„ნატოს წევრი ქვეყანა, როდესაც თავის ტერიტორიაზე ალიანსის მოწინააღმდეგის სარაკეტო სისტემას განალაგებს, ეს უკვე სახიფათოა,“
თამარ შუკვანი
09.03.2019

 აშშ-სთვის მიუღებელია თურქეთის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ თურქეთში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემის C-400-ის განთავსება მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დაიწყოს.

პენტაგონი ამის თაობაზე განცხადებას აკეთებს და თურქეთს გადაწყვეტილების შეცვლისაკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ თურქეთს სერიოზული შედეგების დადგომის შესახებ აფრთხილებს. ამასთან დაკავშირებით, პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩარლზ სამერსმა განაცხადა.

„ნატო-ს წევრი ქვეყანა, როდესაც თავის ტერიტორიაზე ნატო-ს მოწინააღმდეგო ქვეყნის სარაკეტო სისტემას ანლაგებს, თუნდაც არ იყოს დანარჩენ სისტემასთან ინტეგრირებული, უკვე სახიფათოა," - თურქეთი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, მის ტერიტორიაზე რუსული სარაკეტო სისტემის განთავსება რას ნიშნავს, რას ცვლის და აშშ-თურქეთს შორის მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი" „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტს, ბათუ ქუთელიას ესაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესი „პოლიტიკური თამაშია" და სამხედრო თვალსაზრისით, რაიმე ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, ამასთანავე აღნიშნა, რომ ამ ყველაფერმა ნატოში თურქეთის როლზე შესაძლოა ნეგატიური ასახვა ჰპოვოს, რაც პროცესს დროში უფრო მეტად გაწელავს.

„ამან დიდი შეშფოთება გამოიწვია, როგორც ნატო-ს წევრ ქვეყნებში, ასევე აშშ-ში, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ოფიციალური განცხადებები გააკეთა ამასთან დაკავშირებით, - ამ სარაკეტო სისტემის თურქეთში განლაგების შედეგად შეიძლება ამერიკამ გადახედოს და დაბლოკოს ეფ-35-ის პროექტი, რომელიც თურქეთისათვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, - თავდაცვისთვის და ზოგადად, რეგიონში თავისი პოზიციის შენარჩუნებისთვის.

„თუ მოხდება C-400-ის ინტეგრირება ნატო-ს საჰაერო კონტოლისა და ნატო-ს სტანდარტების სისტემასთან, რომელიც თურქეთს აქვს, რეალურად ეს სამხედრო კუთხით, არაფერს შეცვლის. თურქეთის მხრიდან, უფრო პოლიტიკური თამაშის ნაწილია და სავარაუდოდ, თურქეთის პოზიციაზე თვითონ ნატო-შიც ძალიან ცუდად აისახება, რაც ასევე დიდხნიანი პროცესი იქნება პოლიტიკური დისკურსის, ვიდრე რეალური სამხედრო სარგებელი, თუნდაც თურქეთისთვის," - დასძინა მან.

აშშ-ს თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ C-400-ის შესყიდვა თურქეთისთვის, ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის პატრიოტ-ის და ბომბდამშენის ეფ-35-ის მიყიდვაზე გავლენას მოახდენს.

ბათუ ქუთელიას განცხადებით, თურქეთი ამ გადაწყვეტილებით გარკვეული პრობლემების გადაჭრას და სამხედრო განვითარებას არ ცდილობს, ეს უბრალოდ „პოლიტიკური თამაშის ნაწილს" წარმოადგენს.

„თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ამას სულ სხვა მიზნებისთვის განათავსებს, -რეგიონალური პრობლემების გადასაჭრელად და ამას კავშირი არ აქვს ნატოს თავდაცვის სისტემებთან, რომელიც შენარჩუნდება აბსოლუტურად დამოუკიდებელი სისტემით. პირდაპირ ჩანს, რომ ეს უფრო პოლიტიკური თამაშის ნაწილია, ვიდრე რაღაც რეალური სამხედრო შესაძლებლობების განვითარების მცდელობა.

„არ ვთვლი, რომ ამან შესაძლოა რეალურად თურქეთისა და აშშ-ს ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაართულოს. მათ პოლიტიკურ ურთიერთობებში სხვა უფრო რთული საკითხები არსებობს და არ ვთლი, რომ თურქეთის ნატო-ში მონაწილეობის მანტიის ხარისხს საფრთხეს შეუქმნის," - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

თურქეთის რუსეთთან დაახლოება როგორ აისახება საქართველოზე? ქუთელიას განცხადებით, თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ამიტომაც, ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს საქართველოსთან მიმართებაში.

„თურქეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტიურია პარტნიორია საქართველოსთვის, - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი გახლავთ. აქედან გამომდინარე, არამგონია, რომ ამ პროცესს რაიმე საფრთხე შეექმნას.

"ასევე, არა მგონია, რომ ამან რაიმე გავლენა იქონიოს საქართველოს თანამშროლობაზე ზოგადად ნატო-სთან მიმართებაში, პირიქით.

„რუსულ-თურქული დაახლოება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არ ვთვლი, ეს პოზიტიურად აისახება შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, არამგონია დიდი ხანი გაგრძელდეს. ეს უფრო ტაქტიკური მანევრების ნაწილია, ვიდრე სტრატეგიული ცვლილება, იგივე თურქეთის საგარეო ან უსაფრთხოების პოლიტიკაში," - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×