ელზა პაპოშვილი
08.03.2019

 საქართველოს პრემიერ მინისტრმა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ  მისი დამფუძნებლის განცხადება და საგამოძიებო უწყებისთვის წარდგენილი მუქარის წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შს მინისტრმა გაუგზავნა, ღიმილის მომგვრელია. ამბობს, რომ საკითხზე კომენტარის გაკეთება პირველ აპრილს გაუადვილდება. 

პრემიერი გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის პერიოდზე საუბრობს და ამბობს, რომ ის წინა ხელისუფლების მიერ "გამწარებულ მეწარმეებს" ეხმარებოდა.

„დღეს არის 8 მარტი, რომ იყოს 1 აპრილი, გულწრფელად, უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილის პასუხის, განმარტების გაკეთება და შეიძლება, არ ვიცი, ისიც მეთქვა, რომ გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა, მათ შორის ის, რომ „არტარეასთან“ ერთად რომელიმე მუსიკალური არხისგან ან რაგბი TV-ისგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვდა.

გიორგი ჩვენს გუნდში შემოვიდა როგორც ბიზნესომბუდსმენი და პირადად მაქვს ჩემი თვალით ნანახი, როგორ ეხმარებოდა მართლა გამწარებულ მეწარმეებს „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომ აღედგინათ თავიანთი უფლებები და ამას აკეთებდა მართლა 24-საათიან რეჟიმში. ეს არის, როგორც ჩანს, პოლიტიკურად ორკესტრირებული - ეს სიტყვა მოდაში შემოვიდა - საქმე,“ - განაცხადა განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

მისი თქმით, ეროვნული ბანკი გამართული ინსტიტუტია და მაღალკვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული, მის წინააღმდეგ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები კი პოპულისტური ხასიათისაა; კონკრეტული პირები ცდილობენ, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ.

ის ვერც ანაკლიის პროექტთან ამ საქმის რაიმე კავშირს ხედავს. ის სასაცილოს უწოდებს საკითხის ისე წარმოჩენას, თითქოს ხელისუფლებას ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება არ უნდა. 

ანალოგიურ განცხადებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი. მანაც სიტყვა "ორკესტრირებული" იხმარა.ჟურნალისტებთან საუბრისას მან პირდაპირ დაარტყა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს და პოლიტიკურ მოტივში დასდო ბრალი.

„რასაკვირველია, არც წყაროს დიდი ძებნა არ სჭირდება, საიდან მომდინარეობს ორკესტრირებული შეტევა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, აქ „თიბისი ბანკზე" არ არის საუბარი, ეს არის ძალიან კომპეტენტური, საინტერესო ორგანიზაცია დიდი მსოფლიო ავტორიტეტით. აქ არის ლაპარაკი ცალკეულ ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც განიზრახეს და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად პროცესი წარმართეს პოლიტიკური კალაპოტით, მაშინ როდესაც არსებობს გარკვეული შეკითხვები, მნიშვნელოვანი ფინანსური საეჭვო ტრანზაქციები, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის მთავარი თემა“, - აცხადებს გია ვოლსკი. 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ  პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები იმ კრიზისის გაგრძელებაა, რომლისთვისაც ივანიშვილი დაბრუნდა. 

 „პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებას მის მიმართ ნდობა არ ჰქონდეს. ეს არის ყველაზე უფრო დამანგრეველი საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის, როდესაც საზოგადოებაში ავტორიტეტი აღარ არსებობს. არც სასამართლო, არც პროკურატურა, არც პრემიერი და არც ვინმე მთავრობიდან.  დღეს არ დარჩა ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ ეს უწყება რაიმეს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.  პროკურატურა „ნაციონალების“ დორინდელი სისტემით მოქმედებს. რვა და ათის წლის წინანდელი საქმეების ამოღებას იწყებს, როდესაც პოლიტიკური შეკვეთაა. კვირიკაშვილი სანამ ივანიშვილისთვის ქვეყნის გადამრჩენელად ითვლებოდა, როდესაც  მასზე რამე კრიტიკულს ვამბობდით, პრემიერზე  თავდასხმად გვიპრავებდნენ. ხოლო  კვირიკაშვილი როცა  თავად აღარ უნდათ,  თავიდან მოიშორეს. 

წერილს  რაც შეეხება, არასწორ აქცენტებს ვაკეთებთ, როდესაც ვსაუბრობთ  რამდენი პუნქტი წერია და სად აიკრიფა. რაც წერილში წერია ეს რამდენიმე თვის  განმავლობაში ყველას თავზე ხდებოდა, ვისთან მისვლაც ხელისუფლებას შეეძლო. „ტვ პირველის" ირგვლივ ერთი წლის წინ დაწყებული საქმე ასე ჩუმად ვეღარ დარჩება. ახალი თემაა, რომ ამ ტელევიზიის  სარედაქციო პოლიტიკაში ერევიან?  საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებისთვის მეორე მხარეს სასწორზე ყველაფერი დაიდო. ივანიშვილის ცრემლებიც კი. ახლა გამოდის პრემიერი და ომბუდსმენი და კონტექსტიდან ამოვარდნილად საუბრობენ.  თითქოს  ხელისუფლების ომბუდსმენია და არა ბიზნესის“, - აცახდებს უსუფაშვილი.   

დავით უსუფაშვილის სვამს კითხვას, თუ ფულის გათეთრებას იძიებენ, ხაზარაძე მოწმედ რატომ არის აქამდე დაკითხული? პროკურატურა, რომელიც კანონის სადარაჯოზე უნდა იდგეს, ამბობს, რომ რაღაცას ეძებს, მაშინ საზოგადოებას უნდა გააგებინოს, რას ეძებს.  მისი აზრით, წერილთან დაკავშირებულ საკითხზე გახარიაც უნდა დაკითხულიყო, მათ კი მინისტრის დაკითხვა ვერც გაბედეს. 

„ არ ჩათვალეს  საჭიროდ, რომ შესაძლო მუქარის შემომთვლელი ადამიანიც დაეკითხათ. როცა ჭეშმარიტების დადგენა კი არა,  ერთი მხარისთვის  ჩირქის მოცხება გინდა, მეორე მხარის დაკითხვაზე დაბარებასაც კი ვერ ბედავ. აქ ტაქტიკურ საკითხებში უპირატესობის მოპოვების მცდელობაა და ეს ქაოსი იმიტომ არის. ივანიშვილი პარტიაში დასალაგებად მოვიდა, ხელები დაიკაპიწა და ვერაფერიც ვერ გააკეთა. აქეთ ღარიბაშვილი მოიყვანა, რომელიც ნებაყოფილობით კი არ წავიდა, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით და მეტს აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ  წერტილს ვსვამ“, - აცახდებს უსუფაშვილი.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×