის" შეწყალების გამო ლამის ქვეყნის მოღალატედაც გამოაცხადეს. ხოლო აფხაზურმა ე.წ. საპარლამენტო ოპოზიციამ "ეროვნული ასამბლეის" სახელით გასულ წელს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი დე ფაქტო პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომ რაულ ხაჯიმბამ ლუკავას შეწყალებით კონსტიტუცია დაარღვია.
რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომ შეწყალების საკითხზე "პრეზიდენტის" დადგენილების გადახედვა არ მოხდება.
ოპოზიციონერი "დეპუტატები" ჩიოდნენ, რომ "პრეზიდენტმა" შეწყალების გადაწყვეტილება ისე მიიღო, არ დაეკითხა შეწყალების კომისიას.
გარდა ამისა, დე ფაქტო დეპუტატებმა განაცხადეს, რომ, კანონის თანახმად, ლუკავას პატიმრობის ნახევარი უნდა მოეხადა და მხოლოდ ამის შემდეგ იყო შესაძლებელი მისი შეწყალება. პატიმრობის ნახევარი კი 2022 წლის 11 მაისს იწურებოდა. ამდენად, "დეპუტატების" მტკიცებით, "პრეზიდენტმა" რამდენიმე კანონი დაარღვია და პასუხი უნდა ეგო.
საჩივრის შეტანიდან ლამის ერთი წლის შემდეგ ე.წ. საკონსტიტუციო სასმართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ შეწყალების კომისიას მხოლოდ მრჩევლის უფლებამოსილება აქვს და "რესპუბლიკის პრეზიდენტი" მათი რჩევის გარეშეც უფლებამოსილია, პატიმარი შეიწყალოს. ამდენად, "პრეზიდენტის ბრძანება შეწყალებაზე შეესაბამება კონსტიტუციის ნორმებს და სახელმწიფოს მეთაური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა."