ია აბულაშვილი
11.03.2019

 "ვურჩევდი ბიძინა ივანიშვილს, გამოვიდეს და თავისი შეფასებები გააკეთოს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემდეგ, ჩვენ მისი გულახდილი საუბარი აღარ მოგვისმენია".

აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლების ბოლო შანსი შექმნილ სიტუაციაში არის რიგგარეშე არჩევნების დაიშვნა. თქვენც ასე ფიქრობთ?

პაატა ზაქარეიშვილი: სიტუაცია მარტივი არ არის. "ქართული ოცნება" არის ხელოვნურად შექმნილი პარტია და ცვლილებები, რომელსაც ახლა იწყებენ, საჭიროა. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება თავად აიღებს ინიციატივას და ქვეყანას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაიყვანს.

"ოცნებაში" არის ძალები, მაგალითად კალაძის ჯგუფი, რომელთაც შეუძლიათ პროცესების მართვა. ასევე ირაკლი ღარიბაშვილი, მე მასთან მუშაობა მომიწია და ვთლი, რომ მას აქვს პოლიტიკური ალღო.

კალაძე-ღარიბაშვილის ერთობამ შეიძლება "ოცნება" გადაარჩინოს და ამ ძალებს მიეცეს თავისუფლად მოქმედების საშუალება.

ივანიშვილი ალბათ თავადაც ხვდება, რომ მხოლოდ ერთგულებაზე პარტიის აგება არ გამოდგა და ძალიან ბევრმა არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა სწორედ ამ ერთგულებით ისარგებლა.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ შექმნილ სიტუაციაში გამოსავალი ვადამდელი არჩევნების ჩატარება იყოს.

"რ": თუმცა, ბიძინა ივანიშვილს არც "ოცნებაში" მიმდინარე მოვლენებთან და არც "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით თავის მოსაზრება არ გამოუთქვამს...

პ.ზ: როდესაც მე გახლდით მთავრობის წევრი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მიუღებელი იყო ხელისუფლება ბიზნესის საქმეებში ჩარეულიყო, ამაზე ბიძინა ივანიშვილი ყველას მკაცრად აფრთხილებდა. თუ რაიმე სიგნალი შემოვიდოდა, მყისიერად ხდებოდა რეაგირება.

დღეს რა ხდება, ვერ გეტყვით, მარჩიელობა პოლიტოლოგის საქმე არ არის, ის მხოლოდ ფაქტებს უნდა დაეყრდნოს. სამწუხაროა, დღეს მსგავს რამეებს რომ ვისმენთ ბიზნესმენებისგან.

ვერ გეტყვით გამოვა თუ არა საზოგადოების წინაშე ბიძინა ივანიშვილი და შეფასებს თუ არა მიმდინარე მოვლენებს, შეიძლება თავი შეიკავოს და არანაირი განცხადება არ გააკეთებს.

თუმცა, ვურჩევდი, რომ გამოვიდეს და თავისი შეფასებები გაგვაცნოს, რა ხდება ბიზნესთან მიმათრებაში, რა ხდება "ოცნებაში" და ა.შ. საზოგადოებას მისი გულახდიდი საუბარი, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აღარ მოუსმენია".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×