„თუ თითოეული ბიზნესმენი იტყვის თუ რა ზეწოლაზეა საუბარი, მაშინ გამოჩნდება ჩვენ რეალობაში ეს რა ზეგავლენას ახდენს. სააკაშვილის დროს გასაგებია, როგორიც იყო ეს ზეგავლენა. არ გამოვრიცხავ, მაგრამ კონკრეტულად რა ფორმა აქვს ამ ზეწოლას და რას ითხოვდნენ ბიზნესმენებისგან, ეს არის გასაგები. სარწმუნო არის თუ არა, ხაზარაძის შემთხვევაში გასაგებია, მისგან ითხოვდნენ მორჩილებას და ხელისუფლებისადმი მხარდაჭერას. რას ითხოვენ ფრესკოს წარმომადგენლისგან, ესეც გასარკვევია," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას, ფრესკოს დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის ვიდეომიმართვას.
ძაბირაძის განცხადებით, ყოველი ხელისუფლების შეცვლის შედეგად გარკვეული რყევები შეინიშნება. ფიქრობს, რომ დღევანდელი და წინა ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ დიდად არ განსხვავდება - „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტერორსა და მუქარას მიმართავდა, დღეს „ქართული ოცნება" ბიზნესის მიმართ, ფაქტობრივად, მსგავს ხერხს იყენებს.
„ზოგადად, საქართველოში, ჩვენდა სამწუხაროდ, არა დღეს ან გუშინ, ბიზნესი ველური კაპიტალიზმის პრინციპებით ვითარდება. ამიტომ, ყოველი ხელისუფლების შეცვლა რყევებს იწვევს; ქონების გადანაწილება ხდება თავიდან და ეს პროცესი დაუსრულებელი არის. ამას ემატება ისიც, რომ ამჯერად დომინანტი მსხვილი ბიზნესია, საშუალო და მცირე ბიზნესი კი მივიწყებულია.
„ახლანდელი ხელისუფლება ბიზნესს ისე არ ატერორებს, როგორც მისი წინამორბედი, თუმცა სანაცვლოდ პოლიტიკურ ლოიალობას ითხოვს და ეს არაფრით განსხვავდება იმისაგან, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. ეს რიგით მესამე ბიზნესმენია, ვინც ხმამაღლა ალაპარაკდა," - აღნიშნა ძაბირაძემ.
შეკითხვაზე, მოვლენების როგორ განვითარებასა და კულმინაციას უნდა ველოდოთ, ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ ბიზნესმენთა გარკვეული ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რომელიც დღეს პოლიტიკური თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას" დაუპირისპირდება.
„როდესაც ასე მიდის საქმე, ბიზნესმენთა გაერთიანება იქმნება, რომელიც შემდეგ პოლიტიკაში მოსვლას გადაწყვეტს. როგორც ჩანს, ქართულ რეალობაში ეს პროცესი დაიწყო. თუ ყველა არ გადაწყვეტს, ყოველ შემთხვევაში ყველას ეყოლება თავისი წარმომადგენელი.
„აქ საუბარია იმაზე, ვინ, როგორ გაიყოს ეს წილები. საქართველოს ეკონომიკა პატარა ეკონომიკაა, ამიტომ ბუნებრივია, რომ კონკურენცია დიდია. შესაბამისად, იმარჯვებს ის, ვისაც ხელისუფლების მხარდაჭერა აქვს. ეს აჩენს პროტესტს. რთული პრობლემებია, ამიტომ ეს ჟამიდან ჟამამდე წამოყოფს თავს-ხოლმე. ეს მიგვიყვანს ახალი პოლიტიკური ძალის, ან ოპოზიციის ახალ ფორმირებამდე, რომელიც პოლიტიკურად ხელისუფლებას დაუპირისპირდება," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ცნობისათვის, ბიზნესზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე კიდევ ერთი ბიზნესმენი ალაპარაკდა. კომპანია ფრესკოს დამფუძვნებელი, ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე პოლიტიკოსებს მიმართავს. ვიდოემიმართვა საკმაოდ ემოციური გახლდათ. სოფრომაძე ბიზნესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას მწვავედ აკრიტიკებს და პოლიტიკოსებს გონზე მოსვლისკენ მოუწოდებს.