„დეტალები არ ვიცი, რატომ წავიდა ირაკლი პოლიტიკიდან. შესაძლოა ვარაუდები მქონდეს, მაგრამ ვარაუდების დონეზე საჯარო განცხადებების გაკეთება არასწორია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაბრუნდა, პირველად განცხადებებს, რასაც მოვუსმინე, მგონი თვითონაც არ იცის რატომ დაბრუნდა; უნდა ჩამოყალიბდეს და გაერკვეს რა უნდა," - აცხადებს „ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი გედევან ფოფხაძე „რეზონანსთან" საუბრისას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარბიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და დაბრუნების შესახებ კომენტირებისას.
მისი თქმით, თუკი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი დეპუტატ ვანო ზარდიაშვილსა და მისი თანამოაზრეების გვერდით დადგომაა, ეს ღარიბაშვილის მხრიდან არასწორი ნაბიჯია.
„თუ იმიტომ დაბრუნდა, რომ მიაჩნია „ქართული ოცნებას," კერძოდ ზარდიაშვილებს და მის თანამოაზრეებს გამაგრება სჭირდებათ, რადგან მათ სიმართლე აირჩიეს, არა მგონია, ეს მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი იყოს. თუ იმიტომ დაბრუნდა, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერთან იდეოლოგიური, ემოციური და მორალური კავშირი დაიკარგა და ეს კავშირი აღსადგენია, მაშინ ამას ვერ მოახერხებს, რადგან „ქართული ოცნება" მას სულ სხვა რეალობით დახვდება," - აღნიშნა მან.
ფოფხაძე აცხადებს, რომ დღეს „ქართული ოცნების" ფერთა გამა სხვანაირად გამოიყურება და მისი უწინდელი სახე აღარ არსებობს.
„ქართული ოცნება" ის აღარ არის, რაც აქამდე იყო. აბსოლუტურად, სხვა პოლიტიკური ძალაა, რომლის ამოცანასაც მიღებული გადაწყვეტილებების გამართლება წარმოადგენს. ხალხის სამსახურით რეალურად არ არიან დაკავებული, არამედ ადვოკატირებით, არასწორი გადაწყვეტილებებით. ამიტომ, ასეთ პოლიტიკურ ძალას ვერ გამოასწორებ.
„არსებითაც უნდა შეუცვალო, იდეოლოგიურად რაღაც ღირებულებებთან დააბრუნო, რომლითაც ეს ყველაფერი იწყებოდა. არასწორი გადაწყვეტილებების ადვოკატირება არა მგონია, რომ პოლიტიკური ძალისთვის სწორი საქმე იყოს და იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც ამითაა დაკავებული, საერთოდ იმის მაჩვენებელია, რომ მათი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, რომელიც პარტიაში პოლიტიკური მდივნის პოზიციას დაიკავებს. ამ თანამდებობაზე გია ვოლსკის შეცვლის. ამის შესახებ 5 მარტს „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.