"ეს წნეხი სჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესმა ოპოზიცია არ დააფინანსოს და ოპოზიციას შანსი არ დაუტოვონ"
ეკატერინე ბასილაია
08.03.2019

 „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2020 წლის არჩევნები წინ გვაქვს და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს მარტო საკუთარი ფულის ხარჯვას. ამიტომ, ბუნებრივია ბიზნესზე წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება და არ ვიცით, მათ მოთმინება სანამ ეყოფათ. თუმცა ისიც უკვე გამოჩნდა, რომ ვიღაცების მოთმინების ფიალა აივსო და უკმაყოფილო ბიზნესმენების გამოჩენას კიდევ უნდა ველოდოთ,"- აცხადებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.

„რეზონანსი":„ფრესკოს" მფლობელი ვასილ სოფრომაძე აცხადებს, რომ პოლიტიკოსები ბიზნესს ექცევიან ისე, როგორც „ქუჩის ქალს" და რომ ბიზნესი ამაზე მათ საკადრის პასუხს აუცილებლად გასცემს. ხოლო თამაზ ელიზბარაშვილმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ხელისუფლება ყოველ დღე აუპატიურებს ბიზნესს, მას აშშ-ის პასპორტი და უსაფრთხოების გარანტია რომ ჰქონდეს, ყველაფერს იტყოდა. შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ ბიზნესზე წნეხი დაიწყო?

კორნელი კაკაჩია: ბიზნესმენებზე წნეხი სისტემატური გახდა. როგორც კი ხელისუფლებაში მოსული რეჟიმი გადადის მეორე ვადაში და ცდილობს მესამე ვადითაც გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა, იწყებენ წნეხს. ეს ეხება ყველა სფეროს, პოლიტიკურს, სამართლებრივს, ბიზნესს. ასე იყო სააკაშვილის დროს, გვახსოვს რა ხდებოდა ბიზნესთან მიმართებაში, ოპოზიციასთან მიმართებაში. „ქართული ოცნების" ხელისუფლებასაც ეს პერიოდი დაუდგა, ისინი უკვე გადასულები არიან იმაზე, რომ 2020 წელს არჩევნები კიდევ მოიგონ და ამისთვის აღარაფერს არ ერიდებიან. აბსოლუტურად ხდება იმ ავტორიტარული ტენდენციების ჩამოყალიბება, რაც იყო სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლების განმავლობაში. რა ლოზუნგითაც მოვიდნენ, ფაქტობრივად ყველაფერი უგულველყოფილია. მთლიანად სისტემაში უკვე იგივე პრობლემებია, რაც იყო სააკაშვილის დროს, რაც იყო შევარდნაძის დროს. რეჟიმის გამყარებისთვის ყველაფერზე მიდიან, ბიზნესზე წნეხი სჭირდებათ იმისთვის, რომ ბიზნესმა ოპოზიცია არ დააფინანსოს და ოპოზიციას შანსი არ დაუტოვონ.

„რ": მუდმივად იყო კითხვები, ყველა ბიზნესი ყოველთვის ხელისუფლების დამფინანსებელი რატომ ხდებოდა. ბიზნესმენების პროტესტი პასუხობს ამ კითხვას?

კ.კ: თუ ხელისუფლების მხარეს არ ხარ, პრობლემები გექმნება - ეს ნათლად გამოჩნდა ახლა. „ქართული ოცნებიდან" არავინ ელოდა ბიზნესზე წნეხს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პარტიის უკან დგას ოლიგარქი, მილიარდერი და ერთი შეხედვით ბიზნესზე წნეხის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პარტიის უკან მილიარდერი დგას, გამოჩნდა, რომ ის არ აპირებს ყოველთვის საკუთარი ფულის დადებას და ცდილობს აპრობირებული სისტემის გამოყენებას, როცა სისტემა ცდილობს მეწარმეები აიძულოს წინასაარჩევნოდ ხელისუფლება დააფინანსონ. თანაც, ამ იძულებას ბოლო არ უჩანს. ეს კი ბუნებრივია აწვება ბიზნეს და უკვე ხმამაღლა პროტესტიც დაიწყეს. ამ უკმაყოფილო ბიზნესმენებს ემატება სხვა უკმაყოფილო ხალხიც, რაც საბოლოოდ დაგვირგვინდება იმით, რომ რეჟიმის ცვლილება მოხდება.

„რ": ელოდებით, რომ 4 უკმაყოფილო ბიზნესმენს სხვა 4-იც დაემატება?

კ.კ: რა თქმა უნდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2020 წლის არჩევნები წინ გვაქვს და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს მარტო საკუთარი ფულის ხარჯვას. ამიტომ, ბუნებრივია ბიზნესზე წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება და არ ვიცით მოთმინება სანამ ეყოფათ. თუმცა ისიც უკვე გამოჩნდა, რომ ვიღაცების მოთმინების ფიალა აივსო და ასეთები კიდევ გამოჩნდებიან.

ახლა ხდება პატარა თოვლის გუნდის შეკვრა. ეს დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ეს გუნდა თანდათან დიდდება. თუ ეს ტენდენციები გაგრძელდება, 2020 წელს შესაძლოა დიდი ზვავი მოაწყდეს და წალეკოს „ქართული ოცნება". საზოგადოებრივ განწყობებშიც შეინიშნება, რომ ძალიან ცოტა ჯგუფები დარჩა, ვინც „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს. ჩანს, რომ ქვეყანა ნელ-ნელა შედიამ რეჟიმში და ყველა ელოდება 2020 წელს, რომ რაღაც ცვლილება მოხდეს. ეს აშკარად შეინიშნება პოლიტიკოსების მხრიდან, ბიზნესის მხრიდან. თუმდაც ბოლო არჩევნები ამაზე მიუთითებს. ახლა შეკითხვაა ის, ვინ შეცვლის „ქართულ ოცნებას", მით უმეტეს იმ ფონზე, როცა პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი კონფრონტაციაა და არ ჩანს არც ოპოზიციის დამფინანსებელი ბიზნესიც.

„რ": ბოლო დროს ანალიტიკოსები მუდმივად იმაზე მიუთითებენ, რომ „ოცნებამ" ყველა მანკიერება გადმოიღო „ნაცმოძრაობიდან". არის რაიმე სფერო, სადაც „ოცნების" მიმართ კითხვები არ არის?

კ.კ: ერთდერთი არის ის, რომ ხისტად სადღაც შევარდნები, როგორც „იმედში" და სატელევიზიო დაჭერები არ არის. ისეთი ხისტები არ არიან, დანარჩენი აბსოლუტურად ყველა მანკიერება გადმოიღეს და ეს ლოგიკურიცაა. იმიტომ რომ, რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება იცვლება, არ იცვლება ხელისუფლების ვერტიკალში მყოფი ადამიანები, ანუ თვითონ სისტემა. ეს სისტემა ვერ შეცვალეს, ვერც სასამართლოში, ვერც სახელმწიფო აპარატში, ძალოვანი უწყებები ისევე მოქმედებენ, როგორც 15-20 წლის წინ. ამიტომ, თუ თვითონ ინსტიტუტების თვისობრივად გარდაქმნა არ მოხდება, არაფერი შეიცვლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×