„წლების წინ ასე იყო; შინაგან საქმეთა სამინისტროს ატყობინებდი და დაცვა მოგყვებოდა - სასკოლო ექსკურსიებზე ავტობუსებს აცილებდა. ავტობუსები, ასე კერძოდ არ იყო, როგორც დღეს არის, - ტექნიკურად გამართული და შემოწმებული იყო. პოლიცია უზრუნველყოფდა ბავშვების, მშობლების და მასწავლებლების გადაადგილებას," - სასკოლო ექსკურსიებზე ახალი რეგულაციების თაობაზე, „რეზონანსს"ექსპერტმა განათლების საკითხებში, მანანა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.
„ბავშვთა კოდექსში" ცვლილებებია მოსალოდნელი; სასკოლო ექსკურსიებზე ახალი რეგულაციები დაწესდება, რომელიც 2020 წლიდან ამოქმედდება. ახალი რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგს: ექსკურსიებზე წასულ ჯგუფებს თან უნდა ახლდეს პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი. ამასთანავე, ღონისძიების გამართვის ადგილი, დრო და ხანგრძლივობა უნდა ეცნობოს პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს.
მანანა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ადრეული სისტემის მოშლის შემდეგ, რომელიც ექსკურსიებს დაცვით, კვალიფიციური მძღოლითა და გამართული მიკროავტობუსით უზრუნველყოფდა, ტრაგიკულად დაღუპული სკოლის მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა.
„თუ მიდიოდი ერთდღიან ან ორდღიან ექსკურსიაზე, დირექტორი წერდა ბრძანებას, მაგრამ დირექტორი ბრძანებას დამოუკიდებლად ვერ დაწერდა. ფაქტობრივად, ეს ყველაფერი მიდიოდა მინისტრამდეც კი. შემდეგ ნებართვების საფუძველზე, დირექტორის ბრძანება იწერებოდა და ექსკურსიაზე პასუხისმეგებელი პირი ინიშნებოდა.
„შემდეგ ეს სისტემა მოიშალა და ძალიან ბევრი ბავშვი დაიღუპა ტექნიკურად გაუმართავი მიკროავტობუსების, არაკვალიფიციური მძღოლების და სხვადასხვა გაუფრთხილებლობის გამო. ძალიან კარგი იქნება თუკი ეს წესი სრული შემადგენლობით დაბრუნდება," - აღნიშნა მან.
მშობელი მარინა კვინიკაძე ახალი რეგულიციების შემოღებას მიესალმება და აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, შიშის საფუძველიც გაიზარდა, - თუ რამდენად ღირს შვილის გაშვება ექსკურსიაზე.
„ავარიების ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა. დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ, ჩემი მეგობრის შვილი ავარიაში მოხვდა და იმ დღეს ბევრი ბავში დაიღუპა. იმ დროს არ იყო მსგავსი რეგულაციები და დღეს თუ მართლაც გატარდება, კარგი იქნება, როგორც მშობელებისთვის, ასევე სკოლებისთვისაც.
„ყველა მშობელს არ აქვს საშუალება გაჰყვეს შვილს, თან იმის საშუალებაც არ არსებობს, რომ ამდენ ბავშვს ამდენივე მშობელი გაყვეს. ისეთი პირის გაყოლა, რომელსაც შეეძლება პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ძალიან კარგია.
"ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს რაიმე პრობლემა და მასწავლებელმა ამის შესახებ არ იცოდეს. მშობელი და მასწავლებელიც დაზღვეულია, რადგან ყველა უწყება საქმის კურსშია. როგორც ობიექტი, დაკვირვების ქვეშ არის, აბსოლუტურად ყველასგან," - აღნიშნავს კვინიკაძე.
მისი თქმით, სახელმწიფო ჩართული უნდა იყოს სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, იმისათვის, რომ მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს.
„მე, როგორც მშობელი, თავისუფლად შევძლებ საკუთარ შვილს მონაწილეობა მივაღებინო ექსკურსიაში. ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ მთლიანად საფრთხის ქვეშ აღმოჩენილან ბავშვები. პედაგოგები, რომლებიც გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებენ, მათაც გარკვეული ცოდნა უნდა ჰქონდეთ ამ ექსკურსიის ორგანიზებაში.
„ექსკურსიაზე 30 ბავშვზე, 30 სიცოცხლზე ხარ პასუხისმგებელი და სახელმწიფო ყველანაირად ჩართული უნდა იყოს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება," - განაცხადა მარინა კვინიკაძე.
ახალი რეგულაციების განხორციელება როგორ მოხდება და საერთოდაც, ვინ იქნება ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?
მანანა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას შესაბამისი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველოყოფს უსაფრთხო ტრანსპორტს და განსაზღვრავს მძღოლების კვალიფიკაციის დონეს, რის შემდეგაც ვითარება დასტაბილურდება.
„სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი. მანამდე ეს ყველაფერი პრაქტიკაში ძალიან კარგად ხორცილელდებოდა. ახლა რესურსცენტრს უნდა შეატყობინოს დირექტორმა, რომელიც შეატყობინებს სამინისტროს.
„ასე არ შეიძლება; ექსკურსიები უნდა იყოს დაგეგმილი. ქაოსურად არ უნდა ტარდებოდეს. სასწავლო წლის დასაწყისში იწერება გეგმები, სადამრიგებლო პროგრამები. ეს ყველაფერი მტკიცდება სანამ სწავლა დაიწყება ერთი კვირის განმავლობაში. ამ ყველაფერთან უნდა იყოს ჩართული ექსკურსიები.
"ეს წესრიგისთვისაა საჭირო. საკანანონმდებლო ნორმატიული ბაზა უნდა იყო მოწესრიგებული და ყველაფერი ორგანიზებულად ხდებოდეს. რაც მთავარია, ტრანსპორტი აბსოლუტურად ტექნიკურად შემოწმებული და გამართული უნდა იყო.
„ამასთანავე, უნდა შეიქმნას ისეთი ფირმა, სადაც ტრანსპორტი გამართული იქნება და იქნებიან კვალიფიციური მძღოლები, რომლებიც ბავშვებს მოემსახურებიან. ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და მოწესრიგდეს.
"არ შეიძლება დანჯღრეული მიკროავტობუსებით მგზავრობა. ასევე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი და არაპროფესიონალი მძღოლებით. მშობლების რიცხვიც უნდა იყოს ლიმიტირებული, - აუცილებელია ლიმიტი განისაზღვროს. ეს ძალიან სასარგებლო და საჭირო ინიციატივაა," - მანანა ნიკოლაიშვილი.