აეროპორტების მმართველი კომპანიის "ტავ ურბანის" წინააღმდეგ, "ჯორჯიან ეარლაინსი" საპროტესტო აქციას მართავს. თურქული კომპანია ქართულ ავიაკომპანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიამიმოსვლის საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას, რისი ერთადერთი მიზანიც ავიაკომპანიის და მისი მგზავრების გაძარცვაა, - ასეთია ქართული გადამზიდავის პოზიცია. საავიაციო სფეროს წარმომადგენლები და სპეციალისტები აქციაში მონაწილეობას გეგმავენ და განცხადების პათოსს იზიარებენ.
"ტავ ურბან ჯორჯიას" მისამართით პრეტენზიები და კაბალურ ტარიფებზე საუბარი კომპანიის საქართველოში შემოსვლისთანავე დაიწყო. მაღალი მოსაკრებელი და ფასები, ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტები პროტეტსის მთავარი თემაა, თუმცა მას მასშტაბური აქციის სახე არასოდეს მიუღია. ახლა კი, ქართული კომპანია, "ჯორჯიან ეარლაინსი" გამოსვლას გეგმავს და საზოგადოებასაც ამისაკენ მოუწოდებს.
სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, სამშაბათს, 12 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია აქციის გამართვას გეგმავს და მოუწოდებს საზოგადოებას გააპროტესტონ "ტავ ურბან ჯორჯიას" მუშაობის მეთოდები.
"ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ „ტავ ურბან ჯორჯიას“ მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება. თურქულ კომპანიას წელიწადში სუფთა მოგების სახით 400 მილიონ ლარზე მეტი გააქვს საქართველოდან, სანაცვლოდ კი თბილისში, რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს, ხოლო ბათუმის აეროპორტში საერთოდ გაუსაძლისი პირობებია. „ტავ ურბან ჯორჯია“ უარს ამბობს მოსაკრებლის შემცირებაზე, ქართული ავიაცია კი სულ უფრო და უფრო ზარალდება. „ტავს“ ტაქსის ფასიც კი კაბალური აქვს. მაგალითად, თუ თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრი მოინდომებს თბილისის ცენტრამდე ტაქსით წასვლას, მოუწევს ისარგებლოს "ტავის ჯორჯიას“ ტაქსით, რაც სულ მცირე 45 ლარი დაუჯდება. (აეროპორტის ტერიტორიაზე სხვა ტაქსის დგომის/დალოდების უფლებას არ აძლევენ).
"მივმართავთ თხოვნით საზოგადოებას, ჩვენს როგორც არსებულ, ისე პოტენციურ მგზავრებს, ყველას ვინც თვლის, რომ „ტავ ურბან ჯორჯია“ არ უნდა მართავდეს საქართველოს აეროპორტებს, დაგვიდექით გვერდში და სამშაბათს, 12 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთად გავაპროტესტოთ „ტავ ურბან ჯორჯიას“ კაბალური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში“, - ნათქვამია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საავიაციო სფეროს წარმომადგენელი გიორგი კოდუა ამბობს, რომ მოსაკრებლით თბილისის აეროპორტი ,,ჰითროუს“ სტანდარტისაა, ხოლო სერვისი და ინფრასტრუქტურა ძალიან დაბალ დინეზეა. ეს ,,ტავის“ მხრიდან გააზრებულად ხდება რათა თურქეთის ჰაბი განვითარდეს და საქართველოს ავიაცია იყოს ჩიხში.
"აეროპორტების მმართველი კომპანია, ნამდვილად არ უწყობს ხელს ქართული ავიაციის განვითარებას.მათი პოლიტიკის მიხედვით უნდა განვითარდეს თურქეთის ჰაბი და ,,ტავ ჯორჯია“ ეხმარება, რომ საქართველო იყოს ჩიხი მაღალი ფასებით, რაც თავითავად შეუძლებელს ხდის, კონკურენცია გავუწიოთ სტამბოლის აეროპორტებს. მე, ვუერთდები ქართული კომპანიის ამ განწყობას რომ ბაზარი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი რაც დღეს ვერ ხერხდება. ყველას გვახსოვს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოსვლა სურდა ირლანდიურ "რაინეარს", თუმცა მაღალი მოსაკრებლის და ფასების გამო, მან ეს არ გააკეთა და უკრაინაში წავიდა, საიდანაც წარმატებულად ახორცილებს ფრენას საკმაოდ დაბალ ფასად.
