(რეზონანსი) „საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებამდე გატაცებული ერთ-ერთი მოქალაქის, 30 წლის მამაკაცის დედა ადასტურებს, მისი ვაჟი წუხელ შინ არ იმყოფებოდა.
მისი თქმით, შვილი ბოლოს საღამოს ნახა, შემდეგ ის დასთან წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა.
როგორც გატაცებულის დედა აცხადებს, დღეს, 10:50 საათზე, სამართალდამცველები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მათი შვილი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.
სხვა დამატებით ინფორმაციას ოჯახის წევრები არ ფლობენ. ისინი დაკითხვის დასრულებას გლდანში მდებარე პოლიციის შენობასთან ელოდებიან.
რაც შეეხება მეორე გატაცებულს, პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა ქალიც დაიკითხა.
გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელებმა „სუბარუს" მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე, ჯერ კიდევ გუშინ ღამით გაიტაცეს.
შსს-ს მიერ გლდანში, „საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი - 143-ე სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.