რეზონანსი
11.03.2019

 ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელი სოციალური ქსელის მეშვეობით ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს:

"სამსახურში მისული თანამშრომელი, რომელთანაც დავმეგობრდი მეძახის. რესტორნის უკან გავედით, ტბის პირას ჩავჯექით და მუშაობის დაწყებამდე მუსაიფი გავაბით. რემონტი ჰქონდა და რამდენიმე წუთი ჩემთვის საყვარელ თემაზე ვისაუბრეთ. ვალები დავფარე და როგორც იქნა პლუსში ვარ, აწი რემონტის ფულს დავაგროვებო, თან ჩემს შვილს რაღაცებს ვუყიდიო. ჩემი ყოფილი ქმარი კი მეხმარება, მაგრამ მე სულ ვმუშაობდი და ჩემი ფული მინდაო. მგონი გავცივდიო, დილით ჭაჭები მტკიოდა და ანტიბიოტიკები დავლიეო.

თავს მიხედე-თქო და ისევ დარბაზში დავბრუნდით. მე კომპიუტერთად დავჯექი, ის სტაფთან წავიდა.

10 წუთიც არ იყო გასული დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. ლალი იატაკზე იყო გაშოტილი. სახე გაუშავდა, სუნთქვა შეუნელდა. 

სასწრაფო მალევე გამოვიძახეთ, თუმცა არ მოვიდა. პოლიციიდან დარეკეს რა მოხდაო, თუმცა არც პოლიცია მოვიდა. 10 თუ 15 წუთი 650-კაციანი რესტორანი ფეხზე დადგა, მაგრამ სასწრაფო მაინც არსად ჩანდა.

ხელში აიყვანეს, კერძო პირის მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მალევე დარეკეს გარდაიცვალაო. იმ დღეს სასწრაფო თუნდაც ერთი საათის მერეც კი არ მოსულა.

სტაფი ტიროდა… ზოგი კულისებში, ზოგი ბართან. ისეთი ადამიანი იყო, თუ გაიცნობდი, ქვის გულის მქონეც კი ატირდებოდა. გულის შეტევის დროს მისი 10 წლის შვილი იქვე კულისებში იჯდა.

ლალი თბილისელი იყო და სეზონურად სამუშაოდ იყო ჩამოსული. ბავშვი ჩემთან მინდა მყავდესო. ნაქირავებ ბინაში ხომ არ ჩავკეტავო და სამსახურში მოჰყავდა ხოლმე. ერთ-ერთმა მიმტანმა იყოჩაღა და სასწრაფოდ ბავშვი სასეირნოდ ბულვარში წაიყვანა. ასე ატარეს ბავშვი მანამ სანამ არ მოვიფიქრეთ, როგორც აგვეცილებინა ეს ტრავმა. აბა, როგორი სათქმელია 10 წლის შვილისთვის, დედაშენი 5 წუთის წინ შუბლზე რომ გაკოცა უკვე მკვდარიაო. მოგვიანებით საათი მომიტანეს. ლალის საათი, რომელიც ეკეთა. დაცემისას გატეხილიყო, თუმცა მუშაობდა.

მოგვიანებით, რომ ვნახე საათი აღარ მუშაობდა. გაჩერდა… გაჩერდა როგორც ლალის ცხოვრება 41 წლის ასაკში".

(დიანიუსი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×