რეზონანსი
11.03.2019

 "კახიძისნაირ ადამიანებს არ სურთ, რომ ქვეყანაში წესრიგი იყოს. რომელ კრიმინალზეა საუბარი?! ოთარ კახიძე რას არ იტყვის, მას რომ დავუჯეროთ, მაშინ, ყველაფერი უნდა შევაჩეროთ"- ასე პასუხობს შოთა ხაბარელი ოთარ კახიძის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში კრიმინალის ზრდა, ხელისუფლების მიერ კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობაში, პირდაპირ კავშირშია.

"რეზონანსთან" საუბრისას ხაბარელმა აღნიშნა, რომ კრიმინალის დონე ქვეყანაში არ გაზრდილა და რომ ამის საპირისპიროდ ჩვენება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება.

"ოთარ კახიძე, მელია, უგულავა, ის ადამიანები არიან, რომლებიც ნებისმიერი პოზიტიური მოვლენის მიმართ, პროტესტს გამოხატავენ. "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რომ ყველაფერი კატასტროფად წარმოაჩინოს და მძიმე სურათი დახატოს, რომ თითქოს, ქვეყანაში ყველაფერი არეულ-დარეულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე არაა."-აღნიშნა შოთა ხაბარელმა.

მისი თქმით, სახელმწიფოში ყველა ადამიანის უფლება თანაბრადაა დაცული და კახიძის სიტყვები, იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, აბსურდია.

შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა რაიმე ნაბიჯები ქვეყანაში არსებული კრიმინალის დონის დასაწევად, შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელშიც კრიმინალი, რაიმე ფორმით მაინც, არ ვლინდებოდეს, მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიზანმიმართული მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა, ზუსტად რა ტიპის ღონისძიებებზეა საუბარი, ხაბარელმა არ დააკონკრეტა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე "ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთარ კახიძემ, "ქართული ოცნება" კრიმინალურ სამყაროსთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და მთავრობას, სისხლის სამართლის ახლებური, უფრო მეტად მკაცრი პოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდა.

"ჩვენს ქვეყანაში, კრიმინალთან ბრძოლის წინააღმდეგ, ძალიან ბევრი კანონი მოქმედებს. სახელმწიფო ამ საკითხზე ფიქრობს და შესაბამისი ორგანოებიც, ამ თემას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ" - აღნიშნა, საპასუხოდ, ხაბარელმა.

 

მარიამ ბოლქვაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×