ეკატერინე ბასილაია
10.03.2019

  "როცა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზეა საუბარი, ალიანსის ექსპერტები ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხად განიხილავენ, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს დაცვა სამხედრო თვალსაზრისით, თუკი რუსეთთან კრიზისი შეიქმნება. კავკასიაში კი კრიზისი გამორიცხული არ არის და საქართველო ნატო-სთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს,"- საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებზე და ამ მხრივ ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე საუბრობს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.

კაკაჩია ამბობს, რომ იგივე ნატო-ს მაღალჩინოსნებისა და ნატო-ს სამხედროებისგან სმენია, რომ საქართველოს დაცვა პრობლემას წარმოადგენს და ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

„მსგავსი პრობლემა ჰქონდა ბალტიისპირეთსაც, რომელიც ასევე ძალიან ახლოს არის რუსეთთან და ესკალაციის შემთხვევაში რუსეთს მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდება ჯარების შესაყვანად, ისევე როგორც, საქართველოში.

"რუსეთი ავტორიტარული ქვეყანაა და იქ გადაწყვეტილების მიღება ძალიან სწრაფად ხდება, რეალურად, 5-6 კაცი მოილაპარაკებს და გადაწყვეტილია. დემოკრატიულ ქვეყნებს არ აქვთ ფუფუნება, სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება.

"დასავლეთში პრეზიდენტმა უნდა შეუთანხმოს კონგრესს, კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ სხვა მოკავშირეებიც არიან. ამდენი დრო რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს არ აქვთ. რუსეთის ჯარის შესვლის შემდეგ დახმარება ჭირს.

"ამიტომაც, მაგალითად ბალტიისპირეთში ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს როტაციის წესით თავისი მცირე კონტიგენტები ჰყავთ მუდმივად. რეალურად, ეს პატარა კონტიგენტი რუსებს ვერ გააჩერებს, მაგრამ რუსეთმა იცის, ის რომ ბალტიის ქვეყნებში შევიდეს, ნატოს ჯარისკაცების დახოცვა მოუწევს.

"ამიტომ, საუბარია, რომ თუ საქართველოს ნატოში მიიღებენ, საქართველოს სწრაფი დაცვის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს. ნატოს სამხედროები საუბრობენ ამაზე, რომ მნიშვნელოვანია, შეძლებენ თუ არა საქართველოს დაცვას კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში. როგორ უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება - ნატოში სცენარებს მუდმივად განიხილავენ,"- ამბობს კაკაჩია.

მისივე თქმით, საქართველოში ნატო-ს ყოველწლიური წვრთნები ტარდება და იმის გამო, რომ ფოთსა და ბათუმში დიდი გემები ვერ შედიან, რამდენიმე კვირა სჭირდება რუმინეთიდან, ბულგარეთიდან ამერიკული ტექნიკისა და იარაღის შემოტანას.

„რუსეთთან ნებისმიერ კრიზისი რომ შეიქმნას, ნატო-ს აქვს ვალდებულება დაიცვას წევრი სახელმწიფო და როცა საქართველო ალიანსის წევრი გახდება, თავს უფლებას ვერ მისცემს 2 კვირის შემდეგ შევიდეს ქვეყანაში. კავკასიაში კრიზისი გამორიცხული არ არის და საქართველო ნატო-სთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი კი იძლევა საშუალებას არა მარტო სავაჭრო გემებმა ისარგებლონ პორტით, არამედ სამხედრო გემებმაც, რაც მთლიანად ცვლის სიტუაციას,"- აღნიშნავს კაკაჩია.

"თუმცა, აქ არის ერთი ფაქტორი, როცა ანაკლიის პორტზე, როგორც სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან კომპონენტზე კეთდება განცხადებები, ეს ყველაზე მეტად აღიზიანებს რუსეთს და ყველა მსგავს დიდი განხილვებს უძღვნიან რუსულ მედიაში.

