ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, 76 წლის ჯო ბაიდენმა შესაძლოა, რომ 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს და "დემოკრატიული პარტიის" სახელით უკვე აპრილში წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ნელ-ნელა ყალიბდება ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის ყველა ელემენტი. კერძოდ, მისი უახლოესი მრჩევლები „დემოკრატიული პარტიის" გამორჩეულ პირებს თანამდებობებს სთავაზობენ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობაში.
საერთაშორისო საკითხებში პოლიტიკური ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძეს განცხადებით, ჯო ბაიდენი საკმაოდ პატივსაცემი კანდიდატია, მაგრამ ხნიერია და რამდენად შეძლებს გამარჯვებას, ჯერ ნათლად არ ჩანს.
"ხნიერია, თორემ ძალიან კარგი კანდიდატია, საკმაოდ გამოცდილი და პატივსაცემი პიროვნებაა. მისი გაპრეზიდენტების შანსები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ცუდი პოზიცია ექნება მის მოწინააღმდეგეებს და ასევე იმაზე, რესპუბლიკელები წამოაყენებენ თუ არა ძლიერ კანდიდატს.
"საარჩევნო კამპანია ჯერჯერობით არ დაწყებულა, მაგრამ მგონია, რომ ბერნი სანდერსს მოუგებს, რადგან, არა მგონია, რომ სოციალიზმი ამერიკის შეერთებულ შტატებში პოპულარული გახდეს" - განაცხადა "რეზონანსთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენს საქართველო მიმართ მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადებია. 2009 წელს, ჯერ კიდევ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის რანგში, ბაიდენი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა და განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი კვლავაც გაგრძელდება. მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის პროცესს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს.
გარდა ამისა, 2019 წლის 16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოდერატორის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ნატო-ს პარტნიორებს, როგორებიც არიან საქართველო და უკრაინა მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ, რათა რუსული გავლენების წინაშე უფრო ბრძოლისუნარიანი გახდნენ.