ექიმის რჩევები - როგორ ავიცილოთ თავიდან სერიოზული გართულებები
რეზონანსი
11.03.2019

 "როგორც ექიმს, შემიძლია, გითხრათ, რომ ორივე ინფექციის თაობაზე, პაციენტების მომართვიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, წითელას ვირუსის აფეთქება ჯერ არ დამთავრებულა, ამიტომ, თუკი ვინმე აუცრელია ან ანალიზით დასტურდება, რომ ორგანიზმში, ანტისხეულები არ აქვს, აცრა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს.

"ქვეყანაში წითელას ვირუსის საფრთხე ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად დგას, უბრალოდ, წელს, ყველა რეკორდი მოხსნა, თორემ, შემთხვევათა მნიშვნელოვანი რაოდენობა, გასულ წლებშიც იყო და ეს კვლავ გაგრძელდება.

ამიტომაც, ქვეყანაში, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დარჩეს არავინ, ვისაც აცრა ჩატარებული არ ექნება; თუ ადამიანს ზუსტად არ ახსოვს, ვაქცინირებულია თუ არა, განმეორებითი აცრა საჭიროა, ის საფრთხისშემცველი არაა."-"რეზონანსთან" საუბრისას, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა, ქვეყანაში, H1N1 ვირუსისა და წითელას ეპიდემიის საფრთხეებზე ისაუბრა.

საქართველოში, H1N1, იგივე ღორის გრიპის გავრცელებამ პიკს დეკემბრის თვეში მიაღწია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე, ვირუსით, 276 ადამიანი იყო დაავადებული და გასულ წელთან შედარებით, კლინიკებთან მიმართვიანობა ორჯერ გაიზარდა, იანვრის მონაცემებით კი, დაინფიცირების 10 შემთხვევა, ფატალურად დასრულდა.

ახალი წლის დადგომასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში, წითელას ეპიდემიამაც იფეთქა. მარტის თვის მონაცემებით, დაინფიცირების 374 შემთხვევა დადგინდა.

"რეზონანსი" ექიმ მაია ბუწაშვილს სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა და შეეცადა, გაერკვია, ქვეყანაში, ამ მხრივ რა ვითარებაა, უნდა ველოდოთ თუ არა ვირუსების კვლავ გააქტიურებას, როგორი გვერდითი მოვლენები აქვს ამ კონკრეტული ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაციებს და სხვ.

"რეზონანსი": ახასიათებს თუ არა წითელას ვირუსს სეზონურობა?

მაია ბუწაშვილი: არა, მას გრიპივით, მკაცრი სეზონურობა არ ახასიათებს და ინფექციის აღმავლობის ან პირიქით, შესუსტების პროგნოზი შეუძლებელია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, წითელას გავრცელების საფრთხე, ჩვენს ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, დღის წესრიგში მუდმივად დგას.

"რ": თქვენი ინფორმაციით, რამდენმა ადამიანმა ჩაიტარა ე.წ. ღორის გრიპისა და წითელას ვაქცინაცია?

მ. ბ.: ვაქცინაცია, განსაკუთრებით კი, წითელას საწინააღმდეგო, ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩაიტარა, თუმცა, საკმარისი მაინც არ არის, რადგანაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი აუცრელი რჩება.

გრიპის ვირუსი, ჯერჯერობით, აქტუალური აღარ არის, როგორც წესი, მარტის შუა რიცხვების შემდეგ, მას აღმავლობა არ ახასიათებს ხოლმე. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობა, წლევანდელი ვირუსული აფეთქების შემდეგ, მომავალი წლისთვის, დროულად აიცრება. ოქტომბრისა და ნოემბრის თვეები, ვაქცინაციისთვის, საუკეთესო პერიოდია.

"რ": ბევრმა ადამიანმა, აცრებისგან თავი სწორედ იმიტომ შეიკავა, რომ მათ ვაქცინაციის მიმართ, ერთგვარი შიში აქვთ; თუ შეიძლება, რომ გვითხრათ, ამ ვაქცინაციებს როგორი გვერდითი მოვლენები აქვთ და რამდენად სარისკოა ისინი?