„როცა ევროპაში ამერიკის ყოფილმა სამხედრო სარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ ანაკლიის ამუშავების შემდეგ აშშ და სხვა მონაწილე ქვეყნები კიდევ უფრო დაინტერესდებიან საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რუსებმა ამას გადაცემა მიუძღვნეს. ანაკლიის პორტის სამხედრო მნიშვნელობაზე საუბარს რუსები ძალიან მტკივნეულად განიცდიან, თვლიან, რომ საქართველო მათი გავლენის სფეროა და აქ უშენებენ ანაკლიის პორტს, რომლის სამხედრო მნიშვნელობაზე ამერიკელებიც ხმამაღლა საუბრობენ.

"ანაკლია ოკუპირებული აფხაზეთის ყურის ძირშია, ფაქტობრივად ცივი ომის საზღვარია და ამერიკული დიდი სამხედრო გემების შესაძლო შემოსვლა უკვე აღიქმება, რომ შავ ზღვაში რუსეთს სამხედრო უპირატესობა დაიკარგება, დაბალანსდება და ეს რუსეთს ხელს არ აძლევს. სწორედ ამიტომ არის რუსებისგან წნეხი, დიდი ალბათობით აბაშიძე-კარასინის ფორმატის ფარგლებში,"- მიიჩნევს კაკაჩია.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას თქმით, თუ საქართველოს ექნება მესამე პორტი ანაკლიის სახით, მას ორმაგი დანიშნულება ექნება, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულება და ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს თავდაცვისუნარიანობას.

მისი განცხადებით, შავ ზღვაში სიტუაცია საკმაოდ დაძაბული ხდება ნატო-სა და რუსეთს შორის. ანაკლიის პორტის შექმნით, სულ მცირე ჩვენ მოგვიწევს, სამხედრო-საზღვაო ძალები აღვადგინოთ და ყველა სპეციალისტი ამბობს, რომ ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია.

"ამაში ჩვენ აშშ-ც და ნატოც დაგვეხმარებიან და ბოლოს და ბოლოს ნატო-სთან თავსებადობის ელემენტები გაიზრდება, იმიტომ რომ, საშუალო და მძმიმეტონაჟიანი სამხედრო გემების შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, თუნდაც იმ თვალსაზრისით, ანაკლია რუსებს რომ არ ჩაუვარდეთ ხელში მცოცავი ოკუპაციის ფორმატში.

"არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ რუსებმა მცოცავი ოკუპაცია აფხაზეთიდანაც არ დაიწყონ, ისე როგორც ეს შიდა ქართლშია. ამიტომ, ამ პორტის მშენებლობა ამ მცოცავი ოკუპაციის ელემენტებსაც შეაჩერებს და რუსებს არ მისცემს საშუალებას ჩვენი შავი ზღვისპირა აკვატორია გამოიყენონ.

"რუსეთმა ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინთხთან დაიწყო სიღრმისეული სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნა, რამდენიმე კილომეტრში კი ანაკლიაა და რუსებს დიდი ხანია ანაკლიის ხელში ჩაგდება სურთ. აქედან გამომდინარე ანაკლიაში დიდი სამხედრო გემების შემოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

"გამალებული შეიარაღებული რბოლა მიდის ასევე სანაპირო ზოლების გაკონტროლებისათვის. ამიტომაც ამერიკელებისთვისაც მნიშვნელოვანია ანაკლია. აშშ-ის ექნება ძლიერი დასაყრდენი, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ნატო-ს გემებმა მოახდინოს საქართველოში შემოსვლა.

"შეიძლება იყოს სადაზვერვო მეთვალყურეობა, იგივე შავი ზღვის ფლოტის მიმართულებით და ამერიკელების ინტერესია, არ დაუშვან რუსების თავხედური ქმედება, რომ მათ ჩაიგდონ ეს ტერიტორია და მიუერთონ თავიანთ სამხედრო ინფრასტრუქტურის სისტემას.

"თუ ნატო-ს ეგიდით სამხედრო-საზღვაო ოპერატიული დაჯგუფება შეიქმნება, რომლის ინიციატივა უკვე წამოყენებულია, რომ შავ ზღვაში მუდმივმოქმედი ესკადრა იყოს, მაშინ ანაკლიის პორტს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება და ნატოს ეგიდით მძიმეტონაჟიან სამხედრო ხომალდებსაც მიეცემათ გადაადგილების საშუალება,"- ამბობს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×