წინა ხელისუფლების დროს, ეს აეროპორტი ისე გადაეცა მართვაში თურქულ კომპანიას, რომ არ მგონია, დაფიქრებულიყვნენ ბევრ რისკზე, ფაქტორსა და კონტრაქტის პირობებზე. ერთადერთი მიზანი იყო ძველის ნაცვლად ახალი, უკეთესი აეროპორტის აშენება. ახალი, ნამდვილად აშენდა და ის იქამდე არსებულს სჯობს, მაგრამ ამ ხელშეკრულებამ ბევრი შემაფერხებელი ნიუანსი დაუტოვა, საქართველოში ფრენების განვითარებას. რომ გადავხედოთ თუნდაც რა ტემპით ვითარდება ქუთაისის აეროპორტი, რამდენი საერთაშორისო ფრენა ემატება, ცალსახად დავინახავთ, რომ დედაქალაქის აეროპორტის განვითარება მას ბევრად ჩამორჩება. მიზეზი არაკონკურენტუნარიანი გარემოა“, - განაცხადა კოდუამ ,,რეზონანსთან“.
"ტავ ურბანთან" დადებული ხელშეკრულების გასაჯაროვებას და გრიფის მოხსნას ითხოვს საავიაციო სფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილი. დაანონსებული აქციის პათოსს ისიც ეთანხმება და ამბობს, რომ სხვა გზა არ დარჩა ხელისუფლების გამოსაფხიზლებლად.
"რასაკვირველია ვეთანხმები სრულად "ჯორჯიან ეარლაინსის" მიმართვას და პათოსს, რომელიც მათ საჯარო განცხადებით გამოხატეს. ეს არის, ძალიან დიდი ხნის დაგროვილი პრობლემა, რომელიც წინა ხელისუფლების უგუნური გადაწყვეტილების შედეგია და სამწუხაროდ, "ოცნების" ხელისუფლებამ, ხელშიეკრულების გაგრძელებით მხარი დაუჭირა, იმ კაბალურ პირობებს, რაც კონტრაქტშია.
ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია და მას ადევს გარკვეული გრიფი. მხოლოდ ცალკეული პუნქტები ვიცით, რომელიც სხვადასხვა დროს მთავრობის წევრების წამოსცდენიათ ან სხვა გზით გახდა ცნობილი. პირველ რიგში, უნდა გახდეს ეს კონტრაქტი საჯარო და გავიგოთ, რატომ წერია იქ, რომ მათ რეგულაციის გარეშე, აქვთ უფლება გაზარდონ პერიოდულად დაწესებული გადასახადები, ან ის რომ თბილისიდან 150 კმ-ის რადიუსზე არ გვაქვს უფლება არსებობდეს აეროპორტი, რომელიც მათ მართვაში არ იქნება.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ და რატომ დაუშვა, ქვეყნისათვსი ამ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს, ასაფრენ ბილიკსაც კი "ტავი" აკონტროლებდეს და იქ არ იდგნენ ჩვენი სამართალდამცველები? ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებს, ხელშეკრულების გაგრძელების დროს `გამორჩათ“. თუ იქ არაფერია არასწორი, რატომ არ გვაჩვენებენ საზოგადეობას და მედიას? ამაზე პერმანენტულად მიმართავს "ჯორჯიან ეარლაინსი“ 2013 წლიდან ხელისუფლებას და ბინზეს იმბუდსმენს, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომაც სხვა არავითარი გზა არარ დარჩენია ქართულ კომპანიას, გარდა იმისა, რომ ასეთი მეთოდით გამოაფხიზლოს ხელისუფლება.
საზოგადოებამ უნდა გაიგოს, ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი რომ არსებობს 24-დოლარიანი მოსაკრებელი ე.წ. ტაქსა, რომელსაც "ტავი" უწესებს ავიაკომპანიაბს ყველა მგზავრზე. გარდა ამისა, არის ტარიფები, რომლებიც დაკავშირებულია მგზავრის მომსახურების ხარჯებზე, ამისთვის მათ დამატებითი გადასახადის გადახდა უწევთ, მაგალითად: ბილეთის რეგისტრაცია, ბარგის ჩაბარება, თითმფრინავთან მიწოდება და ა.შ. და ა.შ ეს ცალკე საფასურია რასაც დამატებით იხდიან კომპანიები. მხოლოდ ამით "ტავი" ყოველწლიურად მილიონობით ლარს იღებს.
გამოდის, რომ 2027 წლამდე (და მათ კიდევ სურთ გაგრძელება) ჩვენ გადავეცით უცხოურ კომპანიას ის სტრატეგიული ობიექტი, სადაც შოულობენ კოლოსალურ თანხებს და თითქმის არ აქვთ ნაკისრი ვალდებულებები და ისიც არაჯეროვნად სრულდება. ეს დარღვევებისა და დედაქალაქის აეროპორტის არაჯეროვანი განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების მცირე ჩამონათვალია. ამიტომაც. სრულად ვიზიარებ და ვუერთდები დაანონსებულ აქციას“, - აცხადებს "რეზონანსთან" ზაუტაშვილი.