მ. ბ.: აცრები არავითარი საფრთხის მომტანი არ არის; უბრალოდ, ადამიანებმა ეს დასკვნა იქიდან გამომდინარე გააკეთეს, რომ ზოგიერთი მათგანი, წითელათი დაავადებულთან კონტაქტში შესვლის შემდეგ აიცრა და ვაქცინა, თავის მხრივ, დაავადების პრევენციას ვეღარ ასწრებდა. ანტისხეულების გამომუშავებას, ორი კვირა მაინც სჭირდება, დაინფიცირებულთან კონტაქტის გამო, დაწყებული წითელას ვირუსის გამომწვევად კი, ისინი აცრას მიიჩნევდნენ.

ორივე, განსაკუთრებით კი, გრიპის ვაქცინა, აბსოლუტურად უსაფრთხოა. წითელას აცრა, მართალია, ცოცხალი ვაქცინაა, მაგრამ მის მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენები იმდენად უმნიშვნელოა, რომ აცრასა და წითელას ვირუსს შორის არჩევანის გაკეთებისას, არავითარი ყოყმანი არ ღირს.

"რ": როგორი გვერდითი მოვლენები ახასიათებს წითელას აცრას?

მ. ბ. : აცრიდან, პირველი კვირის განმავლობაში, თუმცა, ძალიან იშვიათად, შეიძლება, გამოვლინდეს, ძალიან სუსტად გამოხატული გამონაყარი, რომელიც ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, რომელიც ალერგიულ რეაქციაში არ უნდა აგვერიოს, უბრალოდ, ზოგჯერ, შესაძლოა, ძალიან დასუსტებულმა ვირუსმა ეს გამოიწვიოს.

"რ": თქვენი დაკვირვებით, სახელმწიფომ, ამ დაავადებებთან ბრძოლის რა გზებს მიმართა, პრევენციის მიზნით, რა ღონისძიებები გაატარა?

მ. ბ.: პირველ რიგში, სახელმწიფო, მოსახლეობასთან, აქტიური კომუნიკაციის რეჟიმზე გადავიდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, მნიშვნელოვანი შეტყობინებები ვრცელდებოდა და უფასო გახდა ვაქცინაცია, რაც სერიოზული ხელისშეწყობა იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც, გადასახადი, სოციალური ფონის გამო, ერთგვარ ბარიერს წარმოადგენდა.

თუმცა, მოსახლეობასთან საუბარს, გრიპის აცრასთან დაკავშირებით, უმჯობესია, ზაფხულიდან, შემოდგომის დასაწყისიდან თუ დავიწყებთ, რათა შემდგომ, ადამიანების რეაგირება დაგვიანებული არ იყოს და პაციენტებმა აცრების ჩატარება იანვრის თვიდან არ დაიწყონ.

"რ:" როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა თავი, ვირუსებისგან და ინფექციებისგან, მაქსიმალურად დავიცვათ?

მ. ბ. : პირველ რიგში, მოსახლეობამ უნდა გაიაზროს, რომ ვაქცინაცია არის აუცილებელი და ყოვლად უსაფრთხო. გრიპის შემთხვევაში, ვაქცინირებული ადამიანი, მინიმუმ, გართულებებისგან და ლეტალობისგანაა დაცული, თუმცა, გრიპისგან გარანტირებული დაცვა არ არსებობს. ამიტომაც, დაავადების სეზონზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს უნდა მოვერიდოთ, გრიპით დაავადებულებმა კი, სხვა ადამიანებს პატივი ვცეთ და მათთან, კონტაქტში, ნაკლებად შევიდეთ. ხშირად დავიბანოთ ხელები და შენობები გავანიავოთ.

წითელას შემთხვევაში, იმუნიტეტის არმქონე ადამიანისთვის გადაცემის შანსი, პრაქტიკულრად, თითქმის, 100 პროცენტს უახლოვდება. ამიტომ, ძირითადი რეკომენდაცია არის ვაქცინაცია.

და ბოლოს, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ნებისმიერი ინფექციური დაავადებისგან, გარკვეული დოზით, გვიცავს. ამიტომაც, ვეცადოთ, რომ სწორად ვიკვებოთ, ხშირად ვისეირნოთ სუფთა ჰაერზე და ჩვენს ყოველდღიურობაში, ფიზიკური აქტივობაც ჩავრთოთ.

მარიამ ბოლქვაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×