აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა „კანონიერი ქურდების" და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და დე ფაქტო პარლამენტს კანონპროექტით მიმართავს, რის მიხედვითაც ე.წ. ქურუდული სამყარის წევრობა თუ დაფინანსება სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობას უნდა ითვალისწინებდეს.
უფრო კონკრეტულად კი რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო პარლამენტს სს სამართლისა და საპროცესო კოდექსებში შესატან ცვლილებათა პროექტი წარუდგინა, რომელიც ქურდულ სამყაროსა და ორგანიზებულ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაზეა მიმართული. კანონპროექტით სს კოდექსს ახალ მუხლები ემატება დანაშაულის თანამონაწილეობის თაობაზე. კერძოდ, გავალისწინებულია სს პასუხისმგებლობის დაწესება შემდეგი ქმედებებისთვის:
პირველი - ტრანსნაციონალური ორგანიზებული ჯგუფის ან ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი თანამეგიბრობის ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა;
მეორე - ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის, ქურდული სამყაროს, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზებული დაფინანსება;
მესამე - ქურდული სამყაროს წევრობა.
ხაზგასმით აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად შეიქმნა.
ოკუპირებულ აფხაზეთში წლებია კრიმინალი - ყაჩაღობა, ძარცვა, ადამიანის გატაცება, იარაღით ვაჭრობა და საერთოდ, ნებისმიერი სახის კანონდარღვევა ჩვეულებრივი თემაა და წლიდან წლამდე, კრიმინოგენული ვითარება უარესდება. ასევე ხშირია ე.წ. ქურდული გარჩევებიც და მათ შორის ბოლო 2 წელია ყველაზე გახმაურებულია გუდაუთელი აფხაზი „კანონიერი ქურდის", რაულ ბარცბას, მეტსახელად პიზას ჯგუფის დაპირისპირება ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათ შორის გალელ მურმან ლემონჯავასთან, გია შინიასთან და გაგრელ ნიკოლოზ დგებუაძესთან, იგივე ნიკა გაგრინსკისთან. ამ თემაზე ქართულ, რუსულ და აფხაზურ მედიაში ბევრი იწერებოდა. ბარცბას პრეტენზია იყო, რომ აფხაზეთის ქურდულ სამყაროში უპირატესობა ეთნიკურ აფხაზს უნდა ჰქონდეს და არა ეთნიკურ ქართველს და როგორც ითქვა, ეს ბრძოლა საბოლოდ იმით დასრულდა, რომ აფხაზურმა დაჯგუფებამ გაიმარჯვა და რაულ ბარცბამ, იგივე პიზამ და მისი დაჯგუფებს წევრებმა - ასტამურ შამბამ (მეტსახელად ასტიკი) და ალხას ავიძბამ (მეტსახელად ხასიკი) გალის რაიონზე კონტროლი და გალის ქართველი ქურდების ე.წ. ობშიაკი გადაიბარეს.
„ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, „ქურდული სამყაროს წევრობისთვის" პატიმრობა მხოლოდ საქართველოში არსებობს, რის გამო საქართველოდან ე.წ. ქურდული სამყაროს ავტორიტეტები სხვა ქვეყნებში გარბიან და ამ კანონმა კარგად იმუშავა. მისი თქმით, მიესალმება, თუ სოხუმის რეჟიმი ამგვარ კანონს მიიღებს, „რადგან ეს იქნება ერთი ნაბიჯი მათი კანონმდებლობს ჩვენ კონსტიტუციასთან დაახლოების", თუმცა არ ელოდება იმას, რომ სოხუმის რეჟიმი ამ დანაშაულებრივ ჯგუფს რეალურ ბრძოლას გამოუცხადეს.
მისვე თქმით, იმდენად მაღალია კრიმინოგენული ვითარება აფხაზეთში, მუდმივად ამაზე წერს რუსული მედიაც კი, რომ ხაჯიმბას ამ ნაბიჯის გადადგმა წინასაარჩევნო პიარის თვალსაზრისით დასჭირდა.
„აფხაზეთში იშვიათი არ არის არც ქურდული გარჩევა და არც ქურდების მიერ ბიზნესის დაყაჩაღება. ე.წ. ქურდული სამყარო აფხაზეთში თავისუფლად გრძნობს თავს, ისევე როგორც, პრინციპში, რუსეთშიც. აფხაზეთში ქურდული სამყაროს წევრებს გარკვეული საყრდენები დე ფაქტო ხელისუფლებაშიც გააჩნიათ და ეს უზრუნველყოფს მათ თავისუფლებას აფხაზეთში. ამიტომ არ მგონია, რომ ხაჯიმბას დაანონსებული ღონისძიებები რამე ხელშესახებ შედეგს მოუტანს აფხაზეთს, თუ საერთოდ მიიღეს ეს კანონი. ხაჯიმბას ნაბიჯებს წინასაარჩევნო პიარ-კამპანიას მივაწერ. ახლა ზაფხულში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია და ხაჯიმბამ ამით ეს თემა წამოსწია, რომ სალაპარაკო ჰქონდეს. აფხაზეთის ტერიტორიაზე ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა ვერ წარმომიდგენია აფხაზური მილიციის მხრიდან. ჯერ ერთი, მათ იმდენად დაბალი ხელფასები აქვთ რომ საკუთარ თავს სარისკო მდგომარეობაში არ ჩაიგდებენ. მეორეც, სოხუმის რეჟიმის ძალიან ბევრი წარმომადგენელი არის კავშირში ამ ქურდულ სამყაროსთან და მათგან აქვთ გარკვეული პრივილეგიები, ეს კრიმინალები უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხოებას. ამიტომ, ბევრი ე.წ. დეპუტატი არ იქნება თანახმა ისინი დაისაჯოს, თუმცა ხმამაღლა, რა თქმა უნდა, ყველა იტყვის, რომ კრიმინალებს უნდა ებრძოლონ,"- აცხადებს ცქიტიშვილი.